Accessibility links

logo-print

პარლამენტი ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზს დაადგენს


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

20 ოქტომბერს გამართულ სესიაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სიკვდილის მიზეზის დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ინიციატივის ავტორის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას, მტკიცებით, კომისია ისტორიული სამართლიანობისა და ობიექტურობის დადგენის მიზნით შეიქმნა.

არ მგონია, რომ ვინმე თავს გადადებს და საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის. ამას აკეთებენ მოვალეობის მოხდის მიზნით და პოპულისტური მოსაზრებებით
78 მომხრე, 1 მოწინააღმდეგე - ამ თანაფარდობით, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სიკვდილის გარემოებათა დამდგენი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბუნებრივია, მომხრეთა შორის იყო ინიციატივის ავტორი ჯონდი ბაღათურია, რომელმაც 20 ოქტომბრის სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო პეტიციით მიმართა და თქვა, რომ სპეციალური კომისია ისტორიული სამართლიანობისა და ობიექტურობის დადგენის მიზნით უნდა შეიქმნას.

ვიდრე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი სხდომის დღის წესრიგში შევიდოდა, მას კენჭი ბიუროს სხდომაზე უყარეს. ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს უახლოესი წარსულის საფუძვლიანი გამოკვლევა.

ცხადია, კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე დადებითად ვერ გადაწყდებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივას უმრავლესობის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. ეკა ხერხეულიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომისიის შექმნის წინააღმდეგია.

„არ მგონია, რომ ვინმე თავს გადადებს და საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის. ამას აკეთებენ მოვალეობის მოხდის მიზნით და პოპულისტური მოსაზრებებით“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

კომისიის შექმნას ეჭვით უყურებენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. გამოითქვა ვარაუდი, რომ კომისიის შექმნის ინიციატივა არა ჯონდი ბაღათურიას, არამედ პარტია „თავისუფლების“ ლიდერს ეკუთვნის და რომ კონსტანტინე გამსახურდია მხოლოდ კომისიის შექმნის შემთხვევაში დათანხმდება დეპუტატის მანდატის აღდგენაზე, თუმცა პარტია „თავისუფლების“ გენერალური მდივანი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ერთი საკითხი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი, ვერ განსაზღვრავს პარტიისა და მისი ლიდერის სამომავლო გეგმებს.

სამწუხაროდ, შეინიშნება ტენდენცია, რომ ტაბუ აქვს დადებული თავად ზვიად გამსახურდიას კრიტიკას და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ხელს უწყობს ხელისუფლებაც
უნდა ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებათა დადგენის მცდელობა ადრეც არაერთხელ ყოფილა. სხდომის მსვლელობისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გაიხსენა, რომ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში დეპუტატ ვახტანგ ბოჭორიშვილის ინიციატივით შექმნილმა კომისიამ 1992-93 წლის მოვლენებს პოლიტიკური შეფასება მისცა და მას უწოდა სამხედრო გადატრიალება და დანაშაული სახელმწიფოს წინაშე.

თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი - პოლიტიკურად მოტივირებული - დასკვნა არაფრის მომცემი იქნება. კომისიის შექმნის იდეას იწონებს პუბლიცისტი ლაშა ბაქრაძე, მაგრამ ერთი დათქმით:

„სამწუხაროდ, შეინიშნება ტენდენცია, რომ ტაბუ აქვს დადებული თავად ზვიად გამსახურდიას კრიტიკას და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ხელს უწყობს ხელისუფლებაც. მე ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენ გვინდა ობიექტური სურათის შექმნა, არანაირი ტაბუ არ უნდა არსებობდეს არც ზვიად გამსახურდიას მიმართებაში და არც იმ ადამიანთა მიმართებაში, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ებრძოდნენ“, - უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG