Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 ოქტომბერი 2009


მიმოხილვას ვიწყებთ „24 საათით“, რომელიც აქვეყნებს იულია ლატინინას სტატიას, სათაურით „ფაქტების დამმალავი კომისიები“. - გაზეთი ამ ფრაზას ინგლისურად წერს. ავტორი ადარებს ერთმანეთს ფაქტების დამდგენი ორი საერთაშორისო კომისიის დასკვნას - გოლდსტონის კომისიისას, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში ჩატარებულ ოპერაციას იკვლევდა, და ტალიავინის კომისიისას. „დასავლელი უფლებადამცველები ისტორიულა მემარცხენეების - ანუ, როგორც მათ ლენინი უწოდებდა, „სასარგებლო იდიოტების“ - შთამომავლები არიან, - წერს ავტორი და განაგრძობს: „მათ უყვართ ნებისმიერი ბურჟუაზიული სახელმწიფოს კრიტიკა, მისი დათრგუნვის აპარატის გამო, და მიესალმებიან ყველას, ვინც ამ სახელმწიფოს უპირისპირდება.“ ლატინინა დაასკვნის: „ამის შედეგად, პარადოქსული სიტუაცია იქმნება: ის რეჟიმები, რომლებიც იტყუებიან, ქურდობენ და მეზობელი ტერიტორიის მცხოვრებლებს მხოლოდ იმისთვის ხოცავენ, რომ საკუთარი მოსახლეობა სიღატაკესა და მორჩილებაში იყოლიონ, საერთაშორისო იუსტიციას არ ექვემდებარებიან, მსჯავრდებულები კი ის სახელმწიფოები ხდებიან, რომლებიც მათ საპასუხო დარტყმებს აყენებენო“, - წერს „24 საათი“.

„რეზონანსი“ ყურადღებას ამახვილებს სამხედრო რეზერვის ახალ სისტემაზე, რომელიც 2010 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ეს სისტემა ჩანაფიქრში, რაოდენობის ნაცვლად, ხარისხსა და ეფექტიანობაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა ექსპერტები პროექტს ნაჩქარევს უწოდებენ და აკრიტიკებენო. სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა გაზეთს უთხრა: „ჩვენ ვიწყებთ უსაფრთხოების სისტემის გარკვეული მცირე კომპონენტების რეფორმას, მაშინ როდესაც თავად სისტემა არის გაუმართავიო.“

„ალია“ ლევან გაჩეჩილაძის ზუგდიდში სტუმრობაზე წერს. სტატიის სათაურია „როგორ შეხვდნენ ზუგდიდელები გრეჩიხას“. „ალია“ წერს, ზუგდიდის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრას მოსალოდნელზე მეტი, 200-მდე ადამიანი ეწსრებოდაო. არ ვიცი, ვინ გამოიყვანა ეს ხალხი, მიქაიას თუ გაჩეჩილაძის ფაქტორმა, მაგრამ ფაქტია, ამდენი ხალხი შეხვედრაზე სამეგრელოს კარგა ხანია არ ახსოვსო. დეტალებს „ალიაში“ გაეცნობით.

„ახალი თაობა“ კი გვაფრთხილებს, პატრიარქის გინებამ შეიძლება რევოლუცია გამოიწვიოსო. „მთელმა თბილისმა ნახა გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი კლიპების დამზადებისა და გავრცელების შესახებ“, - წერს გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტი გიორგი უძილაური. „ქართველები არ მალავენ უკმაყოფილებას, თუმცა არც აქტიურ პროტესტს გეგმავენ. ამას მარტივად შიში ჰქვია. სუფრასთან და უბანში ბრგე ვაჟკაცები კურდღლებად იქცევიან ხოლმე, როდესაც საქმე აქტიურ მოქმედებებამდე მიდის“ ,- წერს ავტორი და განაგრძობს: „ვერც ხვდებიან, რომ საფრთხე ელის არა პატრიარქ ილია შიოლაშვილს, არამედ, საერთოდ, პატრიარქს, საერთოდ - ქართულ ეკლესიას.“ სტატიას „ახალ თაობაში“ ნახავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG