Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ვერშბოუმ თბილისში ვიზიტი დაასრულა


ალექსანდრ ვერშბოუ, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე
ალექსანდრ ვერშბოუ, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე
თბილისიდან გამგზავრებამდე ალექსანდრ ევრშბოუ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, თავდაცვის მინისტრს და ექსპერტებს შეხვდა. დღესვე საქართველოსა და აშშ-ის სამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლებმა უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომაზე გამოსვლისას ალექსანდრ ვერშბოუმ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებას მხარს მტკიცედ უჭერს.

ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვაშინგტონისთვის პრინციპული საკითხია. თავდაცვის მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველო სჭირდება როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული პარტნიორი, რომელსაც თავდაცვის შესაძლებლობა ექნება. ალექსანდრ ვერშბოუმ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავებას მნიშვნელოვანი უწოდა და დასძინა, რომ ამ პროცესის ხელშესაწყობად აშშ სპეციალური გეგმის შემუშავებას აპირებს.

თბილისში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთი საშუალებაა. ვერშბოუს თქმით, აშშ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელიც რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის კუთხით კონტრპროდუქტიული იქნება. თავდაცვის მდივნის მოადგილის განმარტებით, სამხედრო დოქტრინა, რომლის შემუშავებაშიც აშშ საქართველოს ეხმარება, წვრთნის და განათლების საკითხებს მოიცავს. ალექსანდრ ვერშბოუმ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

გიგია ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია. ამასთან, ბოკერიამ დასძინა, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას უფლება აქვს თავდაცვის ეფექტური სისტემა ჰქონდეს. ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე საუბრისას გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ თემებს შორის გუანტანამოს ბაზიდან საქართველოში ტყვეთა ჩამოყვანის თემა არ ყოფილა.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების განლაგების თაობაზე აშშ კონსულტაციებს არ აწარმოებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან - განაცხადა თბილისში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ. მან ისიც აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში რაიმე ბაზის დაფუძნების თემას არ განიხილავს.
XS
SM
MD
LG