Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
20 ოქტომბრის მოლაპარაკებას აფხაზური მხრიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია და გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია დაესწრნენ, ოფიციალურ მოსკოვს კი ფსბ–ს სასაზღვრო ჯარების მეთაური იური ზვირიკი წარმოადგენდა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეშვიდე შეხვედრა გალში 5 საათ-ნახევარს გაგრძელდა. გაეროს გალის ოფისში მოლაპარაკებას ქართული, აფხაზური, რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან არსებულ ქართული პოლიციის საგუშაგოსთან განუცხადა, რომ კონკრეტული შეთანხმება ამჯერადაც ვერ იქნა მიღწეული: „შეხვედრაზე საუბარი იყო ადმინისტრაციული საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთაზე, ასევე იმ კრიმინოგენულ ვითარებაზე, რომელიც გალის რაიონშია. საუბარი შეეხო გალის სკოლებსაც - რაც ახლა იქ ხდება, ასე არასოდეს ყოფილა“, - თუმცა უტიაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა სკოლებზე საუბრისას.

ვიდრე გალში შეხვედრა მიმდინარეობდა, რადიო თავისუფლება ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ახერხებენ. უკანონო საგუშაგოზე ამჟამად აფხაზები დგანან, რომლებიც საზღვრის გადაკვეთისთვის 100 რუსულ რუბლს გვახდევინებენ, რის შემდეგაცზუგდიდში გადმოვდივართო. „როცა ფული არ გვაქვს, მდინარეზე გადავდივართ და წვალება გვიწევს. ზოგჯერ ისეთები დგანან, ფული რომ არ გქონდეს, გაგიშვებენ, მაგრამ ეს იშვიათია“, - გვიხსნიან გალელები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ორ კვირაში კვლავ გალში გაიმართება.
XS
SM
MD
LG