Accessibility links

ამერიკა არ გეგმავს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას


ალექსანდრ ვერშბოუ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრ ვერშბოუ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და მოდერნიზაციას გრძელვადიანი მუშაობა და სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, აშშ კი მზად არის საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ამ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე ამერიკა კვლავ განაგრძობს საქართველოს დახმარებას თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად - ეს განცხადება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გააკეთა 20 ოქტომბერს თბილისში. მისივე თქმით, ამერიკა არ გეგმავს ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების იმ ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებას, რომელიც ნატოს წევრი არ არის.

ალექსანდრ ვერშბოუმ პრესისასთვის სპეციალური განცხადებები 20 ოქტომბერს, მთავრობის კანცელარიაში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გააკეთა. ეს ჯგუფი საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მოქმედებს. 20 ოქტომბრის შეხვედრა კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას შეფასებით, სამუშაო თვალსაზრისით, კარგი გაგებით, ყველაზე რუტინული იყო:

გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
”ყველა, ვინც იცნობს საქართველო-ამერიკას შორის დადებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, იცის, რომ კერძოდ ამ ჯგუფის ამოცანა არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და ნატოს სტანდარტებთან მიახლოება. ის დახმარება, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს, სამხედრო განათლების, სამხედრო დოქტრინის ჩამოყალიბების საკითხებში, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ჩვენ გვაქვს იმედი და საფუძველი, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდება.”

ვერშბოუმ თავისი ორდღიანი ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი საქართველოს მთავრობის მიმართ მადლობით დაიწყო და თქვა, რომ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში გრძელდება:

”ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკმაო გამოცდილება. ეს თანამშრომლობა არის ერთ-ერთი გზა, რითიც ხელს შევუწყობთ საქართველოს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შევძლებთ შევინარჩუნოთ სტაბილურობა რეგიონში. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჩვენ გვქონდა საშუალება განგვეხილა რეფორმების მიმდინარეობა საქართველოს თავდაცვის სფეროში, ნატოს მიერ საქართველოსათვის მიცემული ყოველწლიური გეგმის შესრულების დეტალები და ასევე საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობა ნატოს ოპერაციაში ავღანეთში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს.”

ვერშბოუს თქმით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარებაში იგულისხმება სამხედრო განათლებაზე ზრუნვა, წვრთნების პროცესის გაგრძელება და სამხედრო დოქტრინაზე მუშაობა:

„ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე მის სწრაფვას ნატოსკენ. ამჟამად ჩვენი ყურადღების სფეროშია დოქტრინაზე მუშაობა, სამხედრო განათლების დონის ამაღლება, წვრთნები... ეს გრძელვადიანი პროცესია, რაშიც ამერიკა იქნება ჩართული. უახლოეს წლებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ არ გადავდგამთ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს საწინააღმდეგოდ ჩვენი საერთო ინტერესებისა, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას გულისხმობს.”

ვერშბოუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ მოსკოვში ვიზიტის დროს წარმოთქმული სიტყვები, რომელიც ეხებოდა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი. შეგახსენებთ, კლინტონმა “ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს სამხედრო ძალების მხარდაჭერას და წვრთნას. "ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ხალხს, რათა იგრძნოს, რომ თავის დაცვა შეუძლიაო”, - უთხრა რუს ჟურნალისტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეხვედრა ექსპერტებთან
ცხადია, მედია დაინტერესდა ვერშბოუს პასუხით კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველო მოხვდეს იმ ქვეყნებს შორის, სადაც ანტისარაკეტო სისტემები განლაგდება. ვერშბოუმ განაცხადა, რომ მსგავსი გეგმა ნატოს არაწევრი ქვეყნების მიმართ არ არსებობს:

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ნატოსთან პრეზიდენტ ობამას ანტისარაკეტო-თავდაცვითი სისტემების გეგმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს გეგმა უფრო ეფექტურად გაუმკლავდება არსებულ თუ მოსალოდნელ საფრთხეებს; ის ასევე იქნება ეფექტური ნატოს წევრი ქვეყნების უკეთესად დასაცავად. თუმცა ჯერჯერობით ჩვენ არ დაგვიწყია ინდივიდუალურად მოლაპარაკებები ნატოს წევრ ქვეყნებთან იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი როლი ამ პროცესში. გამონაკლისია მხოლოდ პოლონეთი და ჩეხეთი და მათთან კონსულტაციები გრძელდება. მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, და არ გვაქვს განზახული განვათავსოთ ასეთი ქვეყნების ტერიტორიაზე ანტისარაკეტო სისტემების რაიმე ელემენტი. ჩვენ დავიწყეთ წინასწარი მოლაპარაკებები რუსეთთან იმის თაობაზე,თუ როგორი შეიძლება იყოს მისი მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია.”

ალექსანდრ ვერშბოუმ ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებით ცალკეული საკითხების შეუსრულებლობის გამო. მან იქვე აღნიშნა, რომ მიდის მუშაობა იმისათვის, რომ მოიძებნოს საერთაშორისო სამშვიდობო მისია, რომელიც კონფლიქტის ზონაში შეასრულებდა იმავე ამოცანას, რომელიც დღეს ევროკავშირის მონიტორებს აკისრიათ. საქართველოს მთავრობას აქვს პრეტენზია, რომ დადებულ ხელშეკრულებას ქართული მხარე პირველივე დღიდან იცავს.

ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ორდღიანი ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს და ექსპერტებს შეხვდა. დემოკრატიის განვითარების პრობლემებზე საკუთარი აზრი ვერშბოუმ სხვა ექსპერტებთან ერთად გია ნოდიასგანაც მოისმინა. ”ვილაპარაკეთ უსაფრთხოების თემებზე, ერთი მხრივ, და ასევე საშინაო სტაბილურობის საკითხებზე, დემოკრატიის განვითარების პრობლემებზე. ეს იყო არაფორმალური საუბარი ყველა ამ თემაზე“, - თქვა ნოდიამ.

ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მედიისათვის დახურული გახლდათ, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან გამართა, რის შემდეგაც ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველო დატოვა.
XS
SM
MD
LG