Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალკოჰოლი ხანდაზმულ ასაკში


ცნობილია, რომ ალკოჰლის ზომიერად მოხმარება გულ-სისხძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. მაგრამ, როგორც იტალიაში ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, არ არის ცხადი, უწყობს თუ არა ალკოჰოლი ხელს ხანდაზმული ადამიანების კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. სტატისტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ წლების მანძილზე ალკოჰოლის ზომიერად მოხმარებასა და კარგ ფიზიკურ ფორმას შორის კავშირი არსებობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამას დამატებითი ფაქტორები განაპირობებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მცირე რაოდენობით ალკოჰოლს, საერთოდ ცხოვრების უფრო ჯანსაღი წესი ახასიათებთ. ასე რომ, ნაჩქარევია იმის თქმა, რომ ალკოჰოლი ზოგადად ხელს უწყობს ჯანმრთელობას, ვკითხულობთ Journal of the American Geriatics Society-ში.

"ჩვენი გამოკვლევა არ ადასტურებს, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ალკოჰოლის მოხმარებასა და კარგ ფიზიკურ ფორმას შორის", ამბობენ ჩინცია მარალდი და მისი კოლეგები ფერარას უნივერსიტეტიდან. მათ გამოკვლევაში მონაწილეობდა 70-დან 79 წლამდე ასაკის 3000-მდე ადამიანი, რომლებიც ინფორმაციას იძლეოდნენ ალკოჰოლის მოხმარებისა და ცხოვრების წესის შესახებ.

ექვსი წლის განმავლობაში მათ წელიწადში ორჯერ უტარებდნენ გამოკითხვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იმათ შემთხვევაში, ვინც ზომიერი რაოდენობის ალკოჰოლს სვამდა, 32 პროცენტით ნაკლები აღმოჩნდა ფიზიკური ფორმის დაქვეითების რისკი - იმათთან შედარებით, ვინც ან საერთოდ არ ანდა მცირე დოზით სვამდა ალკოჰოლს. მაგრამ როცა ცხოვრების წესთან დაკავშირებული სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, აღმოჩნდა, რომ ეს რისკი მხოლოდ 17 პროცენტით ნაკლები იყო ალკოჰოლის ზომიერად მომხმარებელთა შემთხვევაში.

ალკოჰოლის მიჩვევის და ჯანმრთელობის შესაძლო გაუარესების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები ხანდაზმულებს ურჩევენ, მაინც თავი შეკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან. მარალდის თქმით, უდაოდ უფრო ეფექტიანია, ხანდაზმულმა ადამიანმა თვალყური ადევნოს სხეულის წონას და ფიზიკურად აქტიური იყოს, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს კარგი ფორმა.
XS
SM
MD
LG