Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანში მომხდარი აფეთქების შედეგად, 13 წლის მოზარდი დაზიანდა


ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ძებნის პროცესი
ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ძებნის პროცესი
შიდა ქართლში გაუნაღმავი ტერიტორიები ადამიანების ჯანმრთელობას კვლავ საფრთხეს უქმნის. სოფელ დვანის მოზარდები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. იქვე, ბუჩქებთან, 13 წლის ალექსანდრე მახაჭაშვილმა უცნობი ნივთი იპოვა და სახლში წამოიღო. ცოტა ხანში მას ეს ნივთი ხელში აუფეთქდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხელყუმბარის დეტონატორი იყო. დაზარალებული გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მას, აფეთქების შედეგად, ზედა და ქვედა კიდური, ასევე შინაგანი ორგანოები დაუზიანდა. ალექსანდრე მახაჭაშვილის დედის - ლია მახაჭაშვილის - თქმით, გორის ჰოსპიტლის ექიმები ახლა იმისთვის იბრძვიან, რომ მოზარდს მარჯვენა ხელზე თითი შეუნარჩუნდეს.

დვანელები აცხადებენ, რომ სოფლის მიმდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე აგვისტოს ომამდე ჯერ ქართული საჯარისო ნაწილები იდგნენ, ომის დროს კი იქ ოსური და რუსული შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები შევიდნენ და სოფლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, ხოლო მოგვიანებით ცოტა მოშორებით საგუშაგო მოაწყვეს. ტერიტორია კი, სადაც მოზარდმა ხელყუმბარის დეტონატორი იპოვა, განაღმული არ ყოფილა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ომის შემდეგ სოფელ დვანის ტერიტორიის განაღმვა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰალოო ტრასტის“ ძალებით მოხდა, მაგრამ, მისი ვარაუდით, საბრძოლო ნარჩენებისგან გაწმენდა ბოლომდე ვერ მოხერხდა.

საერთაშორისო გამნაღმველი ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კონფლიქტის ზონის სოფლებში ომის დასრულებისთანავე აუფეთქებელი ჭურვებისა და საბრძოლო მასალების შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ლიტერატურა დარიგდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. შიდა ქართლში - განსაკუთრებით მოსაზღვრე ზოლში - მოქცეული სოფლების მიმდებარე უკონტროლო ტერიტორიები კვლავ გაუნაღმავი რჩება, რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის.
XS
SM
MD
LG