Accessibility links

logo-print

სამგზავრო მატარებელი აფეთქებას გადაურჩა


რკინიგზის დაზიანებული მონაკვეთი

რკინიგზის დაზიანებული მონაკვეთი

წუხელ სენაკი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად, რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა. თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი აფეთქებას გადაურჩა. დაზიანდა მაგისტრალთან მდებარე რამდენიმე სახლი. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები აცხადებენ, ზარალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თქმით, სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა დღის ბოლოსათვის აღდგება.

დაახლოებით პირველ საათზე სენაკში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სარკინიგზო მაგისტრალის თეკლათის მონაკვეთზე, წინასწარი ინფორმაციით, ტროტილის, ჰექსოგენისა და პლასტიდისაგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებას გადაურჩა თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებელი, რომელმაც დანაღმულ ლიანდაგზე აფეთქებამდე 40 წუთით ადრე ჩაიარა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისათვის დაწყებულია გამოძიება.

ხათუნა ჯანაშია აფეთქების ერთ-ერთი თვითმხილველია: ”მატარებლის ხმას განათება და ძლიერი აფეთქების ხმა მოჰყვა. აფეთქების ხმამ სახლის მინები ჩაამსხვრია. ძალიან შეგვეშინდა.”

აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელსაც მაზუთი გადაჰქონდა. რადიო თავისუფლება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა კილასონიას ესაუბრა:

”16 ვაგონი გადავარდა რელსებიდან. აფეთქებების არეალი გაიზარდა. სენაკში ეს პირველი შემთხვევა იყო. დარწმუნებული ვარ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან ამ შემთხვევას და ზომებს მიიღებენ”, - აღნიშნა კილასონიამ.

სენაკი-ფოთის სარკინიგზო მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ლიანდაგის 150 მეტრიანი მონაკვეთი დაზიანდა. მაგისტრალის აფეთქების გამო გადაკეტილი იყო როგორც რკინიგზა, ისე საავტომობილო გზა.

შემთხვევის ადგილზე წუხელვე მივიდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია და შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. მათი განცხადებით, ზარალი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

როგორც პრეზიდენტის რწუმენებულმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, გაწმენდითი სამუშაოები წუხელვე დაიწყო. დაზიანდა მაგისტრალთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი. დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

აფეთქების მიუხედავად, ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრთა გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნება და მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება, აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას თქმით, ასეთი შემთხვევებისაგან დაცული არავინ არის, თუმცა სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

გარემოს დაცვის ინსპექციის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს სამსახური ინციდენტის ადგილას დილიდან მუშაობდა. სამსახურის უფროსის გიორგი ხუბულავას განცხადებით, დგინდება, თუ რა ზიანი მიადგა, მაზუთის დაღვრის შედეგად, ტერიტორიას. მისი თქმით, ამ ეტაპისათვის მხოლოდ და მხოლოდ ის ირკვევა, რომ, აფეთქების შედეგად, საკმაოდ დიდი რაოდენობის მაზუთია დაღვრილი.

რადიო თავისუფლება დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია მიეღო. სამეგრელო-ზემო სვანეთში სამხარეო პოლიციის უფროსის თენგიზ გუნავას რჩევით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს მივმართეთ, მაგრამ კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.
XS
SM
MD
LG