Accessibility links

ვის აძლევს ხელს საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაცია


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მკაცრი შეფასება მისცა როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე ოპიზიციამ. თუმცა, მაშინ როცა ხელისუფლების მიდგომა აბსტრაქტულია, ოპოზიცია მოითხოვს, პასუხი აგოს ცილისწამების გამავრცელებელმა - მათ მხედველობაში მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი” და მისი წევრი თეა თუთბერიძე ჰყავთ.

საზოგადოებრივი აზრი კი საქართველოში გასული კვირის ბოლოს სტუდია “ჯიენესმა” და ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ააზვირთეს. კვირის რეპორტაჟში ნაჩვენებ სიუჟეტში გადაიცა რამდენიმე ნაწყვეტი ანონიმურად დამზადებული ვიდეორგოლებიდან, რომელზეც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უხამსი სიტყვებით იხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს.

ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება საზოგადოების გახლეჩას, ხოლო მისი ავტორები ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლი პოპულარულ ვებსაიტ იუ-თუ-ბიზე გამოქვეყნდა და შემდეგ ფეისბუკზე თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ დადო, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ, საქართველოს ეკლესიის სახით, რუსეთს ძლიერი დასაყრდენი ჰყავს საქართველოში.

“ჩემი აზრით, როდესაც სხეულის რომელიმე ორგანოზე არის სიმსივნე, იგი უნდა ამოიკვეთოს და არა ტკივილგამაყუჩებლები უნდა გაკეთდეს და ამ ტკივილგამოყუჩებლებით უნდა ვეცადოთ ამ პრობლემის მიჩუმებას”, - განუცხადა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ. “ეს გამაყუჩებლები არის 25 მილიონის გადარიცხვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ანგარიშზე, ასევე “ჯიპების”, ძვირადღირებული “პიკაპების” გადაცემით და ჩუქებით... რუსეთს ჰყავს დასაყრდენი ძალიან ბევრგან და, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეს დასაყრდენი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდეგ უკვე პატრიარქის განცხადებებზე,” – განუცხადა თუთბერიძემ დამოუკიდებელ ტელეკომპანია “მაესტროს".

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე გამოთქმულმა ასეთმა შეფასებებმა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა გააღიზიანა როგორ ოპოზიციური პარტიების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც დაგმეს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობა.

”ეს არაეთიკური გამოხდომები, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება საზოგადოების გახლეჩას, ხოლო მისი ავტორები ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას
დღის ბოლოს კი საკუთარი პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა, სპეციალურად გაკეთებული განცხადების სახით,

და პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას მტრული ძალების მიერ ორგანიზებული უწოდა.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული არაეთიკური განცხადებები და ვიდეორგოლები ინტერნეტ-საიტებზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ილია მეორემ საკმაოდ აშკარად გააკრიტიკა ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვებული შეცდომების გამო.

“ეს არ უნდა მომხდარიყო და ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმისი საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ პრობლემებისათვის. გემი როცა ზღვაში მიდის, უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა, კაპიტანმა, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით მას“, - განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 13 ოქტომბერს, პედაგოგთა დამოუკიდებელი პორფკავშირების წევრებთან საპატრიარქოს რეზიდენციაში შეხვედრის დროს.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღვაწლმოსილი და დამსახურებული მოღვაწეა და იგი საზოგადოების - მათ შორის, პრეზიდენტის - მხრიდან დიდი მხარდაჭერითა და პატივისცემით სარგებლობს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG