Accessibility links

logo-print

მესტიის სოფლებში ხუთი დღეა ხანძარი მძვინვარებს


ხანძარი ტყეში

ხანძარი ტყეში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ლატალისა და ბეჩოს ტყეებში კვლავ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. მთის სიმაღლეზე გაჩენილმა ცეცხლმა წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები მთლიანად გაანადგურა. ამჟამად ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრში მძვინვარებს, თუმცა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი იტყობინება, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებში არ გავრცელდეს. ხანძრის ლიკვიდირებაში, სხვა ძალებთან ერთად, ადგილობრვი მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული, ამბობს გოჩა ჭელიძე.

მესტიის გამგებელი ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს, თუ რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი, მაგრამ რადიო თავისუფლების რესპონდენტი, რომელსაც მესტიაში ტელეფონით დავუკავშირდით, ამბობს, რომ ზარალი დიდია და რომ ცეცხლიც საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული. მოსახლეობა ხანძრის ლიკვიდირებისთვის ვერტმფრენების დახმარებას ითხოვს, რადგან, როგორც ადგილობრივი მკვიდრი ამბობს, სამაშველო რაზმები და მოსახლეობა ვერაფერს გახდება.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ლატალის, ლენჯერისა და ბეჩოს - ტყეებში ცეცხლი 17 ოქტომბერს გაჩნდა და უკვე 5 დღეა მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია 40 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი - როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ჯიშის ნარგავები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაა. რადიო თავისუფლების მესტიელმა რესპონდენტმა კი ეს გამორიცხა და განგვიმარტა, რომ ტყეში გაჩენილი ხანძარი ბოლო დროს ტემპერატურის მკვეთრად მომატებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG