Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეშველება „ტელეარხ-25“-ს?


21 ოქტომბერს პარლამენტის წინ აჭარაში მოქმედი „ტელეარხ-25“-ის მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართა
21 ოქტომბერს პარლამენტის წინ აჭარაში მოქმედი „ტელეარხ-25“-ის მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართა
21 ოქტომბერს პარლამენტის წინ აჭარაში მოქმედი „ტელეარხ-25“-ის მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელეკომპანიის არსებობა სათუო მას შემდეგ გახდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის შემოსავლების სამსახურის სარჩელი დააკმაყოფილა და რეგიონში ერთადერთ დამოუკიდებელ არხს 277 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. საპროტესტო აქციის მსვლელობის პარალელურად, „ტელეარხ-25“-ის ბედზე ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმაც იმსჯელეს. რას ედავებიან დამუკიდებელ ტელეკომპანიას და რა ეშველება მას?

აჭარის დედაქალაქში 1993 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია „ტელეარხ-25“-მა, როგორც დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ, 2000 წლის თებერვლამდე იარსება. კომპანიის ყოფილი კომერციული დირექტორი ავთანდილ გვასალია იხსენებს, თუ როგორ მივიდნენ დამფუძნებლებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და, მიყიდვის შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, როგორ აიძულეს თავიანთი აქციები დაეთმოთ.

ზვიად ქორიძე
ავთანდილ გვასალიას მიერ მოთხრობილი ეს ისტორია კარგად ახსოვს ჟურნალისტ ზვიად ქორიძესაც. მისი თქმით, ვალი, რომელსაც ტელეკომპანიას დღეს ედავებიან, სწორედ ამგვარი იძულებითი გასხვისების შემდეგ, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში წარმოიშვა.

„ამ ადამიანებს პატრონობდა სოსო გოგიტიძე და ასლან აბაშიძე და მათ არაფერი აინტერესებდათ, ფულის შოვნის გარდა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ საგადასახადო დავალიანება დაგროვდა. 2004 წლის 6 მაისის შემდეგ, როცა აჭარაში ხელისუფლება შეიცვალა, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ქონების დაბრუნება შეძლეს, თუმცა დიდი დავალიანებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ, რომლის თქმითაც, დავალიანებამ თითქმის 300 ათასი ლარი შეადგინა, რაც ტელეკომპანიის მესვეურებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.

ფინანსთა სამინისტრო: ძველი თუ ახალი, ვალი ვალია!

277 ათასი ლარი, რომელიც, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ტელეარხ-25“-ის მესვეურებმა უნდა გადაიხადონ, რეგიონალური მასშტაბის კერძო მაუწყებლისთვის დაუძლეველი ტვირთია
ვალების ჩამოწერის მოთხოვნის პასუხად, უზენაესმა სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს ძველი დავალიანების გაუქმება და ახლის დაანგარიშება დაავალა. ამასთან, ზვიად ქორიძის თქმით, უკვე ძალაში იყო შესული კანონი ფინანსური ამნისტიის შესახებ და დავალიანება ისედაც ჩამოწერას ექვემდებარებოდა, თუმცა, მისი განმარტებით, სხვაგვარად მოიქცა ფინანსთა სამინისტრო:

„ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა ძველი დავალიანება, ჩამოაწერა საურავების სახით დარიცხული თანხა და დატოვა 277 ათასი ლარი, რომელიც სარჩელის შეტანის შემდეგ, ახალი ვალდებულების სახით, ბათუმის სასამართლომ აღიარა.“

ზვიად ქორიძის თქმით, 277 ათასი ლარი, რომელიც, ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ტელეარხ-25“-ის მესვეურებმა უნდა გადაიხადონ, რეგიონალური მასშტაბის კერძო მაუწყებლისთვის დაუძლეველი ტვირთია. თანაც, ამ ტვირთის შემსუბუქებას, საკუთარი ინიციატივით, არც ფინანსთა სამინისტრო აპირებს. მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის განმარტებით, საგადასახადო დავების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეუფერხებლად ხდება, თუმცა ასევე შესაძლებელია პარალელურად აპელაციის შეტანა შემდგომი ინსტანციების სასამართლოებში.

საგადასახადო დავა თუ თავდასხმა მედიაზე?

პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეები
ბათუმელი კოლეგების განსაცდელში მიტოვებას არ აპირებენ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგიონალური მედიის ასოციაციაში არიან გაერთიანებულნი. 21 ოქტომბერს პარლამენტის წინ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გაზეთ „გურია ნიუსის“ დამფუძნებლის ია მამალაძის თქმით, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა თანადგომა გამოუცხადეს ბათუმელ კოლეგებს და თავისუფალი სიტყვის დაპატიმრების მცდელობის დასაგმობად ერთსაათიანი საპროტესტო აქცია გამართეს.

ესაა ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. ფინანსთა სამინისტროს ასეთი დაახლოებით 500-მდე დავა აქვს
ია მამალაძესთან ერთად საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, რომლის თქმითაც, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლება რეგიონში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მოხრჩობას აპირებს. რაც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, ამასთან დაკავშირებით თამარ ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ საბაბია, თუმცა, ბრალდების პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური სარჩული და რომ მიმდინარეობს რიგითი საგადასახადო დავა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე იმასაც შენიშნავს, რომ არავინ აპირებეს ვალების მყისიერად ამოღებას და ამით ტელეკომპანიის მდგომარეობის დამძიმებას.

ირაკლი ღვალაძე
„ესაა ჩვეულებრივი საგადასახადო დავა. ფინანსთა სამინისტროს ასეთი დაახლოებით 500-მდე დავა აქვს. ვურჩევდი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, რომ თუ ვალის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, მოგვმართონ და ვალის რესტრუქტურიზაცია მოითხოვონ. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოხდება რესტრუქტურიზაცია. აქედან პირველი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პროცენტი იხადონ და მხოლოდ შემდეგ დაიწყონ ძირითადი ვალის გასტუმრება“, -უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ღვალაძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG