Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის ტურნე წარმატებით დაიწყო


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთევროპული ტურნე პოლონეთში ვიზიტით დაიწყო. ის სამშაბათს ვარშავაში მართავდა შეხვედრებს ამ ქვეყნის ლიდერებთან აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ, მოდიფიცირებულ გეგმაზე სასაუბროდ.

ვარშავიდან გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ალბათ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბაიდენი წარმატებით შეუდგა მისიის განხორციელებას.

ამერიკელ სტუმართან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ანტისარაკეტო სისტემის ახალ, მოდიფიცირებულ პროექტში: „ამ კონცეფციას, ამ პროექტს, რომელსაც პირობითად ეწოდება SM 3, ანტისარაკეტო თავდაცვის ამ ახალი კონფიგურაციის პროექტს - პოლონეთი ძალიან საინტერესოდ და საჭიროდ მიიჩნევს და მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა ვარშავაში, სადაც ჯო ბაიდენი სამშაბათს საღამოს ჩაფრინდა.

არა მარტო პოლონეთში - აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში იწვევს შეშფოთებას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევა, დაუახლოვდეს მოსკოვს. თუმცა პოლონეთსა და ჩეხეთში მაინც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან ვაშინგტონის ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსებაზე, რასაც ითვალისწინებდა მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის გეგმა. ობამას ამ ნაბიჯს დადებითი რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ჯორჯ ბუშის გეგმას. ვაშინგტონი, მისივე განმარტებით, ახლა უპირატესობას ანიჭებს მობილურ სისტემას, რომელიც საწყის ეტაპზე ზღვაში განთავსებული ელემენტებით ისარგებლებს.

„მარტივად რომ აგიხსნათ, ჩვენი ანტისარაკეტო გეგმა უკეთესია ნატოს უსაფრთხოებისთვის და უკეთესია პოლონეთის უსაფრთხოებისთვის და, საბოლოოდ, უკეთესია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვისაც“, განაცხადა ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ზოგადად, თეთრი სახლისა და პენტაგონის განმარტებით, ახალი პროექტი უკეთესია იმით, რომ, თუ ბუშის გეგმა მიმართული იყო ირანის გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტებიდან მომდინარე პოტენციური, ჯერ არარსებული საფრთხის წინააღმდეგ, ახალი - ირანის მოკლე და საშუალო რადიუსში მოქმედ რაკეტებს უპირისპირდება.

არადა, ბევრისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმა იმდენად არ უკავშირდებოდა ირანის, რამდენადაც რუსეთის პრობლემას. შესაბამისად, ვარშავაშიც და პრაღაშიც ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემას მიიჩნევდნენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხისაგან დაცულობის ერთგვარ, სიმბოლურ გამოხატულებად.

ექსპერტი ფრანტიშეკ შულცი როგორც აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრებს ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მეხუთე მუხლით დაცვა გარანტირებული აქვთ, ბევრ პოლონელსა და ჩეხს მაინც აქვს მოსკოვის შიში. შულცის შეფასებით, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა. პოლონელებსა და ჩეხებს მეტი გარანტია სურთ, როგორც ექსპერტი ამბობს „წარსულის გამო - საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ისტორიის გამო, ინტერვენციების, გავლენის სფეროს გამო. ჯერ კიდევ არის რუსეთის შიში“.

ვარშავაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა არა მარტო პრემიერ-მინისტრი ტუსკი, არამედ პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიც. მან ოპტიმისტურად შეაფასა ამერიკა-პოლონეთის ურთიერთობის პერპექტივა და გამოთქვა რწმენა, რომ „პოლონეთის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია“.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ტურნეს რუმინეთსა და ჩეხეთში ვიზიტებით აგრძელებს.

ბოლო თვეებში ეს ჯოზეფ ბაიდენის უკვე მეორე ტურნეა აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნებში მათს დასარწმუნებლად, რომ მათს ხარჯზე არ მოხდება მოსკოვთან ვაშინგტონის ურთიერთობის გადატვირთვა. ივლისში ჯო ბაიდენი ამ მისიით, როგორც ცნობილია, უკრაინასა და საქართველოს ეწვია.
XS
SM
MD
LG