Accessibility links

logo-print

გუანტანამოს პატიმრების განთავისუფლების საკითხი კანონმა უნდა განსაზღვროს


გუანტანამოს ციხე

გუანტანამოს ციხე

შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც გუანტანამოელ პატიმრებს შეერთებულ შტატებში გასამართლების უფლებას აძლევს. პატიმართა ერთი ჯგუფი კი თვლის, რომ უფლება აქვთ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აშშ-ში დარჩნენ. სამშაბათს, 20 ოქტომბერს, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა მათი საქმეების განხილვაზე, რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ კონფლიქტს მოასწავებდეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ნათქვამი აქვს, რომ კუბაზე, გუანტანამოს ყურეში, მოქმედ ციხეს იანვრისთვის დახურავს. დრო იწურება, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს მკაფიო გეგმა იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწევა ციხეში ამჟამად მყოფ დაახლოებით 220 პატიმარს.

სამშაბათს - 20 ოქტომბერს - შეერთებული შტატების სენატმა თეთრი სახლის მიერ დასახული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. სენატის მიერ დიდი უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პატიმრებს უფლება მიეცათ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გასამართლდნენ, მაგრამ შემდეგ მათ იქ დარჩენის საშუალება არ ექნებათ - მათ შორის, არც სასჯელის მოხდის მიზნით.

გასულ კვირაში იგივე გადაწყვეტილება მიიღო წარმომადგენელთა პალატამაც. ახლა ეს გადაწყვეტილება ობამას გაეგზავნება, რათა მან ის ხელმოწერით კანონად აქციოს.

მაგრამ ეს ზომა მაინც არ იძლევა წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწევათ პატიმრებს გრძელვადიან პერსპექტივაში.


ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ბრალს პატიმრებიდან მხოლოდ 60-ს წაუყენებენ. 80-ს უკვე მოეხსნა ბრალდება, რომ სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, თეორიულად, ახლა მათ შეუძლიათ გუანტანამო დატოვონ.

შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებსაც მიმართა პატიმრების გადაყვანის თხოვნით, თუმცა ეს ზომა მხოლოდ რამდენიმე პატიმარს შეეხება.

ახლახან კი შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ თანხმობა განაცხადა განიხილოს იმ 13 ჩინელი უიღურის საქმე, რომლებსაც შეერთებულ შტატებში სურთ დარჩენა. 2003 წელს გამოცხადდა, რომ ისინი არ წარმოადგენენ საშიშროებას შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. უკან, ჩინეთში, მათი გაგზავნა კი, შეერთებული შტატების კანონმდებლობით, არ შეიძლება, რადგანაც მათ იქ, სავარაუდოდ, პატიმრობა ელით.

უიღურები თურქულენოვანი ხალხია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე სინიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში. რამდენიმე თვის წინ პეკინის მმართველობის წინააღმდეგ უიღურებმა სინანის პროვინციაში მასშტაბური გამოსვლები და მღელვარება მოაწყვეს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

გუანტანამოდან რამდენიმე უიღური პატიმარი პალაუზე, ალბანეთში და ბერმუდის კუნძულებზე გადაიყვანეს. მაგრამ სხვა ქვეყნები მათი მიღების პერსპექტივის ირგვლივ კვლავაც ორჭოფობენ.

უიღურების საქმის განხილვისას, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ 2008 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფედერალურ მოსამართლეებს აქვთ პატიმრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით.

ამის შემდეგ ერთ-ერთი ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, გუანტანამოში დარჩენილი უიღური პატიმრები დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ და შეერთებულ შტატებში გადაეყვანათ, რადგანაც მათი პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო, მთავრობამ კი ვერ შეძლო ეპოვა ქვეყანა, რომელიც მათ მიღებაზე თანხმობას განაცხადებდა.

თუმცა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და გააბათილეს იმ საბაბით, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა საიმისო ძალაუფლება, პატიმრების შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

ახლა უიღურები აცხადებენ, რომ ფედერალურ სასამართლოზე წარდგომა აზრს მოკლებულია, თუკი ამ სასამართლოს არა აქვს უფლება გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები.

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ამ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან შეუდგება.
XS
SM
MD
LG