Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში თბილისში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტის შესახებ იწერება.

”არც ბაზები, არც რადარები, სავარაუდოდ, მხოლოდ პატიმრები” - ეს ”რეზონანსის” სათაური გახლავთ. ავტორი წერს: ”მედიაში გავრცელებული ცნობებით, საუბარია საქართველოში 10-მდე პატიმრის გადმოყვანაზე. ამ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე არ უარყოფს, მაგრამ, ამავე დროს, აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირობა შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის”, - წერს ”რეზონანსი”.

გუანტანამოს პატიმრების საქართველოში გადმოყვანის საკითხს ცალკე სტატიას უძღვნის ”24 საათი”. ავტორი წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ გიგა ბოკერიამ გამოხატა მზადყოფნა,საქართველომ „განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც აშშ-ს, როგორც პარტნიორს, დაეხმარება”. ”24 საათის” თანახმად, ”არასაპარლამენტო ოპოზიცია გუანტანამოს პატიმრების საქართველოში ჩამოყვანას უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდ რისკად მიიჩნევს და ხელისუფლებას ამ პროექტში ჩართვისგან თავის შეკავებას ურჩევს”. საპარლამენტო ოპოზიცია კი საკითხს განსხვავებულად აფასებს. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ”24 საათისთვის” მიცემულ კომენტარში აღნიშნავს, რომ გუანტანამოს პატიმრების უკან მდგომი ძალა დღეს უკვე ლოკალიზებულია და საქართველოს მიერ აშშ-ისთვის ასეთი ტიპის დახმარების გაწევა ”ქვეყანას უფრო მეტ პოზიტივს მოუტანს”. უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური საკითხის შეფასებას ნაადრევად თვლის, თუმცა ამბობს: ”შეიძლება, ჩვენთვის ეს პრივილეგიის გარდა არაფერი იყოსო.”

”ახალი თაობა” კონფლიქტურ რეგიონებში შეერთებული შტატების მონაწილეობით სამშვიდობო მისიის შექმნის რეალურობაზე პროფესორ გია ანჩაბაძეს ესაუბრა. ანჩაბაძე ფიქრობს, რომ აფხაზები ”ამის წინააღმდეგი არ იქნებიან, თუკი ძლიერი ზეწოლა არ განხორციელდა მოსკოვიდან, იმიტომ რომ მათაც არ სურთ, რომ მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ.”

”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტმა ჩაწერა ინტერვიუ რუს პოლიტიკურ დევნილ პაველ სტროილოვთან, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს. ის ალექსანდრ ლიტვინენკოს მეგობარი იყო. სტროილოვი ინტერვიუში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ალ-ყაიდასთან ურთიერთობაზეც საუბრობს და იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ რომანო პროდის ”ეფესბეს”-თან თანამშრომლობაზეც. სტროილოვი არ გამორიცხავს რუსეთისგან საქართველოს მიმართ ახალ პროვოკაციებს და ახალ აგრესიას. გასული წლის ომზე კი ამბობს: ”დასავლეთმა თქვენ გიღალატათ. სამწუხაროდ, საქართველომაც მედგარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მტერს, არაფერს ვამბობ რუსულ აგრესიაზე საქართველოს სამხედრო პასუხის შესახებ. რუსეთის აგრესიაზე თქვენგან პოლიტიკური რეაქციაც სუსტი იყო. მე, მაგალითად, არ მესმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე საქართველომ ჩეჩნეთის აღიარებით რატომ არ უპასუხა? ასეთი პასუხი ხომ ბუნებრივი იქნებოდა”, - ამბობს რუსი პოლიტიკური დევნილი პაველ სტროილოვი ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”რეზონანსს” მივუბრუნდები, სადაც კორესპონდენტი, კონსერვატორ კახა კუკავაზე დაყრნობით, წერს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა პრაიმერის ჩატარებაზე თანახმაა: ”რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, მოგვიანებით დავასახელებთ, თუმცა შეთანხმება მიღწეულია და პრაიმერი შედგება”,- განუცხადებია კუკავას ”რეზონანსისთვის”.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებულ ვითარებას ეხება ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუ, რომელიც ”ვერსიაში” ქვეყნდება. სანიკიძე პარალელური მთავრობის იდეაზე საუბრობს: ”შეიქმნება პარალელური სტრუქტურები - პარლამენტი, სამინისტროები, საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც იდეების გენერირებას მოახდენს, საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. უნდა დაარსდეს საერთო მოქმედების შტაბი. ამის შემდეგ პარალელური ხელისუფლება იწყებს მზადებას ეროვნული დაუმორჩილებლობისთვის. ძალიან მარტივი საქმეა, მაგრამ სამუშაო ბევრია და, როგორც ვატყობ, ბევრს არ უნდა მუშაობა”, - ამბობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც ამავე ინტერვიუში დასძენს: ”ოპოზიციაში მხარდამჭერი კი არა, ოპონენტიც ვერ ვიპოვეო”.
XS
SM
MD
LG