Accessibility links

თუთბერიძე წუხს, მაგრამ პოზიციას არ იცვლის


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

უკვე მეორე დღეა, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეორგოლი, რომელშიც პატრიარქის გამოსახულებაზე ხმა არის დამონტაჟებული, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გამოსვლების მთავრი თემაა.

განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა ვიდეორგოლების გამავრცელებელზე და პასუხი გასცა ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნას - განათლების მინისტრს გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან თეა თუთბერიძე. ”თეა თუთბერიძე სამინისტროში ოფიციალური თანამდებობის პირი არ არის და არც არასოდეს ყოფილა” - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ და დასძინა, რომ თუთბერიძე განათლების სფეროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომაგენელია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები საერთო სახალხო ყრილობის ჩატარებას აპირებენ. ისინი თვლიან, რომ თუთბერიძე ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს და სწორედ ხელისუფლებისგან ითხოვენ მის დასჯას. შეკრების გამართვას აპირებენ ახალგაზრდული ორგანიზაციებიც.

ლეიბორისტული პარტია პრეზიდენტს სდებს ბრალს ანტისაეკლესიო ქმედებებში. პარტიის წევრი გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ჯერ აგორებს მსგავს პროპაგანდას და შემდეგ თავად ებრძვის ავტორიტეტის ასამაღლებლად.

საკუთარი აზრი გამოთქვა ამ თემაზე ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც. იგი პატრიარქის ღირსების შელახვას საქართველოს შეურაცხყოფად მიიჩნევს.

პრეზიდენტის აპარატის განცხადებით, ეს ვიდეორგოლები, არაეთიკური გამოხდომებია და ნებსით თუ უნებლიედ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას.

ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი მასალები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო... მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიისადმი უნდობლობის დანერგვას.

ვიდეორგოლების გამავრცელებელი, თავისუფლების ინსტიტუტის წევრი თეა თუთბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ეს ვიდეორგოლები მან მიიღო სოციალური ვებსაიტის, ფეისბუქის საშუალებით და გაავრცელა.

თეა თუთბერიძეს აზრით საქართველოს პატრიარქი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან ინტერნეტით მიღებული ვიდეორგოლები გაავრცელა. თუთბერიძე აკონკრეტებს იმ განცხადებებსაც, რომელთაც ანტსახელმწიფოებრივად მიიჩნევს. კერძოდ, ქართველ პედაგოგებთან შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქმა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განაცხადა: ”ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. გემი როცა მიდის ზღვაში, კაპიტანმა უნდა იცოდეს - სადაა კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით, მაშინ როცა შეიძლება შემოუარო და იპოვო კარები. არ არსებობს მხოლოდ კედელი და ჩიხი, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. უნდა პროგნოზირება გავაკეთოთ, რა შეიძლება მოხდეს, და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს ესა თუ ის მოვლენა”.

თუთბერიძე იხსენებს პატრიარქის მოწოდებასაც, როდესაც მან საქართველოს შეიარაღებულ ჯარებსა და პოლიციას, ბრძანების მიღების შემთხვევაში, მოუწოდა ხელი არ აღემართათ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეორგოლებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმაც და უნივერსიტეტის ეზოში გამართული აქციის შემდეგ თავისუფლების ინსტიტუტის ოფისთან გამოხატეს უკმაყოფილება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG