Accessibility links

logo-print

ერგნეთის შეხვედრა დაპირებით დასრულდა


მოლაპარაკებების კარავი ერგნეთთან

მოლაპარაკებების კარავი ერგნეთთან

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ქართულ დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა. ოსურ მხარეს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი წარმოადგენდა. რუსული მხრიდან შეხვედრას ცხინვალის სამხედრო გარნიზონის კომენდატი ანატოლი ტარასოვი ესწრებოდა. ერგნეთის შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი უძღვებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ახალგორის რაიონში დაკავებული იმ 6 ქართველის გათავისუფლების საკითხი დააყენა, რომლებიც ამჟამად ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. გარდა ამისა, ქართული მხარის მოთხოვნაა ოსური სოფლებიდან შეწყდეს ქართულ სოფლებში შეიარაღებული პირების გადასვლა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას იტაცებენ. ბოლო შემთხვევა მოხდა სოფელ დვანში რამდენიმე დღის წინ, როცა შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივ მცხოვრებს ტრაქტორი გასტაცეს.

ოსურმა მხარემ კი დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ დააყენა ცხინვალის 5 უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქის მოძიების საკითხი.

შეხვედრის დასასრულს როგორც ევროკავშირის, ისე ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შედეგით კმაყოფილები იყვნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, რუსულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი აღარ ჩაიკეტება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოსური მხარე რუს მესაზღვრეებთან ერთად ახალგორში ეგრეთ წოდებულ საზღვარს ჩაკეტავდა და მოქალაქეების მიმოსვლას შეზღუდავდა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე პირობას შეასრულებს. გარდა ამისა, უტიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველებს კონტრაბანდის ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ დაუტოვეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება.

ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლებს ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.11 ნოემბერს მხარეები, ჟენევის დისკუსიების ფორმატში, კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG