Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემნები: ”სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის ახლა უკეთესი პირობებია”


პიტერ სემნები (მარცხნივ) და ნინო გელაშვილი
პიტერ სემნები (მარცხნივ) და ნინო გელაშვილი
ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიტერ სემნები ოთხშაბათს თბილისში იმყოფებოდა. მისი დღის წესრიგი რამდენიმე საკითხისგან შედგებოდა. უმთავრესი მათ შორის იყო საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი. ნინო გელაშვილი ოთხშაბათს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, შეხვდა პიტერ სემნების და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისე ჩამოყალიბდება, რომ შესაბამისობაში იქნება ჩვენს პოლიტიკასთან.
რადიო თავისუფლება:
რაც შეეხება საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - რა არის ევროკავშირის ზრუნვის მთავარი საგანი?

პიტერ სემნები: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც ჩვენსავე პოლიტიკას ეფუძნება: ყველა ზომა უნდა ეყრდნობოდეს ”ორ ფეხს”. ერთი მხრივ, ეს არის არაღიარება, მეორე მხრივ კი - ჩართულობა. აქიდან ერთის ცალკე, მეორის გარეშე, არსებობა წარმოუდგენელია. არაღიარებას ჩართულობის გარეშე აზრი არა აქვს. ეს იქნებოდა ძალიან სტერილური პოლიტიკა, რომელსაც არსაით მივყავართ. ასევე წარმოუდგენელია ჩართულობა არაღიარების გარეშე, რადგან ასეთ შემთხვევაში სწრაფად გადავკვეთთ ”წითელ ხაზებს”, რასთანაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მხოლოდ ამ ორი ფაქტორის ბალანსით შევძლებთ წინსვლას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისე ჩამოყალიბდება, რომ შესაბამისობაში იქნება ჩვენს პოლიტიკასთან. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს შორის ურთიერთობის პირობებს შექმნის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კავშირების აღდგენა. აგრეთვე მოველით, რომ სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება გზები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის. დღეს ისინი ძალიან ვიწრო ჩარჩოში არიან მოქცეული, რაც არ არის ჯანმრთელი გარემო. მხოლოდ ამ ადამიანებისთვის თავიანთი როლისა და მომავლის უფრო ფართო კონტექსტში ჩვენება უზრუნველყოფს მხარეთა პოზიციების დაახლოებას.

რადიო თავისუფლება: ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი მომავალი უფრო ფართო კონტექსტში დაინახონ?

პიტერ სემნები: აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ ასე მოხდეს. გასული წლის აგვისტოს შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ვითარება ბევრად დაწყნარდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ჭრილობების მოშუშებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუმცა არის ბევრი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მე მართლა მჯერა, რომ ევროკავშირი ამ შემთხვევაში სასურველი პარტნიორია. საქართველო არის ევროპული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს არა აქვთ თავიანთი იდენტიფიკაციის გაცნობიერების საშუალება, მათაც ევროპული იდენტობა აქვთ.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ თავიანთი იდენტიფიკაციის გაცნობიერების საშუალება
რადიო თავისუფლება:
შეიცვალა თუ არა რამე ჟენევის კონსულტაციების დაწყებიდან? ხედავთ თუ არა პროგრესს?

პიტერ სემნები: ნამდვილად ვხედავ. ჟენევის მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ დღეს უკვე გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში. ამ ფორმატში შეხვედრები რეგულარულად იმართება. ეს არის მხარეებს შორის ურთიერთობის ადგილობრივი ფორუმი. მათ შეუძლიათ მიუსხდნენ ერთ მაგიდას და განიხილონ საკითხები, რომლებიც შეიძლება ძალიან რიგითი ხასიათის იყოს, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანი - კონფლიქტის კონტექსტში. ვფიქრობ, ეს მექანიზმები შეიძლება იქცეს შემდგომი პროგრესის საფუძვლად. რაც მეტი გვექნება ასეთი ფორუმები, რომლებში მონაწილეობაზეც მხარეები დათანხმდებიან, მით უკეთესი იქნება. ეს ხელს შეუწყობს მათ დაახლოებას და მიიყვანს იმ ეტაპამდე, როცა ძალიან რთულ საკითხებთან შეჭიდებას შეძლებენ.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა. მოდით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს შევეხოთ. უცნაური ვითარებაა - ყველა ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ოფიციალურად არ გამოცხადებულა. რა სახის პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ახლა საქართველოში? თქვენ ყველა მხარეს ხვდებით და ამიტომ გეკითხებით.

სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის ახლა უკეთესი პირობებია, ვიდრე გაზაფხულზე, ან ზაფხულის დასაწყისში იყო.
პიტერ სემნები:
ახლა ერთგვარი მოლოდინის პერიოდია. მიმდინარე წლის გაზაფხულისა და ზაფხულის დასაწყისის პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ყველა მხარის აღზრდაზე მოახდინა ზეგავლენა. იმ მოვლენებმა მთავრობასაც და ოპოზიციასაც აჩვენა, სად გადის ძალადობრივი, ძალისმიერი მიდგომის ზღვარი. ხელისუფლებას დაანახვა, სად გადის ძალის გამოყენებაზე სახელმწიფო მონოპოლიის ზღვარი, ოპოზიციას კი აჩვენა ის, თუ სად გადის ქუჩის აქციების - როგორც პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის საშუალების - ზღვარი. იმ მოვლენებმა ორივე მხარე აიძულა დაესვათ არსებითი საკითხები. უფრო პარადოქსული კი ის არის, რომ, ამ დაპირისპირების შედეგად, მივიღეთ გაცილებით დალაგებული და მრავალმხრივი პოლიტიკური მსჯელობა, ვიდრე დასაწყისში გვქონდა. ამან შექმნა უფრო მომწიფებული პოლიტიკური გარემო. კვლავაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე უმთავრესი გამოწვევა ხელისუფლებისთვის არის ის, რომ მან უნდა გაამართლოს გარკვეული მოლოდინი - იმუშაოს და მიაღწიოს შედეგებს საარჩევნო კანონმდებლობასა და საკონსტიტუციო საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებში. უნდა მიაღწიოს ისეთ შედეგებს, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ”მოაწერდა ხელს”. თავისთავად ფასეულობა იქნებოდა, თუკი ამ პროცესების შედეგები დაეფუძნება მაღალი ხარისხის კონსენსუსს, რადგანაც საქმე ეხება თამაშის წესების განსაზღვრას. ის არ უნდა გახდეს ყოველდღიური პოლიტიკური კინკლაობის საგანი. მას შემდეგ, რაც ეს წესები შეთანხმებული იქნება, შესაძლებელი გახდება პოლიტიკური დისკუსიების წარმართვა მიმდინარე საკითხებზე. ვიმედოვნებთ, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე დისკუსიაც რაღაც შედეგს გამოიღებს. ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ სერიოზული უნდობლობაა ერთმანეთის მიმართ და, ამავე დროს, ოპოზიცია იჩენს დიდ თავშეკავებას იმასთან შედარებით, რისი მოწმეც მანამდე ვიყავით, მოლოდინის უდიდესი წილი მთავრობისკენ არის მიმართული.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ თქვათ, რომ პოლიტიკური მხარეები გრძნობენ პასუხისმგებლობას (და რომელი მეტად გრძნობს ამას), აცნობიერებენ თუ არა რეალურ გამოწვევებს? თქვენ ჩამოთვლით საკითხებს, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პოლიტიკოსებმა, მაგრამ აცნობიერებენ თუ არა ისინი ამ საკითხების მნიშვნელობას?

ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს თავშეკავება და მონაწილეობა მიიღოს უფრო ტრადიციულ პოლიტიკურ ჩარჩოებში მიმდინარე პროცესებში. ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შექმნილმა საკონსულტაციო ფორმატებმა შედეგი მოიტანოს.
პიტერ სემნები:
ეს პროცესია. სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის ახლა უკეთესი პირობებია, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში იყო. ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს თავშეკავება და მონაწილეობა მიიღოს უფრო ტრადიციულ პოლიტიკურ ჩარჩოებში მიმდინარე პროცესებში, ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შექმნილმა საკონსულტაციო ფორმატებმა შედეგი მოიტანოს.

რადიო თავისუფლება: რა ურთიერთკავშირს ხედავთ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და ამ ქვეყნის დასავლეთთან ურთიერთობას შორის?

პიტერ სემნები: ევროკავშირსა და, ზოგადად, დასავლეთს სურს საქართველოს სახით დაინახოს პოლიტიკურად სტაბილური პარტნიორი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საქართველოში ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასა და მის დასავლეთთან ურთიერთობაზე. არსებობს საპირისპირო პირობითობაც: გზავნილებით, მოლოდინების გამოხატვით, პირობების ჩამოყალიბებით ევროკავშირსა და დასავლეთს შეუძლია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამან შედეგად პოზიტიური დინამიკა მოგვცეს.

რადიო თავისუფლება: არ გეშინიათ, როცა ამბობთ, რომ დასავლეთს შეუძლია გარკვეულ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა საქართველოში? საქართველოში არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი - ევროპა თუ შეერთებული შტატები - ამა თუ იმ გზით ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში?

პიტერ სემნები: როცა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. საქართველოს პარტნიორების დღის წესრიგში, უპირველეს ყოვლისა, ეს საკითხი დგას - უნდა შეიქმნას სტაბილური პოლიტიკური პირობები, რომ პოლიტიკური განსხვავებები გამოიხატოს და გადაიჭრას სტაბილური ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში ასეთი პირობები ჯერ არ არის შექმნილი და ეს ჯერ კიდევ საჭიროებს დიდ ყურადღებას ჩვენგან.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG