Accessibility links

logo-print

ნატოს სტრატეგიული კონცეფციის პრიორიტეტი ალიანსის გაძლიერებაა


ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა ყოველწლიური შეხვედრა ტარდება, ნატოს გენერალურმა მდივანმა 22 ოქტომბერს ალიანსის სამომავლო ხედვაზე ისაუბრა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მომავალი წლის ბოლოსთვის მომზადდება, მთავარი პრიორიტეტები იქნება ნატოს ქვეყნებისა და ხალხების დაცვა, სამხედრო ინფრასტრუქტურების რეფორმა, ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურების ჰარმონიზება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ურთიერთობა რუსეთთან, რომელსაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა.

ავღანეთის დატოვება ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ვაქციოთ ალ-ყაიდის საწვრთნელ პოლიგონად
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის, რომელიც 60 წლის წინ შეიქმნა, უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი მისი წევრი ქვეყნებისა და ხალხების დაცვაა, - განაცხადა ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ბრატისლავაში ალიანსის თავდაცვის მინისტრებისა და ექსპერტების წინაშე გამოსვლისას. თუმცა, როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, თავდაცვა შეუძლებელი იქნება, თუკი ნატო ვერ შეძლებს იმოქმედოს და მიაღწიოს წარმატებას თავისი საზღვრების გარეთ. ასეთი სტრატეგიის მაგალითად ალიანსის გენერალურმა მდივანმა ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაცია დაასახელა:

“უმოქმედობის ფასი ძალიან მაღალი იქნება. ავღანეთის დატოვება ნიშნავს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ვაქციოთ ალ-ყაიდის საწვრთნელ პოლიგონად. ბირთვული იარაღით ძლიერი პაკისტანის მხრიდან ზეწოლა იქნება განუზომლადი დიდი. არასტაბილურობა გავრცელდა მთელ შუა აზიაში. და ამ ყველაფრის შედეგს ჩვენ აქ, ევროპაში, ძალიან მალე ვიგრძნობთ.”

ცხადია, ჩვენსა და რუსეთს შორის უთანხმოება გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ უთანხმოებათა მძევლად ვაქციოთ ნატო-რუსეთის მთელი ურთიერთობები
ალიანსის სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, რომელიც 2010 წლის ბოლოსთვის იქნება მზად, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ომში საჭიროა ნატოს სამხედრო სტრუქტურების მოდერნიზება. ანდერს ფოგ რასმუსენმა ახსენა ასევე ნატოსა და ევროკავშირის ძალისხმევის კიდევ უფრო დაახლოება და ურთიერთობა რუსეთთან, რომელსაც ალიანსის ახალმა გენერალურმა მდივანმა სტრატეგიული პარტნიორი უწოდა გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ომში:

“ცხადია, ჩვენსა და რუსეთს შორის უთანხმოება გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ უთანხმოებათა მძევლად ვაქციოთ ნატო-რუსეთის მთელი ურთიერთობები. ბოლოს და ბოლოს, ნატოს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ ავღანეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ომში და ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში. და რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის თანამშრომლობა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დავაზღვიოთ ჩვენი გრძელვადიანი საერთო ინტერესები და თავიდან ავიცილოთ განხეთქილება ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთმანეთს არ დავეთანხმებით. მაგრამ, გთხოვთ გამიგოთ კარგად. მრავალი საერთო ინტერესის არსებობა რუსეთსა და ნატოს შორის არ ნიშნავს, რომ ალიანსი საკუთარ უმთავრეს პრინციპებს მსხვერპლად გაიღებს.”

თავის საპროგრამო სიტყვაში და შემდგომ პრესკონფერენციაზეც ანდერს ფოგ რასმუსენს არ უხსენებია საქართველო, თუმცა განაცხადა, რომ ალიანსის კარი ღიაა და გაფართოების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG