Accessibility links

„მემორიალს“ სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა


"მემორიალის" ხელმძღვანელი, ოლეგ ორლოვი

"მემორიალის" ხელმძღვანელი, ოლეგ ორლოვი

ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრესტიჟული პრემია მიანიჭა ცნობილ უფლებადამცავ ორგანიზაციას, რუსეთში დაფუძნებულ „მემორიალს“- კერძოდ, მის სამ წარმომადგენელს, ოლეგ ორლოვს, სერგეი კოვალიოვსა და ლიუდმილა ალექსეევას. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემია, მისი შეფასებით, ზოგადად, „მემორიალისთვის“ და რუსეთის მთელი უფლებადამცავი მოძრაობისთვის არის განკუთნვილი.

ის, რომ სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება არა მარტო "მემორიალის" წამყვანი წევრების, არამედ ზოგადად, რუსი უფლებადამცველების საქმიანობის აღიარებაა, აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, იერჟი ბუზეკმაც მას შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ „ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელთა სხდომაზე სახაროვის სახელობის 2009 წლის პრემიის ლაურეატად არჩეულ იქნა „მემორიალი“, რომელიც წარმოდგენილია ოლეგ ორლოვით, სერგეი კოვალიოვითა და ლიუდმილა ალექსეევათი“.

გამოჩენილი საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ანდრეი სახაროვის სახელობის „თავისუფალი აზრის“ პრემია 1988 წელს შემოიღეს. საყურადღებო დეტალია, რომ თვით სახაროვი იყო „მემორიალის“ დირექტორი 80-ანი წლების მიწურულს. და აი, წელს, „მემორიალის“ საქმიანობა მიიჩნია ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიის ღირსად. მას უკავშირდება 50 000 ევროს ოდენობის ფულადი პრემიაც, რომელსაც ლაურეატებს 16 დეკემბერს, სტრასბურგში გადასცემენ.

აი, რა უთხრა „მემორიალის“ დირექტორმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს: „სინამდვილეში, პრემია ჩვენ კი არ მოგვენიჭა, არამედ, ჩემი აზრით, მთლიანად, „მემორიალსა“ და ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობას რუსეთში. საერთოდ, ეს მიმაჩნია საკითხის სწორად დაყენებად და ღრმა შინაგანი კმაყოფილების განცდას მანიჭებს ის, რომ ეს არის რუსეთში ჩვენი, მთელი უფლებადამცავი მოძრაობის დაფასება.“

ოლეგ ორლოვმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ დაფასებასთან ერთად, ასეთი პრემია დიდ მორალურ მხარდაჭერას ნიშნავს უფლებადამცველებისთვის რუსეთში. როგორც ორლოვი ამბობს, სამართლებრივი პროცედურების დროს, უფლებადამცველები, უბრალოდ, ვერ ახერხებენ, დაიცვან ადამიანები, რომელთა უფლებებიც ფეხით ითელება. „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი შრომა ზღვაში წვეთია, უსუსურობის გრძნობა გვეუფლება ხოლმე. და ამ გაგებით, ჩვენი მუშაობის ასეთი დაფასება, ჩვენს საქმესთან ასეთი სოლიდარობა, ჩვენი მოძრაობის ყველა წევრს გვეხმარება მუშაობაში“.

„მემორიალი“ რომ რთულ საქმეს არის შეჭიდებული, ამაზე მოწმობს მის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრული საქმე. უფლებადამცავ ორგანიზაციას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა უჩივლა მას შემდეგ, რაც კადიროვს ოლეგ ორლოვმა დააკისრა პასუხისმგებლობა ჩეჩნეთში „მემორიალის“ აქტივისტის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობისთვის. მოსკოვის სასამართლომ კადიროვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო: ორლოვს მისთვის 70 000 რუბლის (ანუ 2400 დოლარის) გადახდა მოსთხოვა. „მემორიალს“ გასაჩივრებული აქვს ეს გადაწყვეტილება.

„მემორიალი“ პერესტროიკის დროს დაარსდა საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულთა შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად და გასავრცელებლად, ამით მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. თუმცა მალე „მემორიალის“ საქმიანობამ უფრო ფართო მასშტაბი შეიძინა. ის უკვე მრავალი წელია ერთ-ერთი წამყვანი უფლებადამცავი ორგანიზაცია რუსეთში.
XS
SM
MD
LG