Accessibility links

logo-print

არასამთავრობოთა კოალიციამ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა


კოალიცია ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს”

კოალიცია ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს”

ერთი წლის წინ შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ”გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ომის შემდეგ საქართველოსათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი დარღვევა ტენდერების პროცესში გამოვლინდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის უგულებელყოფას მოჰყვა.

ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ, სადაც საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის დახმარების დაპირება მიიღო, -დხმარებისა, რომლის ნაწილიც ნაქართველოში უკვე გადმოირიცხა, - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საზოგადოებას ამ თანხების სწორად ხარჯვის მონიტორინგის შედეგებს აცნობს. კოალიციაში შემავალი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თანხების მოძრაობის პროცესს თვალს შარშან ნოემბრიდან ადევნებს. როგორც მისი ერთ-ერთი წევრი - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ქეთი ხუციშვილი ამბობს, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ:

ქეთი ხუციშვილი
”ვცდილობდით, ერთი მხრივ, მონიტორინგი გაგვეწია გადმორიცხვის პროცესისთვის - გაგვეგო რამდენად ტრანსფარანტულად და მიზნობრივად ხდებოდა დონორებისგან ამ დახმარების მოწოდება და ხარჯვა - და, მეორე მხრივ, გამოგვერკვია რამდენად ეფექტურია ზემოქმედება ამ პროექტებისა გარემოზე, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით.”

ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ მონიტორინგის განმავლობაში ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურა - როგორიცაა, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტრო - მათთან ღიად თანამშრომლობდა, ზოგიერთი დაწესებულებისგან კი - მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტისგან - ინფორმაციის მისაღებად მეტი ძალისხმევა დასჭირდათ. რამდენჯერმე ამავე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნათ დონორ ორგანიზაციებთანაც, რომლებიც თავად აკონტროლებდნენ ამ ფულის ხარჯვას.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც ამ ერთწლიანმა მონიტორინგმა გამოავლინა, ტენდერის პროცესში არსებული დარღვევები აღმოჩნდა:

”ტენდერი ტარდებოდა, იმარჯვებდა კომპანია, რომელსაც ყველაზე ნაკლებ თანხაში ჰქონდა წარმოდგენილი თავისი პროექტი, და შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესში, ფასი ამ პროექტისა იზრდებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ხდებოდა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა. ასევე ძალიან ხშირად ისე იწყებოდა ტენდერის ჩატარება ამა თუ იმ სამუშაოზე, რომ არ ხდებოდა შეფასება, თუ რა გავლენა ექნებოდა ამას გარემოზე; ასევე ხშირად იწყებოდა რაღაც დიდი მშენებლობა - ვთქვათ, გზის გახსნა - ისე, რომ ჯერ კიდევ შეთანხმება ამ გზის მშენებლობაზე არ იყო.”

ქეთი ხუციშვილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართვამ და მუდმივმა კონტროლმა გამოყოფილი თანხის დიდი დარღვევების გარეშე განაწილება უზრუნველყო. ქეთი ხუციშვილი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი გზის მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი დარღვევა კოალიციის ჩარევის შემდეგ გამოსწორდა:

”ერთ-ერთი გზის მშენებლობაზე ვნახეთ, რომ 27 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 50 მილიონი დოლარი იყო განსაზღვრული. ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა თვალნათლივ აჩვენა, რომ ამხელა თანხა საჭირო არ იყო და შემცირდა.”

თამარ გურჩიანი
კოალიციის კიდევ ერთი წევრი ორგანიზაციის - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - წარმომადგენელი, თამარ გურჩიანი, ყურადღებას ამახვილებს ასევე დევნილთა სახლების მშენებლობა-რემონტის პროცესის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე:

” ყველაზე მთავარი პრობლემა არის ხარისხი, რომლის კონტროლსაც იურისტები ვერ მოვახდენდით, ცხადია, მაგრამ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ემპირიული მასალა, როგორ გამოიყურება ის სახლები, სადაც ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.”

ერთწლიანი მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძეც დაესწრო. მისი განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე დონორების გადმორიცხული და გადმოსარიცხი თანხების შესახებ - და, ზოგადად, ბრიუსელის დაპირების ირგვლივ - ყველა ინფორმაცია დევს. მისი თქმით, წლის ბოლომდე დაპირების 80% უნდა შესრულდეს.

იმ დარღვევების საფუძველზე, რაც ერთწლიანმა კვლევამ უჩვენა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე დონორი ორგანიზაციები არასამთავრობოთა კოალიციისგან შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებენ. მონიტორინგის პროცესი კი კვლავ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG