Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგილოები კულტურის სახლის გარეშე დარჩნენ


უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა. ნუგზარ წიკლაური (მარცხნივ)
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა. ნუგზარ წიკლაური (მარცხნივ)
აზერბაიჯანში, უპირატესად ეთნიკური ქართველებით დასახლებულ კახის რაიონში, ხანძარმა კულტურის ერთადერთი სახლი გაანადგურა. ადგილობრივი პოლიციის მტკიცებით, ცეცხლი გაუმართავ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. სულ ახლახან, ვითარებაში გარკვევის მიზნით, მეზობელ რესპუბლიკას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სტუმრობდა. განადგურებული კულტურის სახლის აღდგენის გზებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტშიც ეძებენ.

ცნობა კახში საინგილოს ქართული კულტურის სახლის დაწვის შესახებ ორიოდე კვირის წინ გავრცელდა. თემურ ტარტარაშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ამბობს, რომ მოხერხდა მხოლოდ ჩოხებისა და ინვენტარის ნაწილის გადარჩენა, შენობა კი პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„ამ შენობაში მხოლოდ ორი ოთახი და საკონცერტო დარბაზი იყო გარემონტებული. ვიდრე ხანძარი გაანადგურებდა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები რეპეტიციებს ატარებდნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ ტარტარაშვილმა, რომელიც წარმოშობით საინგილოდანაა. სულ აზერბაიჯანში დაახლოებით 14 ათასამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, ცეცხლი შემთხვევით გაუჩნდა ელექტროგაყვანილობას. ხანძრის წარმოშობის განსხვავებულ ვერსიაზე ლაპარაკი უჭირს თემურ ტარტარაშვილსაც, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ გარკვეული ეჭვის საფუძველი მაინც არსებობს:

„ამ შენობას ადგილობრივ კულტურის ცენტრს დიდი ხანია ედავებოდა გამგეობა. 19 ივნისს ხელი მოეწერა აზერბაიჯანისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის შეთანხმების ოქმს, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტრო უნდა ჩარეულიყო მის აღდგენაში და ხელი შეეწყო ჩვენთვის. შემდეგ წერილობით მივმართეთ მათ, მაგრამ ორი თვე პასუხი არ მიგვიღია, ერთ დღეს კი გავიგეთ, რომ ეს ცენტრი დაიწვა.“

ვითარებაში გასარკვევად აზერბაიჯანს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სტუმრობდა. ვიზიტის მსვლელობისას თამარ გამილაღდიშვილი აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს აბულფაზ კარაევს შეხვდა და ქართული კულტურის სახლის ბედზე ელაპარაკა. სამინისტროს წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ აღდგენის ან ახალი შენობის გამოყოფის შემდეგ აზერბაიჯანის მთავრობა კულტურის სახლს საკუთრებაში გადასცემს კახის მოსახლეობას.

„აზერბაიჯანელებს აქვთ ჩვენდამი ძალიან კეთილგანწყობა, რაც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. როგორც ეწყობათ აზერბაიჯანელებს ხელი საქართველოში, ისევე უნდა ეწყობოდეთ ხელი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებსაც“, - განაცხადა თამარ გამილაღდიშვილმა.

მოვლენების პოზიტიური კუთხით განვითარების იმედს არ კარგავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, რომელიც საკითხის შესასწავლად აზერბაიჯანში ჩასვლას აპირებს. წიკლაური იმედოვნებს, რომ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, კომიტეტს არ გაუჭირდება კახის კულტურის სახლის სრულფასოვან აღდგენასთან დაკავშირებით საქმიანი გადაწყვეტილებების მიღება.

„გვექნება სრულფასოვანი ინფორმაცია, რათა საბოლოო გადაწყვეტილებაზე შევჯერდეთ და სამინისტროებთან კოორდინაციით ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ხანძარს, რა მოხდა სინამდვილეში, ძნელი სათქმელია. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, მაგრამ იმისათვის, რომ რაიმე მტკიცებითი ფორმით განაცხადო, უნდა გქონდეს სათანადო არგუმენტაცია. მგონია, იმით, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას, დავარწმუნებთ ერთმანეთს, რომ ეს იყო ბანალური ხანძრის ფაქტი და არა შეგნებული დაზიანება ქართული კულტურის ცენტრისა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნუგზარ წიკლაურმა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG