Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე პროექტებს შეისწავლის


მსოფლიო ბანკისა (მარცხნივ) და საქართველოს დროშები

მსოფლიო ბანკისა (მარცხნივ) და საქართველოს დროშები

მსოფლიო ბანკის კრედიტებითა და გრანტებით საქართველოში ბევრი პროექტი განხორციელდა, ნაწილი ამჟამადაც მიმდინარეობს. ბანკის დირექტორთა საბჭომ 2009 წლის სექტემბერში ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებში საქართველო 396 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ახალი დახმარების გამოყოფამდე საქართველოში იმყოფებოდა და განხორციელებული პროექტები შეისწავლა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო–ივეალამ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ნგოზი ოკონჯო–ივეალა. მან განხორციელებულ პროექტებთან ერთად ის ღონისძიებები შეისწავლა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გადადგა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მთავრობამ საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ დიდი სტიმული მისცა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 11 პროცენტით გაიზარდა:

ნგოზი ოკონჯო-ივეილა
„ამ თანხების ნაწილი ჩაიდო ინფრასტრუქტურაში იმისთვის, რომ უზრუნველეყო მოსახლეობის დასაქმება. ზომები იქნა მიღებული მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენების დასახმარებლად და ნაწილი ღონისძიებებისა იყო გადასახადების შემცირება, რომელიც ემსახურებოდა ეკონომიკის სტიმულირების მიზანს. ჩვენი აზრით, ეს არის კრიზისის დაძლევის ძალიან კარგი გზა.“

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობის ამ ძალისხმევასო, – დასძინა ნგოზი ოკონჯო–ივეალამ. მან მაღალი შეფასება მისცა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ და დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტები, რომელთა შორისაა დევნილთა დასახლებების მოკლე ვადებში აშენება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებებს, ძირითადად, ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია:

„მსოფლიო ბანკის რესურსები რაზეც არის დახარჯული, ძირითადად მისი შედეგები ჩანს.“

საქართველოს მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასებები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა და საქართველოს დახმარება აღარ სჭირდებაო, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ნგოზი ოკონჯო–ივეალამ:

„რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრი დამეთანხმება: მიუხედავად იმისა, რომ მე აღვნიშნე, მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად არის და ხარვეზები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საკმაო წარმატებებს მიაღწია ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი, მაგალითად, გადასახადების სფეროში.“

ყველაფერი რომ იდეალურად არ არის, ამას არც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მალავს და აცხადებს, უფრო მეტია გასაკეთებელიო, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების გარეშე ვერ მოხერხდება.

კახა ბაინდურაშვილი
”თუ ასეთი კარგები ვართ, რაში გვჭირდება დახმარება? დახმარება გვჭირდება იმაში, რომ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ფინანსური საშუალებები იმდენი, რომ ყველა მიმართულება გამოვასწოროთ სწრაფად.”

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიით კმაყოფილი მსოფლიო ბანკი ქვეყნის დახმარებას განაგრძობს. დაახლოებით ერთი თვის წინ ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 396 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა. ეს თანხა საქართველოზე გლობალური კრიზისის გავლენის განეიტრალებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. სულ, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მოცულობა 1,2 მილიარდ დოლარს აღემატება.
XS
SM
MD
LG