Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ავღანეთის მიმართ ძალისხმევის გააქტიურებაა საჭირო


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ალიანსის წევრებს მოუწოდა კიდევ უფრო აქტიურად შეუდგნენ ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნას. რასმუსენი ამ განცხადებით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა: „ავღანეთის უშიშროების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა ნიშნავს რომ მომავალში ნატოს ნაკლები ექნება გასაკეთებელი. ეს კი ყველას გვსურს - უწინარესად თავად ავღანელებსო", განაცხადა მან. ამასთან, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის გაწეული სამსახური ნატოს აძლევს „უფლებას“, ახალ მთავრობას - რომელიც 7 ნოემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება - უფრო მეტის გაკეთება მოსთხოვოს კორუფციასთან ბრძოლის, და ეფექტიანი მმართველობის თვალსაზრისით. ამჟამად ნატოს ავღანეთში დაახლოებით 68,000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. მათ შორის 32,000 ამერიკელია. ამასთან, შეერთებულ შტატებს ავღანეთში დამატებით კიდევ 36,000 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ამჟამად განიხილავს წინადადებას, რომელიც ავღანეთში კიდევ ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG