Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კარალეთში


დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კარალეთში
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კარალეთში
ორი დღის განმავლობაში კარალეთში მარგარეტ მიდის სახელობის კინოფესტივალი მიმდინარეობდა. ფესტივალი 1977 წელს ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მიერაა დაარსებული ანთროპოლოგ მარგარეტ მიდის პატივსაცემად. საორგანიზაციო კომიტეტის ამოცანაა განახორციელოს მიდის მიერ დასახული მიზანი: აქტიურად ჩააბას საზოგადოება კულტურულ დებატებში. ფესტივალი მოწოდებულია გამოიყენოს დამოუკიდებელი დოკუმენტური მედია კულტურული იდენტიფიკაციის, სოციალური სამართლიანობისა და ბუნებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევისას.

1992 წლიდან, მარგარეტ მიდის ვიდეო და კინო ფესტივალის ფარგლებში, დაწესდა სამოგზაურო ვიდეო და კინო ფესტივალი. აქ წარმოდგენილი გამორჩეული ნამუშევრები ყოველწლიურად იგზავნება უნივერსიტეტებში, მუზეუმებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში. სამოგზაურო ფესტივალი კარალეთში, სოფელში, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსული არმიის მიერ იყო ოკუპირებული, დისკუსიით დასრულდა. ყველაზე საინტერესო ფესტივალის ბოლო დღე გამოდგა: ნაჩვენები იყო რეჟისორ საშა მირზოევის ფილმი „გადაღებები ცეცხლქვეშ“ და სალომე ჯაშის „დადუმებულები“.

პირველი ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ მუშაობს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, როგორ მოიპოვებს ინფორმაციას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დროს საკუთარი ფოტორეპორტიორების მეშვეობით, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს მუშაობენ. შესაბამისად, სიცოცხლის დიდი რისკის ფასად, საზოგადოება ინფორმაციას კონფლიქტის ორივე მხრიდან იღებს. სალომე ჯაშის „დადუმებულები“ ექსპერიმენტია და მცდელობაა იმისა, იგრძნო ტრაგედია, რომლის გადმოსაცემად სიტყვები და დრამატული კადრები საკმარისი არ არის. ფილმი, უბრალოდ, სივრცეა - ათი წუთის მდუმარე სივრცე, ნაჩვენებ სახეებზე კი აგვისტოს რამდენიმედღიანი ომის ტკივილია ასახული.

ფესტივალის ორგანიზატორის, „საქართველოს დოკუმენტური ფილმის“ ხელმძღვანელის, ანა ძიაპშიპას განცხადებით, ფესტივალისთვის შემთხვევით არ შერჩეულა კარალეთი, სადაც ომის ტრაგედია ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს.

ფილმების ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია. ცხინვალის რეგიონიდან დევნილებმა და კარალეთელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რეალური და ეთერში ნაჩვენები ომი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლით სულ უფრო ცხადი ხდება, როგორ განსხვავდება ეკრანზე ნაჩვენები ომი რეალური ომისგან.

მედიაექსპერტ ნინო დანელიას აზრით, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური გამოცემა ან ვებგვერდი, სადაც თავს მოიყრის ის ისტორიები, რომლებიც თავს გადახდათ იმ ადამიანებს, ვინც კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებოდა.

დისკუსიის მონაწილეების აზრით, პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს რეალური ისტორიები და ამისთვის საჭირო სივრცე უნდა მოიძებნოს.

ფესტივალის ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ ფილმები უფრო ფართო აუდიტორიას უჩვენონ და დისკუსიებიც გამართონ.
XS
SM
MD
LG