Accessibility links

ერთხელ აკა მორჩილაძეს ვუთხარი: „თქვენი მოთხრობა „წიგნი“ რომ წავიკითხე, სხვა ადამიანი გავხდი“. ჩემმა ნათქვამმა, როგორც ჩანს, გააოცა და პასუხი შეკითხვით დამიბრუნა: „ვითომ, რატომ?“. ამგვარად დასმული კითხვისთვის მზად არ ვიყავი. უბრალოდ რომ ეკითხა – რატომო? – იქნებ, რამე კიდეც ამეხსნა; მაგრამ ეს ნახევრად ცინიკური/ნახევრად დაბნეული „ვითომ, რატომ?“ ჩემს მოლოდინს მეტისმეტად ასცდა.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ სულ ახლახან მივხვდი, რომ აკა მორჩილაძის უცნაური შეკითხვა ერთაოზის ვალივით დამრჩა და ჯერ კიდევ არ გამნელებია მასზე პასუხის სურვილი.

მანამდე კი გეტყვით, რომ „წიგნი“ არის მოთხრობა ნურადინ ფრიდონზე და, უფრო მეტად, „ვეფხისტყაოსანზე“. ღრმად მოხუცი ნურადინ ფრიდონი სიკვდილზე ფიქრობს და აწესრიგებს საკუთარი გმირობის ამბებს, 16 წიგნში რომ არის აღწერილი. ცდილობს, მხოლოდ სიმართლე დაუტოვოს შთამომავლობას, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. სწორედ ამ დროს უსახსოვრებენ წიგნს, რომელშიც ნაამბობია, როგორ შეებრძოლა ქაჯებს ნურადინ ფრიდონი თავის ორ მეგობართან ერთად და როგორ გაათავისუფლა ტყვეობიდან ძვირფასი მეგობრის სატრფო.

ნურადინ ფრიდონს შეაძრწუნებს ეს წიგნი. იგი ამბობს, რომ ქალის გულისთვის არასოდეს უბრძოლია და არც ქაჯეთში ყოფილა; რომ ოდესღაც მასთან მართლაც მოვიდნენ უცხო რაინდები, რომლებმაც ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. მან მთელი თავისი ავლადიდებით ქალის გამოსყიდვა შესთავაზა, მაგრამ უთხრეს, იმ ქალის გამოსყიდვა შეუძლებელიაო. ამის შემდეგ ნურადინ ფრიდონმა მათ თავისი მსახური და ორასი მეომარი აახლა. თავად კი ქალისთვის ბრძოლა არასოდეს უკადრებია.

„შეუძლებელია ჩემთვის იმ გმირობის მითვისება, რომელიც არ ჩამიდენია და რომელსაც ვერც ჩავიდენდი, რადგან არ მიმაჩნდა გმირობად,“ – ამბობს ზღვისრეთის გამგებელი. მაგრამ არ ჭრის ნურადინ ფრიდონის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქაჯეთის ციხეში ორი რაინდი იბრძოდა. ორი და არა სამი.

მოხუცი ბრძენი, ალ ქაუსი, რომელსაც ნურადინ ფრიდონი თავის დარდს უზიარებს, შეკრავს ცერს, საჩვენებელ და შუა თითებს და ამბობს: „მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს სამი აკეთებს. აი, ეს სამი. თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“. იგი უხსნის ზღვისრეთის შეწუხებულ გამგებელს, რომ დავიწყებას მიეცემა მისი გმირობის ისტორიები, გადაირეცხება 16 წიგნში აღწერილი მისი რეალური ცხოვრება და დარჩება გამონაგონი – სიყვარულის ამბავი, თუ როგორ იბრძოლა და როგორ დაამხო ნურადინ ფრიდონმა მეგობრებთან ერთად ქაჯეთის ციხე მზეთუნახავის გამოსახსნელად.

მრავალი დღის განმავლობაში უზიარებენ ერთმანეთს ფიქრებს აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი და აღმოსავლეთისვე უპირველესი ბრძენი. ერთი მოწყურებული ეძებს სიმართლეს, მეორე კი ამ სიმართლეს გასცემს, როდესაც ამბობს, რომ რეალურ გმირობაზე დაწერილ თექვსმეტ წიგნს გაცილებით ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე სიყვარულზე დაწერილ იმ ერთს, გამონაგონს.

* * * *

ვწერ ნურადინ ფრიდონის შესახებ და თან ვფიქრობ: რატომ ამაღელვა ამ მოთხრობამ? რატომ მაფიქრებინა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი? რატომ გამაზიარებინა ჩემი ფიქრი მოთხრობის ავტორისთვის? და რატომ მათენებინებს ღამეს ახლა, მრავალი წლის შემდეგ, სურვილი – ვუპასუხო ავტორის მაშინდელ შეკითხვას?

ყველა კითხვის პასუხი ნურადინ ფრიდონშია. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰგონია, რომ მთავარი ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცეა; მაგრამ სიცოცხლის ბოლოს გაიგებს, რომ მასზე მეტია სიყვარული; ჰგონია, რომ მთავარი მამაკაცია და ღრმად მოხუცი მიხვდება, რომ მასზე მეტია ქალი; ჰგონია, რომ მთავარი მისი გმირობის აღმწერი 16 წიგნია, მაგრამ სიკვდილის წინ დარწმუნდება, რომ მათზე მეტია სიყვარულის აღმწერი ერთი წიგნი; მთელი ცხოვრება ჰგონია, რომ მთავარი სიმართლეა, ღრმად მოხუცი კი აღმოაჩენს, რომ შესაძლოა, სიმართლეზე მიმზიდველი იყოს გამონაგონი. აღმოსავლეთის უპირველესი ბრძენი უდასტურებს, რომ ეს ასეა; და, რაც კიდევ მეტია, საკუთარი გულთა ხილვით ხვდება, რომ მისი ხანგრძლივი, გმირობით და სიქველით დახუნძლული ცხოვრება არაფერია იმ უხილავ გრძნობასთან, რამაც მისი უცნაური სტუმრები მრავალი წლის წინ შიშველი ხელებით ქაჯებთან აომა.

* * *

როდესაც ეს მოთხრობა წავიკითხე, უკვე იმ გზაზე ვიყავი შემდგარი, ბოლოს რომ გაპლასტმასებამდე მიჰყავს ადამიანი: დილიდან ღამემდე შეხვედრებზე დარბიხარ; ღამიდან დილამდე კომპიუტერს ხარ მიჯაჭვული; ახლობლების სატელეფონო ზარებს ვერ პასუხობ; მშობლებისთვის ვეღარ იცლი; შვილებს ენატრები... დღეში ათჯერ მაინც გიხდება ბოდიშის მოხდა იმისათვის, რაც უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე, რადგან მოუცლელი იყავი.

და უცებ... შენში შემოდის ნურადინ ფრიდონის ამბავი – სიბრძნითა და სულიერებით დამუხტული. მკაფიოდ გახსენდება, რომ ადამიანი ხარ და ადამიანები გიყვარს. ხვდები, რამდენად აღემატება ეს გრძნობა ყველაფერს, რასაც გუშინ მნიშვნელობას ანიჭებდი. ერთბაშად მოგიცავს უცნაური სიმხნევე, სიმსუბუქე... და ადამიანობის ეს ხიბლი დაგყვება მანამ, სანამ თავიდან გშთანთქავს რუტინა.

ოღონდ, სადღაც, მეხსიერების კუნჭულში, სამუდამოდ რჩება ნურადინ ფრიდონის გაცოცხლებული ხატი და იმედი, რომ შენც ამ უკვდავი ხატის პაწაწინა ნაწილი ხარ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG