Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირა ქართულ პრესაში ორი მთავარი თემით დაიწყო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ალექსანდრ ვერშბოუს მოახლოებული ვიზიტი და ოპოზიციის უახლოესი გეგმები.

” ვერშბოუს ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა“, - განაცხადა ორშაბათს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ. – „ნუ დავიჟინებთ, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის შესაძლოა ურთიერთობების დათბობა ხდებოდეს“, - თქვა მან. – „გაიხსენეთ ობამას გამოსვლა გაეროში. პირდაპირ მედვედევს დაარტყა, როცა თქვა, რეგიონალურ პოლიტიკაში პრივილეგიების დრო წავიდაო. ეს იყო პასუხი მედვედევის განცხადებაზე, რომ რუსეთს კავკასიაში თურმე პრივილეგიები ეკუთვნის.”

მეორე მთავარ თემას კი რაც შეეხება, ორშაბათს ქართულ გაზეთებში დაიბეჭდა რამდენიმე ინტერვიუ ოპოზიციის ლიდერებთან. გაზეთ „მთელი კირის“ პირველ გვერდზე ნახავდით საუბარს ლევან გაჩეჩილაძესთან, რომელმაც ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით გაზეთს უთხრა: ”აქციას ყველა უჭერს მხარს და, მათ შორის, „ალიანსიც“. მაგრამ მათ მთავარ მიზნად მაინც არჩევნებით აღებული და გაფორმებული ხელისუფლება მიაჩნიათ. არის მეორე გზაც, რომელიც უფრო შეურიგებელია და ისინი აქციებს უჭერენ მხარს, მაგრამ სააკაშვილის დანიშნული არჩევნების არ სჯერათ.” „მთელი კვირის“ იმავე ნომერში ამ გზებთან დაკავშირებით „ალიანსი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლოდერი, ფიქრია ჩიხრაძეც, საუბრობს: მისი თქმით, მათ აქვთ კეთილი სურვილი, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაცია არსებობდეს. ” ჩვენ ამ კოორდინაციისათვის მზად ვართ“, - უთხრა მან გაზეთს. – „არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. შეგვიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფორმატში ჩვენი გზის პრეზენტაციაც მოვაწყოთ და ხედვა ყველას გავუზიაროთ. იმედი გვაქვს, ჩვენი ოპოზიციური კოლეგებიც ასეთი განწყობის არიან და ისინიც გააცნობენ თავიანთ კოლეგებს და საზოგადოებას კონკრეტულად რას ნიშნავს მეორე გზა, რომელიც შედეგის მიღწევას არჩევნების გარეშე გულისხმობს.” - ასეთი იყო ფიქრია ჩიხრაძის განმარტება.

“პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიერ გახმიანებულ იდეას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“, - წერდა “24 საათი” სამშაბათს. შევა თუ არა კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შემდეგ? -ისმოდა კითხვა ამ თემასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში.

”კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში შევიდა”, - წერდა უკვე შაბათს ქართული პრესა.

”ნაციონალური ათეულიდან ნაციონალურ ერთეულამდე” - ასეთია გაზეთ „ახალი ალიანსის“ მთავარი პუბლიკაციის სათური. გაზეთი მკითხველს 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი ერთ-ერთი საარჩევნო ბლოკის,

სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის ”, სიას შეახსენებს: კობა დავითაშვილი, მაია ნადირაძე, კოტე კემულარია, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, რომან გოცირიძე, გიორგი არველაძე, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესო ჯუღელი. სწორედ ამ თანმიმდევრობით განლაგდა დიდი ნაციონალური ათეულიო, - წერს გაზეთი და აღნიშნავს: ”სააკაშვილის დიდი ნაციონალური ათეულიდან ამ დრომდე მხოლოდ ვანო მერაბიშვილი შემორჩა.”

გაზეთ „ვერსიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა ასეთი რამ თქვა: “ სულ ვამბობდი, რუსებს ქისტები მიჰყავთ-მეთქი, მაგრამ არავინ მისმენდა. ამ ხალხს კი არ ვამტყუნებ. ხალხს ძალიან უჭირს. რუსები ფულსა და მანქანებს ჰპირდებოდნენ და ამათაც სისულელე ჩაიდინეს. ხეობაში რუსული პასპორტი უკვე ქისტთა 60%-ს აქვს აღებული... ყველას უკვირდა, აგვისტოში რუსები კახეთშიც რატომ არ შევიდნენ. თუმცა გაირკვა, რომ სწორედ დღეისთვის ჰქონდათ შემონახული. დადგება დრო, ისევ არაფერს გვკითხავენ, რუსულ პასპორტებს რეგიონში შემოსვლის საბაბად გამოიყენებენ და რუსულ დროშასაც აგვიფრიალებენ... რატომ არ ვსაუბრობთ პანკისის ხეობაში დაწყებულ პასპორტიზაციაზე, რატომ ვმალავთ ამას?” - უთხრა „ვერსიას“ ხიზრი ალდამოვმა.

“გუშინ მედიაკლუბმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე სამეურვეო საბჭოს 7 კანდიდატი დაასახელა”, - წერდა „რეზონანსი“ შუა კვირაში.
შაბათის „რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაციის სათაური კი ამგვარი იყო: ”პირველ არხზე საკადრო წმენდა დაიწყო”. ეს გახლავთ ინტერვიუ “პირველი არხის” გენერალურ დირექტორთან - გია ჭანტურიასთან. მან გაზეთს უთხრა: “ახალი გადაცემების გაკეთება რასაც მოითხოვს, იმდენ ადამიანს გავუშვებთ”. აი, კიდევ ერთი ამონარიდი ინტერვიუდან:

“ტელევიზია არ არის არც უნივერსიტეტი და არც რამე სხვა ორგანიზაცია, რომელიც დაელოდება მუდმივად იმას, თუ როდის ისწავლიან ჟურნალისტები და როდის გაიზრდებიან. არის უამრავი ადამიანი, რომელსაც იგივე საქმის გაკეთება შეუძლია გაცილებით უკეთესად. ჩვენ ვაპირებთ ახალ ფორმატში 20-21 ადამიანის დაკავებას და ვითხოვთ ამ ადამიანებისგან გაცილებით მეტს, რადგან ამ გადაცემამ უნდა შექმნას მთელი დილის განწყობა. პრობლემა არ არის არანაირი - თუ რომელიმე მათგანი კვლავ ისურვებს ჩვენთან თანამშრომლობას და დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ახალ გადაცემაში გვექნება, მათ მიეცემათ ახალი შანსი არხზე დაბრუნების. ჩვენ პიროვნებების წინააღმდეგი არ ვართ. ჩვენ არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო გავუშვით ისინი არხიდან. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ გადაცემაში მომუშავე ადამიანებს საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში 70 ადამიანი მივიღეთ შტატში”, - უთხრა გაზეთს გია ჭანტურიამ ინტერვიუში, რომელსაც შაბათის ნომერში წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG