Accessibility links

logo-print
სამხრეთ კავკასიის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი ”მე, ადამიანი”, რომლის შესახებ რადიო თავისუფლების მსმენელმა ბევრი რამ იცის და რომელმაც წელს მესამედ აიღო სტარტი, უკვე ჩატარდა სოხუმში, გაგრაში, ცხინვალში, ერევანში, ბაქოში და თბილისამდეც მოაღწია... ამ კვირის მიწურულს ისტორიის მუზეუმის შენობაში დაიწყო საფესტივალო ფილმების ჩვენება და მშვიდობის თემაზე დისკუსია, რომელშიც განსხვავებული პროფესიის ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.

პირდაპირ ვიტყვი: ეს იყო ფესტივალი, რომელმაც გამაკვირვა და, ამავე დროს, საბოლოოდ დამარწმუნა, რომ საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრება არ დუღს, მაგრამ შეიძლება რომ დუღდეს... კარგ კინოს დიდ ეკრანზე საერთოდ არ უჩვენებენ, მაგრამ შეიძლება რომ უჩვენონ - თანაც, სავსე დარბაზებში... პრობლემა ისაა, რომ კინოთეატრები საქართველოს რეგიონებში ან დაინგრა, ან რესტორნებად და მაღაზიებად გადაკეთდა. კინოთეატრი არც ბოლნისში არსებობს, მაგრამ არის ახლად გარემონტებული კულტურის სასახლე, სადაც სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალის ფილმების ჩვენება სამი დღე მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ განაცხადი სამშვიდობო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბოლნისის რაიონიდან ჯერ კიდევ სამი წლის წინ შემოვიდა ფესტივალის საბჭოში... მაგრამ ბოლნისი ფინალში ვერ გავიდა... იგივე მოხდა შარშან... ფესტივალის საბჭო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მიიჩნევდა, რომ ბოლნისი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონი სამშვიდობო ფესტივალის ჩასატარებლად, როგორიცაა, მაგალითად, ჩეჩენი ლტოლვილებით დასახლებული ახმეტა თუ ჯავახეთი... მაგრამ ფესტივალის ადგილობრივმა ორგანიზატორმა, აქაური ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ირმა ზურაბაშვილმა, უკან მაინც არ დაიხია: წელს მოიფიქრა პროექტი, რომელიც, ფილმების ჩვენებისა და მშვიდობის თემაზე დისკუსიის გარდა, სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც ითვალისწინებდა: ბავშვთა ნახატების გამოფენას (მშვიდობის თემაზე); კონცერტს, რომელშიც ბოლნისელი მომღერლები და მოცეკვავეები იღებდნენ მონაწილეობას (მათ იშვიათად ეძლევათ შანსი გამოვიდნენ ხალხით სავსე კულტურის სასახლის სცენაზე); სპექტაკლს, სკოლა ”დავითიანის” მოსწავლეთა მონაწილეობით...სხვათა შორის, სპექტაკლის ავტორი, სკოლა ”დავითიანის” დირექტორი მარინა გორშკოვა, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია. თუმცა ბოლნისში გამართული ფესტივალის ლამის სახედ ირმა ზურაბაშვილი იქცა. ირმას თქმით, ფესტივალის მოწყობაში მას ყველაზე მეტად სკოლა ”დავითიანი” დაეხმარა.

ბოლნისის კულტურის სასახლე დაახლოებით ოთხას მაყურებელს იტევს. მშვიდობის ფესტივალი 14 ოქტომბერს, მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღეს, გაიხსნა, როცა ბოლნისელების ნაწილი თბილისში იყო... მაგრამ დარბაზი თითქმის გაივსო. პროგრამაში ჩართულ ყველა ფილმს - სულ ერთია, ბირმის სამოქალაქო ომს ეხებოდა თუ ლიბერიელ ქალთა აქტიურობას - ბოლნისელებმა ყურადღებით უყურეს. მშვიდობის ფესტივალს ეთნიკურად არაქართველებიც არ აკლდა... ირმამ გვითხრა, რომ სოფლად მცხოვრები აზერბაიჯანელი ბავშვების დაინტერესება ფესტივალის პროგრამაში ჩართული ფილმებით ცოტა ძნელი იყო...მაგრამ ორგანიზატორებმა აუხსნეს, რომ ამ ფილმებს უყურებენ აზერბაიჯანელი ბავშვებიც, უყურებენ მთელ კავკასიაში, რაც, ირმა ზურაბაშვილის თქმით, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეს ბავშვები არა მარტო ფილმებს, არამედ დისკუსიასაც დასწრებოდნენ...თუმცა დისკუსიაში ამ ახალგაზრდებს არ უაქტიურიათ... ენის პრობლემააო, აგვიხსნა ირმა ზურაბაშვილმა, თუმცა ისიც დაამატა, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ ბავშვებმა ქართული ისწავლონო.

ქართველებსაც თუ აქვთ ბოლნისში აზერბაიჯანული ენის სწავლის სურვილი? -ვკითხეთ ბოლნისელებს დისკუსიაზე, რომელიც ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა. ცოტა დაიბნენ, თუმცა მაინც გაახსენდათ აზერბაიჯანულის მცოდნეები, მაგალითად, ქართულის მასწავლებლები, რომელთაც აზერბაიჯანულ სოფლებში უწევთ მუშაობა. პირადად მე მშვიდობის ფესტივალის დისკუსიებს სხვა ქალაქებსა და სოფლებში დავსწრებივარ, მაგრამ ასეთი საინტერესო, ცოცხალი დისკუსია არ მახსოვს... ისაუბრეს არამარტო მშვიდობის მიღწევის გზებზე სამხრეთ კავკასიაში... ბოლნისელებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებზე, ბავშვების აღზრდაზე, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია ინტეგრაცია და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ინტეგრაციის პროცესში თვითმყოფადობა.

ამ დისკუსიის დროს მივხვდი, რაოდენ სერიოზული შეცდომა დაუშვა მშვიდობის ფესტივალის საბჭომ, აქამდე ორჯერ რომ უთხრა უარი ბოლნისს ”მე, ადამიანის” ჩატარებაზე - ბოლნისის რაიონი ხომ ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული რეგიონია კავკასიაში... რეგიონს აქვს პრობლემები, მაგრამ ფაქტია: განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ერთად უყურებენ მშვიდობის თემაზე გადაღებულ ფილმებს და სურათების დასრულების შემდეგ ამბობენ, რომ კონფლიქტი და დაპირისპირება აქ არავის უნდა.
XS
SM
MD
LG