Accessibility links

logo-print

ჰოლივუდისა და პენტაგონის „კვირეული“ საქართველოში


ფილმის გადაღების პროცესი საქართველოს პარლამენტის წინ

ფილმის გადაღების პროცესი საქართველოს პარლამენტის წინ

გასული კვირის მოვლენებიდან გამორჩეული იყო საქართველოში ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი, თუმცა ქართული საზოგადოებისა და მედიის ყურადღება უფრო მეტად ჰოლივუდის ვარსკვლავის ენდი გარსიას ორდღიანმა სტუმრობამ მიიპყრო.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოში სტუმრობისას პრეზიდენტ სააკაშვილსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა, 20 ოქტომბერს კი ალექსანდრ ვერშბოუმ ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფთან საქართველოს თავდაცვითი სისტემის მდგომარეობაზე, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისა და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა:

ალექსანდრ ვერშბოუ
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე მის სწრაფვას ნატოსკენ. ამჟამად ჩვენი ყურადღების სფეროშია დოქტრინაზე მუშაობა, სამხედრო განათლების დონის ამაღლება, წვრთნები... ეს გრძელვადიანი პროცესია, რაშიც ამერიკა იქნება ჩართული. უახლოეს წლებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო, თუმცა, ამავე დროს, ჩვენ არ გადავდგამთ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯებს საწინააღმდეგოდ ჩვენი საერთო ინტერესებისა, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას გულისხმობს.”

ვიზიტის ბოლოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა ამერიკის დახმარებით საქართველომ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილის სტუმრობით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ ვერშბოუს შეხვედრა ქარტიის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფთან ნაყოფიერი იყო:

”ყველა, ვინც იცნობს საქართველო-ამერიკას შორის დადებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას, იცის, რომ კერძოდ ამ ჯგუფის ამოცანა არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და ნატოს სტანდარტებთან მიახლოება. ის დახმარება, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს სამხედრო განათლების, სამხედრო დოქტრინის ჩამოყალიბების საკითხებში, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის და ჩვენ გვაქვს იმედი და საფუძველი, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდება.”

გიგა ბოკერიამ ისიც თქვა, რომ რუსეთის მიმართ ამერიკის პოზიცია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კვლავინდებურად მკაცრია.

ენდი გარსია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს
სხვათა შორის, გასულ კვირაში 2008 წლის 12 აგვისტო მხოლოდ პოლიტიკოსებს არ გახსენებიათ. რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმში, რომლის გადაღება საქართველოში მიმდინარეობს, შევა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე ხუთი ქვეყნის პრეზიდენტების მონაწილეობით გამართული მიტინგის ამსახველი ეპიზოდი. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ცნობილი მსახიობი ენდი გარსია თამაშობს. ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ქართულმა მედიამ მისი სტუმრობის გაშუქებას თითქმის მთელი კვირა დაუთმო. საინფორმაციო საშუალებების მსგავსად, რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმის გადაღებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, კერძოდ, პაპუნა დავითაია, ფილმის იდეის ერთ-ერთი ავტორი და საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელმაც გასულ კვირაში სხვა, ასევე მნიშნველოვანი საკითხის განხილვაშიც მიიღო მონაწილეობა. 20 ოქტომბერს პარლამენტმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას -გარდაცვალების გარემოებათა დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას უყარა კენჭი.

კომისიის შექმნას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. აი, რა უთხრა ეკა ხერხეულიძემ რადიო თავისუფლებას:

„არ მგონია, რომ ვინმე თავს გადადებს და საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის. ამას აკეთებენ მოვალეობის მოხდის მიზნით და პოპულისტური მოსაზრებებით.“

კონსტანტინე გამსახურდია
კომისიის შექმნის იდეა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის. გასულ კვირაში გამოითქვა ვარაუდი, რომ უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივას მხარი პრაგმატული მოსაზრების გამო - კონსტანტინე გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნების მიზნით - დაუჭირა. თავად პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის გადაწყვეტილებაც მოიწონა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა. გაირკვა, რომ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტსგარეთა ოპოზიციასა და მათ მიერ ინიცირებულ აქტივობებთან ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს, დეპუტატობის პირველ ეტაპზე არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს და ფიქრობს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშაოს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღება, უკანონო პატიმრები, პოლიტპატიმრები და სხვ.

გასულ კვირაში საქართველოში ასევე იმყოფებოდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, რომელმაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. პიტერ სემნების დღის წესრიგში უმთავრესი ორი საკითხი იყო: საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პიტერ სემნებიმ განაცხადა:

პიტერ სემნები
„სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის ახლა უკეთესი პირობებია, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში იყო. ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს თავშეკავება და მონაწილეობა მიიღოს უფრო ტრადიციულ პოლიტიკურ ჩარჩოებში მიმდინარე პროცესებში, ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ შექმნილმა საკონსულტაციო ფორმატებმა შედეგი მოიტანოს.“

შედეგებს, თუმცა სრულიად არაპოლიტიკურს, გასული კვირის მიწურულს თბილისის ქუჩებში აჯამებდნენ. 30-ე საიუბილეო თბილისობაზე დედაქალის ისტორიულ უბნებში ბაზრობები, კონცერტები და ხალხური რეწვის გამოფენები გაიმართა, საგანგებოდ გაკეთებულ გიგანტურ საწნახელში კი ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, თბილისელების დახმარებით, კახეთიდან ჩამოტანილი 6 ტონა ყურძენი დაწურა.

ტრადიციულად, ორდღიანი თბილისობა სხვადასხვა სახის კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოებითა და საპატიო თბილისელების დასახელებით დასრულდა.
XS
SM
MD
LG