Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში რამდენიმე თემა მოექცა. საქართველოს შესახებ დაწერილი სტატიების უმრავლესობა ეხებოდა გადაღების პროცესში მყოფ ჰოლივუდის ფილმს, რომელიც გასული წლის აგვისტოს ომს ასახავს და რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ცნობილი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რაც შეეხება გლობალური პოლიტიკის თემებს, ამ კვირაში დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში, სხვა საკითხებთან ერთად, ლისაბონის ხელშეკრულება, ავღანეთის არჩევნები და ცენტრალურ ევროპაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო.

19 ოქტომბერს ევროპის გაზეთების ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულება და მისი ბოლო დაბრკოლება - ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი - იყო. ავსტრიის ყოველდღიური გაზეთი „სტანდარდტი“ კლაუსის გადაწყვეტილებას, ბოლოს და ბოლოს, მოაწეროს ხელი ლისაბონის ხელშეკრულებას, „გონივრულს“ უწოდებს. „არავინ ამბობს, რომ ლისაბონის ხელშეკრულება ყველაფრის პასუხი იქნება. მაგრამ ათწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება ეს ახალი წესები, რომლებიც უფრო დიდ თანამეგობრობასთანაა მისადაგებული. ეს ცვლილებები, დემოკრატიის თვალსაზრისით, პროგრესს მოიტანს - მაგალითად, ევროპარლამენტს გააძლიერებსო“, - ვკითხულობთ ავსტრიულ „სტანდარდტში.“

20 და 21 ოქტომბერს ევროპის პრესა ბევრს წერდა ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე - კერძოდ, ორი თვის წინ ჩატარებული არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე. ორშაბათს გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა საარჩევნო საჩივრების კომისიამ ასიათასობით ბიულეტენი გააუქმა.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატორული „ტაიმსი“ 20 ოქტომბრის ნომერში წერდა, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი უნდა დათანხმდეს ხელმეორე კენჭისყრაზე, იმიტომ რომ ავღანეთს ლეგიტიმური მთავრობა სჭირდებაო. „ბატონმა კარზაიმ“, - ვკითხულობთ გაზეთში, - „ადგილობრივი ერთგული ძალებისა და მოკავშირეების რთული ქსელი განავითარა. უკვე გარკვეული პერიოდია, რაც მას თავი დასავლეთის ინტერესებისგან ავღანეთის დამცველად მოაქვს. პარადოქსია, მაგრამ კარზაი, ამავე დროს, დასავლეთისთვის ავღანეთის ყველაზე ნაკლებად ცუდ სიმბოლურ ლიდერად რჩება და შესაძლოა გრძნობს, რომ მას რეალურად ვერ მოიშორებენო“, წერია გაზეთში. „ტაიმსის“ კორესპონდენტი განაგრძობს: „ბატონმა კარზაიმ უნდა გაიგოს, რომ მას შეუძლია იყოს ან თავისი ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესში ჩართული პარტნიორი, ან მარგინალური და გაბანკროტებული ფიგურა… ასეა თუ ისე, აღარ შეიძლება ჩვენი ჯარისკაცები კორუმპირებული რეჟიმის დაცვისას იხოცებოდნენ. ავღანეთს ლეგიტიმური მთავრობა უნდა ჰყავდესო“, - ვკითხულობთ 20 ოქტომბრის „ტაიმსში“.

ავღანეთი ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში 21 ოქტომბერსაც დარჩა, როცა გამოცხადდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლამ პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აიძულა ხელახალი არჩევნები დაენიშნა. კენჭისყრაში, რომელიც 7 ნოემბრისთვის დაინიშნა, ჰამიდ კარზაის კონკურენციას ძველი მეტოქე, აბდულა აბდულა, გაუწევს.

პორტუგალიის ყოველდღიური „დიარიო დე ნოტიციასი“ 21 ოქტომბერს წერდა, რომ კარზაის გადაწყვეტილება, დასთანხმებოდა ხელმეორე კენჭისყრას, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის გამარჯვება იყო. გაზეთის აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ დანებებოდა და ავღანეთში მეტი ჯარი გაეგზავნა, ქაბულში კვლავაც არაკომპეტენტური და კორუმპირებული მთავრობა დარჩებოდა.

პორტუგალიურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ობამამ მტკიცედ დაიცვა თავისი პირობა, ჯარის რაოდენობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ავღანეთს ლეგიტიმური მთავრობა ეყოლებაო. კარზაი დანებდა: მან აღიარა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ახლა ის კვლავაც პარტნიორია. მაგრამ კარზაი არ უნდა მოტყუვდეს: თუ ობამასთვის არც არჩევნების მეორე ტური იქნება დამაჯერებელი, ის კვლავაც უარს იტყვის ჯარის გაგზავნაზე. „ვაშინგტონის და საერთაშორისო თანამეგობრობის გამარჯვება ნამდვილი უნდა იყოს - ისეთივე ნამდვილი, როგორიც ის ჯარისკაცები არიან, რომლებსაც ავღანეთში თალიბანის ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად გზავნიანო“, - წერს პორტუგალიის ყოველდღიური „დიარიო დე ნოტიციასი“ 21 ოქტომბერს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიმდინარე კვირაში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, ცენტრალურ ევროპაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი იყო. ბაიდენის ტურნე ითვალისწინებდა გაჩერებებს ვარშავაში, ბუქარესტსა და პრაღაში. სტატიების ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ვიზიტამდე ერთი თვით ადრე შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე. ამის სანაცვლოდ, ვკითხულობთ ბრიტანეთის „გარდიანის“ 21 ოქტომბრის ნომერში, ვაშინგტონი ახლა უპირატესობას ანიჭებს სხვა სისტემას, რომელიც ირანიდან წამოსულ მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების მოგერიებას შეძლებსო. „ეს ცვლილება ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკიდან ერთ-ერთი ყველაზე დრამატული დაშორებაა, რაც კი აქამდე მომხდარაო“, - აღნიშნავს „გარდიანი“ და განაგრძობს: ამ ვიზიტისას „ვიცე-პრეზიდენტის ერთ-ერთი მიზანი იქნება ვარშავა და პრაღა დაარწმუნოს, რომ შეერთებული შტატები თავისი ნატოელი მოკავშირეების მხარდაჭერაზე უარს არ ამბობს და რომ მას ცვლილებები მხოლოდ სარაკეტო თავდაცვით სტრატეგიაში შეაქვსო.“

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავდაცვის სისტემის განლაგების შესახებ შეერთებული შტატების ახალ გეგმას 23 ოქტომბერს ენთუზიაზმით გამოეხმაურა რუმინეთში გამომავალი გაზეთი „ადევარული“. გაზეთში ვკითხულობთ: „ვინმეს ამ ბოლო დროს დასიზმრებია კოშმარები ირანულ რაკეტებზე? ალბათ, არა. ბუშის ადმინისტრაციის დროს შემუშავებული ანტისარაკეტო სისტემა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის ინტერესის საგანს სხვა მიზეზით წარმოადგენდა - რუსეთის გამო. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფნა არა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადისგან იქნებოდა გარანტია, არამედ მოსკოვიდან მომავალი პოტენციური ზეწოლისგან, რომელიც რეგიონში ბევრად უფრო აქტიურია. ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ეს ამოძრავებდა აღმოსავლეთ ევროპის იმ 22 ყოფილ პოლიტიკურ ლიდერს ... რომლებმაც შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდეს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მათი რეგიონის ინტერესები არ შეეწირა მსხვერპლად. ... შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მესიჯი ძლიერ ანტისარაკეტო სისტემას არ უკავშირდება, მაგრამ სამსახურს ისიც გაგვიწევს“, - ვკითხულობთ რუმინეთის გაზეთ „ადევარულის“ 23 ოქტომბრის ნომერში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG