Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელუჯების ექსტრემისტული გაერთიანება ჯონდალაჰის პროფილი


საპროტესტო გამოსვლა ირანში
საპროტესტო გამოსვლა ირანში
ახლახან ირანში, ამ ქვეყნის რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ, სახელი გაუვარდა ჯონდალაჰს, მაჰმადიან სუნიტთა გაერთიანებას, რომელიც ბელუჯისტანშია დაფუძნებული. ბელუჯისტანი ქვეყანა არაა. ბელუჯებს - ირანში, პაკისტანსა და ავღანეთში, ასევე სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს - სახელმწიფო არა აქვთ. ირანში მათი ბრძოლა თვითგამორკვევისთვის ირანის ხელისუფალთა წინააღმდეგ ბრძოლაა. საქმეს სიმძაფრე შესძინა ირანის მთავრობის ბრალდებამ, ჯონდალაჰს აშშ-ისა და ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურები უჭერენ მხარსო, რასაც ეს ქვეყნები უარყოფენ. ირანის მთავრობისა რა გითხრათ, მაგრამ ბელუჯებს ბრიტანეთის მიმართ, არ არის გამორიცხული, ძველი ანგარიში ჰქონდეთ. მათი საცხოვრებელი არეალი, - ინდოეთის, მოგვიანებით კი, პაკისტანის წარმოქმნის შემდეგ, - სულ მცირე, ორ ნაწილად - პაკისტანსა და ირანს შორის გაიყო. ეს გაყოფა ბრიტანეთის მონაწილეობითაც მოხდა. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრას ბელუჯების ერთ-ერთი ტომი, რომლის მეთაურები კომუნისტები იყვნენ, ავღანეთის სხვა ხალხებისგან განსხვავებით, განთავისუფლების იმედით შეხვდა. ახლა ირანში მილიონ-ნახევარი ბელუჯი ცხოვრობს. 18 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, ირანის მთავრობამ აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად პაკისტანიც დაადანაშაულა ჯონდალაჰთან კავშირში და ბრალი დასდო, მის ლიდერს, აბდოლმალექ რიგის, მხარს უჭერენო. სამივე ქვეყანამ არა მხოლოდ უარყო ბრალდება, დაგმო კიდეც ტერაქტი, მაგრამ ირანი მაინც თავისას ითხოვს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისლამაბადისგან მოითხოვა, დაეხმაროს ამ გაერთიანების ალაგმვაში და გადასცეს მისი წევრები:

„ჩვენ ვთხოვეთ პაკისტანის მთავრობას, აღარ გადადოს ამ ტერორისტული თავდასხმის მთავარ მონაწილეთა დაკავება. ჩენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პაკისტანის უშიშროება ამ ტერორისტული აქტის მონაწილეებთან თანამშრომლობს. ჩვენი უფლებაა, მოვითხოვოთ ეს დამნაშავეები.“

ჯონდალაჰს არაერთი მსხვილი თავდასხმა მოუწყვია ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში. ჯონდალაჰმა თავის თავს სახელი შეუცვალა და „ირანის ხალხთა წინააღმდეგობის მოძრაობა“ უწოდა. ასეთ გაერთიანებებს იოლად შეუძლიათ ნებისმიერ რეგიონში არსებული სტაბილურობა შეცვალონ. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლონდონში მცხოვრებ აბდოლსათარ დოშუქის, რომელმაც პოლიტიკურ აქტივისტობას თავი ანება და ანალიტიკოსი გახდა. მისი თქმით, ბელუჯთა ერთ-ერთი მეთაური, აბდოლმალიქ რიგი, მგზნებარე ახალგაზრდა მიმდევარი იყო სუნიტიზმისა. ირანის მთავრობასთან დაპირისპირების შედეგად, მას მხარდაჭერა გამოუცხადეს მისი მშობლიური რეგიონის ახალგაზრდა ბელუჯმა რელიგიურმა ფანატიკოსებმა. გაერთიანება ჯონდალაჰი, რომელიც ძალადობაზე აგებს თავის სტრატეგიას, სულ უფრო მეტ მომხრეს და თაყვანისმცემელს პოულობს ბელუჯთა შორის, რომლებიც ამ გაერთიანებას მათი თვითმყობადობისთვის მებრძოლად მიიჩნევენ. თვითმყობადობას კი, მათივე თვალსაზრისით, თეირანი ხელყოფს:

„ბელუჯები ორმხრივ დისკრიმინაციას განიცდიან. პირველი ესაა, რელიგია. ბელუჯების უმეტესობა სუნიტები არიან, ირანის რეჟიმი კი შიიტურია. მეორე მხრივ, ბელუჯების დისკრიმინაცია ხდება ეთნიკურ ნიადაგზე. ოფიციალური პირების სრული უმრავლესობა სპარსულენოვანია. ეს დაძაბული ურთიერთობა და მტრობა რეჟიმსა და ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა და, შესაბამისად, ყოველთვის იყო ხალხსა და რეჟიმს შორის ფარული ომი.“

მიუხედავად იმისა, რომ ბელუჯების სამშობლო სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო გზაზე მდებარეობს; მიუხედავად იმისა, რომ იქ არის გაზის და ნავთობის გამოუყენებელი საბადოები, ამ უმრავლესობამ ვერ მოახერდა თავი დააღწიოს სიღარიბეს და დისკრიმინაციას. ამ ერის 8 მილიონიანი ნაწილი, როგორც გითხარით, ირანის ზეგანზე - პაკისტანში, ირანში, ავღანეთში - სახლობს, ნაწილი - თვით არაბეთის ზღვის პირას. მათი 60 პროცენტი პაკისტანშია. ბელუჯებმა არაერთი შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს ავტონომიის მოსაპოვებლად, თუმცა იქ მათი ამბოხი და პოლიტიკური წინააღმდეგობა სეკულარული ბუნებისაა. სხვაგვარი ვითარებაა ირანში. როგორც ლონდონელი ექსპერტი დოშუქი ამბობს, მეჩეთია ის ადგილი, სადაც ირანელ ბელუჯებს შეუძლიათ გაერთიანდნენ. იქ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, იბადება სუნიტური ექსტრემიზმი, შეზავებული ეთნონაციონალიზმსა და სეპარატიზმთან. თავისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული,ჯონდალაჰმა ათამდე თავდასხმა მოაწყო, მის სახელთანაა დაკავშირებული ირანში სამხედრო და სამოქალაქო პირების გატაცება. შარშან დეკემბრიდან ჯგუფმა თვითმკვლელების მეშვეობით თავდასხმა მოაწყო. თეირანი ძალით ცდილობდა და ცდილობს ჯონდალაჰის წინააღმდეგობის დაძლევას: აპატიმრებს მომხრეებს, სჯის წევრებს და ასე შემდეგ. მაგალითად, პაკისტანმა შარშან ირანს აბდოლჰამიდ რიგი გადასცა, გაერთიანების ახლანდელი ლიდერის უმცროსი ძმა. ის ახლა ირანში სიკვდილით დასჯას ელის. დოშუქი ამბობს, რომ ირანს არასოდეს უთქვამს დაზუსტებულად, რას გულისხმობს, როცა ამ გაერთიანებასთან აშშ-ის, ბრიტანეთისა და პაკისტანის კავშირზე ლაპარაკობს. მისი აზრით, ჯონდალაჰი რეგიონის ქვეყნებს შორის თამაშში პაიკია. ის არ გამორიცხავს, პაკისტანი მხარს უჭერდეს ჯონდალაჰს იმის საპასუხოდ, ვითომ ინდოეთი აფინანსებდა ბელუჯ მეამბოხეებს, რომლებიც ირანიდან პაკისტანის არმიას ებრძოდნენ.

„ირანელებს აქვთ გარკვეული მტკიცებულება და მიზეზი, სჯეროდეთ, რომ პაკისტანი ჯონდალაჰს მხარს უჭერს ან, სულ მცირე, არაა მის მიმართ მკაცრი. პაკისტანი, ჩემი აზრით, ირანის წინააღმდეგ განეწყო, როცა თეირანმა არ შეუშალა ხელი ინდოეთის საკონსულოს სისტან-ბელუჯისტანის რეგიონში, დახმარებოდა ბელუჯ პოლიტიკურ აქტივისტებს თუ თვით შეიარაღებულ სეპარატისტულ ჯგუფებს, ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის ჩათვლით. ასე რომ, ორივე მხრიდან არის ურთიერთუკმაყოფილება, ეხმარებიან ჯონდალაჰს თუ არა. ჩემი აზრით, მართლაც არაა გასაგები, რა ხდება ამ მხრივ.“

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქ კეტაში, მუშაობს უფლებადამცავი თაჰირ მუჰამად ხანი. მან რადიო თავისუფლებას ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ ჯონდალაჰის გასაგებად ექსტრემისტული იდეოლოგიების კომპლექსურ ურთიერთკავშირში, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ერთიან ქსელებსა და გასამხედროებული ორგანიზაციების ალიანსებში გარკვევაა საჭირო.

ხანი აცხადებს: კი, ჯონდალაჰის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თეირანისგან ვიღებთ და მისი შემოწმება ძნელია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჯონდალაჰი ექსტრემისტული ორგანიზაციაა, რომელიც დახმარებას ბელუჯი ნაციონალისტებისგან იღებს პაკისტანიდანო. მისთვის ისიც ცხადია, რომ ის თეირანის სასულიერო რეჟიმს ებრძვის. ჯონდალაჰი, გვითხრა ხანმა, თავის კადრებს რელიგიური სკოლებიდან იღებს - ამ მხრივ კი მას კავშირი აქვს შეკრული პაკისტანელ თალიბებთან და სხვა ექსტრემისტულ სუნიტურ ჯგუფებთანო.

„ვერც ერთი ჯგუფი, სამხედრო ორგანიზაციების ჩათვლით, ვერ გადარჩება სახსრების გარეშე. როცა ამზადებენ თვითმკვლელის თავდასხმას, მათ დიდი თანხები სჭირდებათ. ჯონდალაჰის მთავარი მოკავშირე თალიბი მეთაურის ბაითულაჰ მეჰსუდის ხელმძღვანელობთ მოქმედი ქსელია. მათი მთავარი მიზანი შიიტების ხოცვა და შიიტიზმის განადგურებაა.“

ხანი ვერ ხედავს პაკისტანის მოტივს, მხარი დაუჭიროს ჯონდალაჰს, როგორც სახელმწიფო იარაღს, რადგან ისლამაბადს არ სურს ირანთან ურთიერობის გაუარესება. მაგრამ, მისი ვარაუდით, დასავლეთის ძალები, რომლებიც ავღანეთში მოქმედებენ, შეიძლება ბელუჯების სასაზღვრო არეალს ირანის სუსტ წერტილად მიიჩნევდნენ და ისეთ გაერთიანებას, როგორიც ჯონდალაჰია, ზეწოლის საშუალებად იყენებდნენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG