Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში ქართულ- რუსულ- ოსურ- აფხაზურ პროექტს განიხილავენ


იოჰან ვერბეკე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი (მარცხნივ), პიერ მორელი, ევროკავშირის სპეციალური ელჩი (ცენტრი) და ქრისტოპულოს ჰარალამპოსი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი
იოჰან ვერბეკე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი (მარცხნივ), პიერ მორელი, ევროკავშირის სპეციალური ელჩი (ცენტრი) და ქრისტოპულოს ჰარალამპოსი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი
11 ნოემბერს ჟენევაში მხარეებს შორის დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართება. ამ შეხვედრის მთავარი საკითხი მხარეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროექტის განხილვა იქნება. ქართულმა, რუსულმა, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა პროექტის საკუთარი ვარიანტები უკვე წარუდგინეს თანათავმჯდომარეებს. ამ პროექტების მიხედვით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ერთობლივ შეჯერებულ ვარიანტს ამუშავებენ და მხარეებს წარუდგენენ.

ცოტა ხნის წინ ცხინვალში ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის უკვე შეჯერებული სქემა წარუდგინეს. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევისთვის ეს პროექტიც მიუღებელია, თუმცა დისკუსიის გამართვა აუცილებელად მიაჩნია.

ცხინვალში კონსულტაციებისთვის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტოპულოს ჰარალამპოსი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის სპეციალური ელჩი პიერ მორელი იმყოფებოდნენ.

კონსულტაციების დასასრულს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის მერვე რაუნდი მძიმე იქნება, რადგან მხარეებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროექტის საკუთარი ვარიანტი აქვთ. ამის გამო მეთოდური მუშაობა უნდა გაგრძელდეს და თვის ბოლომდე, კონსულტაციების შემდეგ, მხარეებს კიდევ ერთხელ დაეგზავნებათ პროექტის შეჯერებული და ჩასწორებული ვარიანტი.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროექტის გარდა, მხარეები ჟენევაში ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ; გაგრძელდება აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ახალგორის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებზე მსჯელობა.
XS
SM
MD
LG