Accessibility links

logo-print
„პარლამენტში სხვა ოპოზიციონერების შესვლასაც ელოდებიან“, - წერს გაზეთი „მთელი კვირა“. კონსტანტინე გამსახურდიას შემდეგ, პარლამენტში კიდევ ორი პოლიტიკოსის შესაძლო შესვლაზე ალაპარაკდნენ. ბაღათურიას თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა იგი ამ პირების დასახელებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან შიშობს, წინასწარი განცხადების შემდეგ მათ გადაწყვეტილება არ გადაიფიქრონ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული სიცრუეა. როგორც სტატიის ავტორი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბაღათურია ცდილობს არ გაამხილოს იმ ოპოზიციონერთა სავარაუდო ვინაობა, რომლებიც პარლამენტში შესვლას გეგმავენ, მცირე მინიშნებას მაინც აკეთებს და, ამ მინიშნების მიხედვით, ეს პოლიტიკოსები, შესაძლოა, გუბაზ სანიკიძე და კობა დავითაშვილი იყვნენ. ორივე მათგანი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. კობა დავითაშვილი ჯონდი ბაღათურიას ცრუპენტელას უწოდებს, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი ტყუილს: ”კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი პარლამენტში შესვლა გამორიცხულია”, - აცხადებს დავითაშვილი ჟურნალისტთან საუბარში.

აღნიშნულ საკითხზე წერს დღევანდლი ”ახალი თაობაც”, სადაც იბეჭდება ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან, ყოველგვარი კითხვის ნიშნისა და ვარაუდებისაგან თავისუფალი სათაურით - ”პარლამენტში კიდევ ორი ოპოზიციონერი შედის”. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუშიც ადასტურებს ჯონდი ბაღათურია იმას, რომ პარლამენტართა რიგები კიდევ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსით შეივსება.

”დასავლეთი არჩევნების გაყალბებაზე თვალს აღარ დახუჭავს”, - აღნიშნავს ირაკლი ალასანია გაზეთ „მთელი კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. როგორც უკანასკნელ პერიოდში გაცხადდა, არც სარადარო სისტემები და არც ამერიკული ბაზები საქართველოში არ განთავსდება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკაში პრიორიტეტი აღარ იქნება? იგრძნობა თუ არა ტალიავინის კომისიის დასკვნის შემდეგ დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა, მიიღებენ თუ არა მაპ-ის გარეშე საქართველოს ნატოში, რეალურად შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა არის სააკაშვილის სამი ყველაზე დიდი მიღწევა და სამი საბედისწერო შეცდომა - ამ და სხვა საკითხებზე გაზეთი „მთელი კვირა“ ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას ესაუბრა.

„კონსერვატორები გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ“, - წერს გაზეთი „მთელი კვირა“. - ”ისეთი იდეოლოგიის პროპაგანდა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის, აკრძალულია. თუ მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოს ფუნდამენტია და მას უდიდესი როლი აკისრია ქვეყანაში, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შეზღუდული. ჩვენ სისხლის სამართლებრივი სანქციების ნაცვლად ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები უნდა ავამოქმედოთ”, - აცხადებს კონსერვატორი კახა კუკავა გაზეთ „მთელ კვირასთან“ საუბრისას.

„რევოლუციას არ დავუშვებთ. თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს“, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელიც ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან, აქვეყნებს ინტერვიუს. ”არჩევნებში მონაწილეობა არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, ვინაიდან „ალიანსი“ თვლის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების უმოკლესი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ

საარჩევნო გარემო შეიცვლება”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

სამ გვერდს უთმობს გაზეთი ”ვერსია” პასუხის ძიებას კითხვაზე, თუ ვინ დაგეგმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, სიკვდილი. მითხარით, ვის აწყობდა მკვლელობა და გეტყვით, ვინაა დამნაშავე. ამ პრინციპის გამოყენებით, ”ვერსია” შეეცდება გაარკვიოს პასუხი კითხვებზე, რომლებიც დღემდე იდუმალებითაა მოცული. როგორც სტატიის ავტორები წერენ, მათ მიერ შერჩეული რესპონდენტები საქართველოს პირველი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები და თანამებრძოლები არიან: თენგიზ სიგუა - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი; თემურ ქორიძე - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; გელა ჩორგოლაშვილი - უზენაესი საბჭოს წევრი, „ქარტია 91“-ის ერთ-ერთი ლიდერი; გიგლა გობეჩია - დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელმაც გამოიძია გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტი.

ძახილის ნიშანი და კითხვის ნიშანი - აი, ამ სასვენი ნიშნებით ბოლოვდება გაზეთ „ქრონიკაში“ სათაური ”გურამ შარაძის მკვლელი „ქრონიკამ“ იპოვა”. როგორც სტატიის ავტორი წერს, მან ის ინტერნეტპორტალის ”ოდნოკლასნიკების” მეშვეობით, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ”ერთი სიტყვით, გამოვიცანი, ძვირფასო მეგობრებო, - გურამ შარაძის ერთ-ერთი მკვლელი (ამას მე არ ვამბობ, ასე მოიხსენიებენ მას შარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები) მიგზავნიდა წერილებს ჩემს პორტალზე”. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს ადამიანი ოთარ ქაროსანიძეა. ოთარ ქაროსანიძე შარაძეს ე.წ. მესიჯებს თურმე მაშინაც უგზავნიდა და ემუქრებოდა, როცა ცოცხალი იყო, ხოლო შარაძის გარდაცვალების შემდეგ მის მობილურზე გაჩნდა მესიჯები: ”ხომ ჩაგაძაღლეთ, შე ფაშისტო”, - წერს ავტორი.

რაც შეეხება კულტურას, ”ცეკვის უხეირო მაგია” -ასეთი სათაურით აქვეყნებს გაზეთი „24 საათი“ სტატიას ირლანდიური ცეკვის დასის საქართველოში გასტროლების შესახებ. „რამდენად მოახერხეს ჩრდილოელმა სტუმრებმა დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თავიანთი ცეკვით ცეცხლის დანთება, ეს, ალბათ, დიდხანს დარჩება განხილვის თემად. კონცერტის მსვლელობისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გზაში არა მხოლოდ მოცეკვავეების ფეხსაცმელი, არამედ მოცეკვავეც დაიკარგა, დასის შევსება კი ელემენტარული მოძრაობების მცოდნე ადგილობრივი მოცეკვავეებით შეძლეს. სხვა ახსნის მოძებნა, უბრალოდ, შეუძლებელია - სცენაზე არც რივერდანსის ცნობილი სინქრონულობა ჩანდა და არც ჩვეული ენერგიულობა“, - წერს სტატიის ავტორი.
XS
SM
MD
LG