Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ოკუპანტებმა ახალგორის რაიონში 16 ქართველი გაიტაცეს


რუსი ოკუპანტები ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე
რუსი ოკუპანტები ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ ახალგორის რაიონში დაკავებული 16 ქართველის გათავისუფლების გზებს ეძებს. ქართული მხარე მომხდარს ”გატაცებად” აფასებს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ქართველებს საზღვრის უკანონოდ გადალახვასა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხაში ადანაშაულებს. თუკი გატაცებულთა გათავისუფლება დროულად ვერ მოხერხდა, ქართული მხარე საკითხს ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე წამოაყენებს. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, სწრაფი შედეგის გარანტიას ვერც უშუალო მოლაპარაკებები იძლევა.

16 ქართველის დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 26 ოქტომბერს შუადღისას გამოჩნდა. იმ დროისთვის ინფორმაცია უკვე დადასტურებული ჰქონდა ქართულ მხარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამკავებელთა წარმომავლობაც დააზუსტა:

“პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აიყვანეს ოსური მხარის წარმომადგენლებმა, მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ეს იყვნენ რუსი ოკუპანტები. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მათ გასათავისუფლებლად.”

ალექსანდრე ნალბანდოვის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას შინაარსობრივად ადასტურებს ცნობა, რომელიც დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ცნობაში ვკითხულობთ, რომ ”საქართველოს 16 მოქალაქე 25 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.” აქვე ნათქვამია, რომ ქართველები, რომლებმაც ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი დაარღვიეს და იქ ხე-ტყის უკანონო ჩეხას ეწეოდნენ”, რუსებმა ახალგორის რაიონის პროკურატურაში გადაიყვანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევი ამბობს, რომ ქართველების ახალგორის რაიონის სოფელ სალბიერის ტერიტორიაზე აიყვანეს, თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მცხოვრები ქართველები რუსებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს და, შესაბამისად, ეს ფაქტი გატაცებას უფრო ჰგავს.

ოჯახის წევრებსა და ახლობლებს იმედი აქვთ, რომ დაკავებულთა გამოშვება მალე მოხერხდება, თუმცა, როგორც გამოცდილება მოწმობს, ეს არცთუ იოლი საქმეა. მაგალითად, უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა და ჯერ ისევ ვერ მოხერხდა სოფელ ლამისყანიდან გატაცებული 6 ქართველის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი არაერთხელ გახდა განხილვის თემა ინციდენტების პრევენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და საკითხით დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არაერთხელ გამოხატეს. 6 ქართველი ცხინვალის ციხეში იხდის სასჯელს. ამ მხრივ, აღინიშნება მხოლოდ მცირე პროგრესი, რაზეც 22 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ილაპარაკა. ”აღმოჩნდა, რომ მათ მოუხსნეს კონტრაბანდის ბრალდება, მაგრამ დაუტოვეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას და ვნახავთ, უახლოეს მომავალში რა შეიძლება მოხდეს”, - აღნიშნა უტიაშვილმა.

22 ოქტომბრის ერგნეთის შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა რუსებისა და სეპარატისტული რეჟიმის დაპირება, რომ პირველი ნოემბრიდან არ ჩაკეტავენ ახალგორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს და ახალგორის რაიონის მოსახლეობას გადაადგილებას არ აუკრძალავენ. თუმცა ადამიანთა გატაცების პრევენციის მექანიზმების ამოქმედება ჯერჯერობით ვერც პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ხერხდება.

მსგავსი ბრალდებები ოსურ მხარესაც აქვს და ის, ქართულ მხარესთან ერთად, როგორც წესი, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასაც ადანაშაულებს იმაში, რომ ვერ უზრუნველყოფს ქართველების მიერ ოსების გატაცების ფაქტების აღკვეთას. ფაქტებს, რომლებსაც ოსური მხარე ოთხმხრივი შეხვედრების დროს ასახელებს, ქართული მხარისთვის, როგორც წესი, ცნობილი არ არის. ამასთან, ძირითადად სახელდება ამა თუ იმ პირის დაკავების, დაკითხვის (შესაძლოა - ცემის) და მალევე გაშვების ფაქტები.

ურთიერთბრალდებების ფონზე, ევროკავშირის მისია გამოსავალს ეძებს. მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა ერგნეთსა და დვანში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ მოუწოდა მხარეებს მეტი წინდახედულებისა და იმგვარი მექანიზმის შემუშავებისკენ, რომელიც ”ადამიანებისთვის ნაკლებად სარისკოს გახდის ადმინისტრაციული საზღვრის უნებლიეთ გადაკვეთის შემთხვევებს.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG