Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გატაცებული 16 გრემისხეველი ისევ ახალგორშია


პირობითი საზღვარი
პირობითი საზღვარი
დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის მცხოვრებნი ახალგორის მილიციის განყოფილებაში რჩებიან. ქართული მხარე მომხდარს ”გატაცებად” აფასებს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 16 ქართველს საზღვრის უკანონო გადალახვასა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, რუსი მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული 16 ქართველი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები დადგენილი არ არის. უტიაშვილის თქმით, გუშინ მათი დაკავების ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლებიც იყვნენმისულები და დააფიქსირეს, რომ 16 ადამიანი რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ”რუსები დუშეთის რაიონში იყვნენ გადმოსულები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვარიც კი არ გადაუკვეთიათ”, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

ქართული სატელევიზიო არხების და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან გატაცებული ქართველების ბედი დღეს უნდა გადამწყდარიყო. რუსული გენერალიტეტისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს ქართველების გატაცების ადგილი უნდა დაეთვალიერებინათ. თუ შემოწმების შედეგად დადგინდებოდა, რომ აღნიშნული ტერიტორია სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის, დაკავებულებს ცხინვალში გადაიყვანდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში - ქართული მხარისთვის უნდა გადაეცათ. მომხდარი ფაქტის გამო საგანგებოდ დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის მეთვალყურეებიც უნდა დასწრებოდნენ, არ შედგა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ ოტიაშვილის განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამხარეო სტრუქტურები არიან ჩართულნი.

გუშინვე იყო მცდელობა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომა გამართულიყო, მაგრამ ამ ჯგუფის წევრის, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, ოსურმა მხარემ შეხვედრა არ ისურვა.

ოსურმა მედიამ ორი დღის განმავლობაში მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელა, რომ გრემისხევის მცხოვრებნი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ახალგორის რაიონის პროკურატურას გადასცეს. მოგვიანებით, დაკავებულთა ვინაობა დასახელდა. სხვა ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებს არ გაუვრცელებიათ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ბორის ჩოჩიევი რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია რუსეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებზე მთელ პასუხისმგებლობას რუსულ სასაზღვრო ნაწილებს აკისრებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პაატა ზაქარაიას აზრით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება და სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სპეციალური ღონისძიებების გატარება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოხატავს რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციულ საზღვართან 16 ქართველის დაკავების გამო. მისია მოუწოდებს მხარეებს, აღნიშნული პრობლემა განიხილონ და მოაგვარონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფების ფარგლებში. მისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაინიშნა, არ შედგა.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია მიიჩნევს, რომ 16 ადამიანის დაკავება სერიოზულ გავლენას ახდენს სოფელ გრემისხევის ყოველდღიურ ცხოვრებაზე - ეს ინციდენტი იმ სერიოზულ პრობლემას ასახავს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსახლეობის საქმიანობას ექმნება და რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედოვნებს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები, საკითხის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად, შესაფერისი ფორმაა.
XS
SM
MD
LG