Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა


ჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ფართო საზოგადოებას სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 26 ოქტომბერს წარუდგინა. ანგარიში 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 30 ივნისამდე, რელიგიის თავისუფლების კუთხით, 198 ქვეყანაში არსებულ ვითარებას მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოცაა.
”ამ ანგარიშმა აჩვენა, თუ როგორ იცავს 198 ქვეყნის მთავრობა რელიგიის თავისუფლებას ან რა პრობლემები აქვთ მათ ამ კუთხით; ის ამხელს სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან უფლებების დარღვევის ფაქტებს და ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომელთაც ბევრი ქვეყანა და ორგანიზაცია რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ახორციელებს“, - ასე წარადგინა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ.

”რელიგიის თავისუფლება ყველა ჯანსაღი საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს ტოლერანტობისა და პატივისცემის არსებობას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის და საშუალებას აძლევს ერებს გახდნენ უფრო სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებულები”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

უვარდებიან ადამიანთა ჯგუფები იეჰოვას მოწმეების საოფისე შენობებს, აგდებენ იქ ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ამან ძალიან ინტენსიური ხასიათი მიიღო.
198 ქვეყანას შორის, სადაც რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება შეფასდა, საქართველოცაა. სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ანგარიშების ტონი აღარ არის ისეთი მკაცრი, როგორიც იყო 1997 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში, როდესაც საქართველო, მისი სიტყვებით, სავიზიტო ბარათად იყო ქცეული მთელ მსოფლიოში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ანგარიში რამდენიმე ნაწილად იყოფა. მასში ყურადღება გამახვილებულია როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ რელიგიის თავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე იმ სირთულეებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს. მართალია, აგვისტოს ომის შემდეგ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკა შედარებით შესუსტდა, მაგრამ მთავრობამ მაინც მოახერხა რამდენიმე, ძირითადად განათლებასთან დაკავშირებული, პროგრამის განხორციელება, - ვკიხულობთ ანგარიშში. მასში საკმაოდ ვრცელი ნაწილი ეთმობა საქართველოში იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციის ფაქტებს. ბექა მინდიაშვილიც ადასტურებს, რომ ამ მხრივ ვითარება 2009 წელს ისევ დაიძაბა:

”უვარდებიან ადამიანთა ჯგუფები იეჰოვას მოწმეების საოფისე შენობებს, აგდებენ იქ ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ამან ძალიან ინტენსიური ხასიათი მიიღო. თუკი 2005 წლიდან სულ დაფიქსირებული იყო 80 შემთხვევა მათი შეურაცხყოფისა, მარტო 2009 წელს ასეთი შემთხვევა უკვე 23 თუ 25-ია დაფიქსირებული.“

ასეთი ფაქტების მომრავლება, ამბობს ბექა მინდიაშვილი, იმ მიზეზითაც არის გამოწვეული, რომ სამართალდამცველი ორგანოების რეაგირება ასეთ დროს ნულის ტოლია:

”ისინი, უბრალოდ, ჩუმდებიან, როდესაც რელიგიურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ ამის გამო მას შეიძლება დაუპირისპირდეს საპატრიარქო, მართლმადიდებლური ჯგუფები ან პოლიტიკური ოპოზიცია.”
სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციების მიუხედავად, მსგავსი ფაქტები დღემდე საზოგადოებრვი წესრიგის დარღვევად და ხულიგნობად ფასდება და არა რელიგიურ დევნად. ეს ასპექტი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხსენიებულია. ანგარიშის მიხედვით, რელიგიური უმცირესობები უჩივიან ქართულ მედიასაც. მაგალითად, მუსულმანი მოსახლეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, სახალხო დამცველის ოფისის გარდა, არასოდეს არავინ მიდის მათი ღონისძიებების გასაშუქებლად.

ჩვენ აღარ გვაქვს ღია აგრესიული დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმართ, მაგრამ რომ ვთქვათ პრობლემა მოხსნილიაო, არ ვიქნებით მართლები
”ელექტრონულ მედიაში ეს თემა არის სრულიად ტაბუირებული. ჩვენ ვერ ვხვდებით რელიგიური მრავალფეროვნების გაშუქებას, ტოლერანტობის კუთხით რელიგიურობის წარმოჩენას, ხოლო ბეჭდვითი მედია სავსეა სიძულვილის გამომხატველი პუბლიკაციებით.”

რელიგიის თავისუფლების კუთხით ზოგადი სიტუაციის გამოსწორებაზე მინიშნებები ანგარიშშიც კეთდება და ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძეც ადასტურებს:

”ჩვენ აღარ გვაქვს ღია აგრესიული დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმართ, მაგრამ რომ ვთქვათ პრობლემა მოხსნილიაო, არ ვიქნებით მართლები.”

ანგარიშში შესულია ბოლნისში მცხოვრები მუსულმანი მოსახლეობის ცნობაც, რომლის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისის რაიონში 2009 წელს 22 გრანდიოზული ჯვარი აღმართეს მუსულმანთა სასაფლაოებისა და დასახლებების ახლოს. რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. ამ საკითხზე კომენტარი ელენე თევდორაძეს ვთხოვეთ:

”მე ეს პირველად მესმის და ვერ დავეთანხმები ამას, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ადგილობრივ უმცირესობებს ხელი არ შეეშალოთ და თუ სადმე საქართველოში ჯვარს დავაყენებ, არა მგონია, რომ ამან აჟიოტაჟი უნდა გამოიწვიოს.”

კიდევ ერთი თემა, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული ანგარიშში, რელიგიური გაერთიანებებისთვის კომუნისტური ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პრობლემაა. ანგარიშში წერია, რომ თბილისის ორივე სინაგოგა, ასევე მეჩეთი და კიდევ არაერთი ეკლესია კვლავ რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, მაშინ როდესაც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პრაქტიკულად ყველა თავისი საკუთრება დაიბრუნა. ბექა მინდიაშვილი ამ ფაქტსაც დისკრიმინაციად აფასებს:
”სახელმწიფომ ზუსტად იმავე პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს ამ რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რა პრინციპითაც ხელმძღვანელობს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებით, რომელსაც უნაზღაურებს საბჭოთა პერიოდში და მანამდე ჩამორთმეულ ქონებას.”

ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო საპატრიარქოს პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შარაშენიძემ, ანგარიშის დეტალურად გაუცნობლად, კომენტარისგან თავი შეიკავა.

ცალკე საკითხად არის გამოყოფილი ანგარიშში რელიგიის სწავლებისა და რელიგიური განათლების პრობლემა. რელიგიურ უმცირესობათა პროტესტს იწვევს მართლმადიდებელი მასწავლებლების მიერ, მართლმადიდებლობის გარდა, ყველა სხვა რელიგიის კრიტიკის ფაქტი. დღეს სკოლებში რელიგია ოფიციალურ საგნად არ ისწავლება, მაგრამ ეს პრობლემას ვერ ხსნის, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

სახელმწიფოს პოლიტიკა არის ის, რაც გვიწერია კონსტიტუციაში, სადაც რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ
ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით კიდევ არაერთი პრობლემა და ამ პრობლემასთან დაკავშირებული ფაქტი მოხვდა. პოზიტიურ ნაბიჯებად შეფასდა სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა, მართლმადიდებლურ ეკლესიას კი წინგადადგმულ ნაბიჯად ეთვლება ციხეებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

სახემწიფო პოლიტიკაზე საუბრისას კი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკა არ შეცვლილა:

”სახელმწიფოს პოლიტიკა არის ის, რაც გვიწერია კონსტიტუციაში, სადაც რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ.”

დაბოლოს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა, მართალია, აუმჯობესებს მუშაობას რელიგიის თავისუფლების კუთხით, მაგრამ, ამავე დროს, ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ რჩება პრივილეგირებული სტატუსის მქონედ, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, მათივე თქმით, არათანაბარ პირობებში აყენებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG