Accessibility links

ოპოზიცია პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შესწავლის ინიციატივით გამოდის


ნიკა ლალიაშვილი

ნიკა ლალიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“, პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შესასწავლად, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. გასულ კვირაში საპარლამენტო ოპოზიციამ, რუსეთის ბრალდებების გამო, უშიშროების საბჭოს მოწვევაც მოითხოვა. მოსკოველი ჩინოვნიკები კვლავ ალაპარაკდნენ, თითქოს საქართველოში, პანკისის ხეობაში, ალ–ყაიდის მებრძოლებს ამზადებენ.

ერთი გაფრენაც კი რომ გაკეთდეს ისეთი, რომელიც დაარღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, ჩათვალეთ, რომ წერტილი დაესმება ამ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის ინიციატივის თანახმად, პანკისის ხეობა პოლიტიკოსებით, დიპლომატებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს. ეს წინადადება ქრისტიან–დემოკრატებმა იმის გამო წამოაყენეს, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები საქართველოში - კერძოდ კი, პანკისის ხეობაში - დივერსიული და ტერორისტული ჯგუფების მომზადების შესახებ ალაპარაკდნენ.

2000–2001 წლებში პანკისის ხეობა, სადაც დაბანაკებული იყო ჩეჩენი მეამბოხეების რაზმები, არერთხელ გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა თუ დაბომბვის მიზეზი. მაშინ კრიზისის მოგვარება საქართველომ აშშ–ის დახმარებით შეძლო. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის, აზრით, ამჟამად არსებობს იმის საფრთხე, რომ გაზაფხულზე რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში მართლაც შემოვიდნენ მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები და ეს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმის საბაბად გამოიყენოს.

„ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, შეიქმნას სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი. ეს ჯგუფი გარკვეული პერიოდულობით მოინახულებს იმ ადგილს, რომელსაც ასახელებენ რუსეთის წარმომადგენლები, ადგილზე შეისწავლის ვითარებას და გააცნობს საერთაშორისო საზოგადოებას.“

ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, ასეთი ჯგუფის პირველი გასვლა პანკისის ხეობაში ორიოდ დღეში მოხერხდება. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნდობის ჯგუფის შეკრება გადაწყდა, ხოლო ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, გია თორთლაძე, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტთა აზრით, - მათ შორისაა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც, - რუსეთი პანკისის ხეობასა და საქართველოს ტერორისტებთან კავშირის თემას საინფორმაციო ომში იყენებს. სესიაშვილის ვარაუდით, ფონის შექმნის შემდეგ მოსკოვი შეიძლება კონკრეტულ ნაბიჯებზეც გადავიდეს და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად პროვოკაციებიც გახშირდეს. ირაკლი სესიაშვილის აზრით, „საქართველოს თავდაცვის ხაზი გამჭვირვალობაზე უნდა გადიოდეს“:

ირაკლი სესიაშვილი
„რა თქმა უნდა, ადგილებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი. სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ, რომ იქ არ შეიქმნას პროვოკაციული გარემო და, ამასთან, ჩვენ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“

საქართველოში ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რაში სჭირდება მოსკოვს პანკისის ხეობის თემის აქტუალიზება და თბილისისთვის ალ–ყაიდასთან თანამშრომლობის დაბრალება. ქრისტიან–დემოკრატთა საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი, ფიქრობს, რომ მიზანი საქართველოს სტაბილურობის დარღვევაა:

„უბრალოდ, ერთი გაფრენაც კი რომ გაკეთდეს ისეთი, რომელიც დაარღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, ჩათვალეთ, რომ წერტილი დაესმება ამ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას - საინვესტიციო გარემოზე აღარაა ლაპარაკი, გაჩერდება ყველაფერი.“

საქართველოს ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამჟამად არ არის ისეთი საერთაშორისო ვითარება, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ავანტიურის განხორციელების საშუალება მიეცეს. მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი სათანადო მომენტს დაელოდოს და შექმნილი საინფორმაციო ფონის გამოყენებას შეეცადოს.
XS
SM
MD
LG