Accessibility links

ათი წლის წინ სომხეთის პარლამენტში სისხლიანი ტრაგედია გათამაშდა


სომხეთის პარლამენტი 1999 წლის 27 ოქტომბერს

სომხეთის პარლამენტი 1999 წლის 27 ოქტომბერს

1999 წლის 27 ოქტომბერს მთელი მსოფლიო მედიის ყურადღება სომხეთზე იყო მიპყრობილი. 10 წლის წინ სომხეთის პარლამენტში შეჭრილმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სიცოცხლეს გამოასალმა რვა ადამიანი, მათ შორის - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი და პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი. თავდამსხმელები შეიპყრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა სისხლიანმა დრამამ მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მისი უსაფრთხოების ინსტიტუტები.

10 წლის წინ სომხეთის საკანონმდებლო სხდომა, რომელზეც მთავრობის საათი მიმდინარეობდა, ავტომატის სროლამ და გინებამ ჩაახშო.

ხუთი მძიმედ შეიარაღებული კაცი სროლით აიჭრა თავმჯდომარის ტრიბუნაზე, სასიკვდილოდ დაჭრა პარლამენტის სპიკერი, მთავრობის თავმჯდომარე და რამდენიმე წამყვანი სომეხი პოლიტიკოსი. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის კორესპონდენტი რუზანა ხაჩატრიანი 10 წლის წინ ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა და მსმენელებს საშინელ სანახაობაზე უამბობდა:

“შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა პრემიერ-მინისტრსა და დეპუტატებს. ჩვენ სავარძლებს ქვემოთ ვართ დამალულები, ხოლო სროლა კვლავ გრძელდება. შეიარაღებული კაცები ყვირიან, რომ ისინი ესვრიან ყველას, ვინც პარლამენტის შენობას მიუახლოვდება. ისვრიან უსაფრთხოების სამსახურის ოფისიდან. ერთ-ერთი დაჭრილი დეპუტატი გარეთ გაიყვანეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ყვირის, რომ ‘მთავრობამ ხალხს სისხლი გაუშრო’. ”

10 წლის წინ სომხეთის პარლამენტში მოწყობილი ტერორისტული აქტი ყოფილმა ჟურნალისტმა ნაირი უნანიანმა და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ განახორციელა. უნანიანი როგორც ამტკიცებდა, ამ გადაწყვეტილებამდე ის “ხალხის მძიმე მდგომარეობამ” მიიყვანა. სასამართლო პროცესის დროს უნანიანმა განაცხადა, რომ პრემიერ სარგისიანის მოკვლით მან ხელი შეუწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და მაშინდელი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის, პოზიციის გაძლიერებას.

თუმცა გამოძიებამ ვერ მოჰფინა ნათელი კითხვას, თუ როგორ მოახერხა ყოფილმა ჟურნალისტმა მოეპოვებინა სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიის აკრედიტაცია, შემდეგ კი იარაღითა და აღჭურვილობით პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეეღწიაო, -ამბობს რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის თანამშრომელი კარინე კალანტარიანი, რომელიც უნანიანის სასამართლო პროცესს აშუქებდა.

“წინასწარმა გამოძიებამ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, და სასამართლო პროცესმა, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თითქმის იგივე დაადასტურა - ცოტა რამ თუ გამოააშკარავა იმაზე ახალი, რაც ტერორისტული თავდასხმის დღეებშიც იყო ცნობილი. ეჭვები, რომ ტერორისტული თავდასხმა შესაძლოა ორგანიზებული ყოფილიყო, ვერ იქნა გაფანტული.”

ისტორიული ფაქტის ერთმნიშვნელოვანი შეფასება ყოველთვის რთულია, მაგრამ პოსტსაბჭოთა სომხეთისათვის 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერორისტული აქტი შემობრუნების წერტილად იქცა. ჟურნალისტ უნანიანისა და მისი მომხრეების მიერ საკანონმდებლო ორგანოში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ შეაჩერა ახლად წარმოჩენილი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და პოლიტიკური პროცესების წარმმართველად აქცია პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელმაც თავის ხელში დიდ ძალაუფლებას მოუყარა თავი. მალევე დაიხურა სომხეთის წამყვანი დამოუკიდებელი ტელეარხი. პოლიტიკური პარტიები დასუსტდნენ მათი არარელევანტურობის გამო. ჟურნალისტი ანა ისრაელიანი ფიქრობს, რომ 1999 წლის 27 ოქტომბერი სომხეთში ავტორიტარული მმართველობის დასაწყისად იქცა. სომხეთის პარლამენტში 10 წლის წინათ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა დიდი ხნით შეაფერხა მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარებაც. ნიშანდობლივია, რომ ვიდრე მოკლავდნენ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს შეხვდა სტროუბ ტალბოტს, რომელთანაც კონფლიქტის დარეგულირების საგზაო რუკაზე ჰქონდა საუბარი.
XS
SM
MD
LG