Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 27 ოქტომბერი 2009


”24 საათი” ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მეათე სხდომას აშუქებს. ”გუშინდელი სხდომის შედეგებზე ”24 საათს” გიორგი ბარამიძე ესაუბრა. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, აქტუალურ საკითხთა შორის სხდომაზე ევროკავშირის მისიის როლი განიხილეს. ქართულმა მხარემ წარადგინა თავისი ხედვა, თუ როგორ ესახება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერება. ბარამიძის განმარტებით, აუცილებელია ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება, მისიამ უნდა შეაღწიოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ზოლს მიღმა. ”ამასთანავე, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები. უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნება”, - განუცხადებია ”24 საათისთვის” სახელმწიფო მინისტრს.

”რეზონანსი” სავარაუდო საარჩევნო რეფორმის პროცესის დეტალების გარკვევას ცდილობს. ”ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის განხორციელება იმით სურს, რომ თბილისში მერის პირდაპირი წესით არჩევნებისას ბარიერი საერთოდ არ იყოს. ამასთან, ძალაშია თბილისის საკრებულოს არჩევა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი. კორესპონდენტს პროცესის მონაწილე, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, მამუკა კაციტაძე განუმარტავს: ”როგორი იქნება საარჩევნო სისტემა, ამაზე ჯერ საბოლოო პასუხი არ გვაქვს. მე არ მინდა წინასწარ გავახმოვანო ის შეთავაზებები, რაც იყო ჩვენი მხრიდან ან ჩვენი ოპონენტების მხრიდან. შეიძლება სამუშაო პროცესში სხვადასხვა ვარიანტი იყოს განხილული და გეტყვით, რომ მათ შორის, ესეც. ეს კი განპირობებულია იმით, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც უცხოელების მხრიდან არის, არის ის, რომ თითოეული მანდატის ფასი იყოს ერთი და იგივე, ანუ თანაბარ უბნებად და მაჟორიტარულ ოლქებად იყოს დაყოფილი. ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. აქამდე როგორ მივალთ და რამდენი იქნება, ამას უკვე დრო გვიჩვენებს”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე, რომლის თქმითაც, განხილვის ფაზაშია ბარიერის საკითხიც და ოპოზიცია არ ემხრობა მერის არჩევნებისას არც უბარიერო და არც დაბალი ბარიერის პრინციპს.

”ახალი თაობა” გოგა ხაინდრავას კონსტანტინე გამსახურდიას გადაწყვეტილების შეფასებას სთხოვს: ”არანაირად არ შევაფასებ. ეს შეაფასოს მისმა ამომრჩეველმა და ქართველმა საზოგადოებამ. რაც შეეხება მიღება-მიუღებლობას, მისაღები რომ ყოფილიყო, ჩვენ მაგ გადაწყვეტილებას მივიღებდით”, - ამბობს გოგა ხაინდრავა. მასთან ინტერვიუ ”ახალ თაობაში” ქვეყნდება. ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში კი ავტორი წერს: ”ჩემი დარიგებისგან კოკოსაც და ძია იულონ გაგოშიძესაც (იგი ძველი და დამსახურებული ზვიადისტი ბრძანდება!) ჯვარი სწერიათ, მაგრამ, როგორც იმჟამინდელი მოვლენების მეტ-ნაკლებად მცოდნემ, შემიძლია ერთი რამ ვიწინასწარმეტყველო: მაშინდელი მოვლენების ობიექტურად შესწავლა კარგს არაფერს მოუტანს არც განსვენებული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და მისი ოჯახის ავტორიტეტს, არც ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც თავს დღემდე მართლმორწმუნე ზვიადისტად მიიჩნევს.”

”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან, რომელიც მონაწილეობდა ბაზალეთში გამართულ შეკრებაში. ეს შეკრება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავებას ეძღვნებოდა. ზაქარეიშვილი ამბობს: ”თუ ჩვენ სტრატეგიას მხოლოდ რუსული აგრესიის გამოაშკარავებაზე გავაკეთებთ და ამით დავკმაყოფილდებით, მაშინ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის აგრესიული როლის აქცენტირება და ჩვენ ვერც ხალხს დავიბრუნებთ და ვერც ტერიტორიებს; ეს პროცესი წლების განმავლობაში გაიწელება.”

”ალია” წერს, რომ თუ ხელისუფლება ზეწოლას არ შეწყვეტს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი უცხოეთის ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვს და მისი წევრები მეორედ დაადგებიან დევნილობის გზას. თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაიანი ”ალიას” შეკითხვაზე, რუსეთში წავა თუ არა თეატრი, თავშესაფრის შეთავაზების შემთხვევაში, ჯაიანი უარყოფით პასუხს იძლევა. ”ბაღაფშმა რომ შემოგითვალოთ, სოხუმში ჩამოდითო, მაშინ რას იზამთ?” - ჩაეძია ჟურნალისტი ჯაიანს: ”მაინტერესებს სოხუმის მთავრობა რას იზამს. ეს საოცრად კარგი შეკითხვაა, მაგრამ იცით, რა? მოდი, აქ დავსვათ სამი წერტილი”, - პასუხობს დიმიტრი ჯაიანი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG