Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო არაზაშვილი - ტელეწამყვანი


27 სექტემბერი, კვირა
- მამაააა, გილოცავ ჯვართამაღლებას და დაბადების დღეს!!! დღეს რაღაც მომენტში სათვალეების მაღაზიაში დავთქვათ შეხვედრა და ახალი საკითხავი სათვალე ჩემზეა, იცოდე! მოკლედ, ბავშვებს ტაძრიდან რომ მოიყვან, დამირეკეეეეე, კარგიიიიი? გელოდები.
ღამის მონტაჟის შემდეგ გამოთაყვანებული დავეშვი ჩემს სართულზე და დილის მზეს თვალი რომ არ მოეჭრა, მოჭუტული შევედი ჩემს ოთახში, ჟალუზი ჩავხურე და... ზღვის გოჭები!.. ხომ დავპირდი, ზღვის გოჭებს განახებთ-მეთქი. კიდევ რა მაქვს დღეს მოსასწრები?
ჩავხედე ჩემს სამუშაო კალენდარს და აღმოვაჩინე, რომ ხვალ “დილა მშვიდობისა, საქართველო” მაყურებელს აუწყებს 17 ამბავს საქართველოს კულტურული ცხოვრებიდან. მოვხაზე ჯერ სასიუჟეტე, მერე საკადრსინქრონე თემები. სტუმარიც შეთანხმებული მყავს. ახლა შემიძლია სამსახურიდან წავიდე. კედლის საათს რომ ავხედე, ჩვეულებისამებრ, გადავითვალე და აღმოჩნდა, რომ სამსახურში თურმე გადაბმულად 26 საათი გამიტარებია. ჩემი რეკორდის ნახევარი.
თავისუფლების დღიურები - ნინო არაზაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:21 0:00
ტინ-ტააან. მოკლე ტექსტური შეტყობინებაა:
New message - Chemoooo, cocxali xar? pirobas gadzlev, yvelafers gavaketeb, rom ase aRar daiRalo :-( Reply – Samagierod kargi gamovida, mgoni samxatvro sabcho shabat-kviris dilis proeqts damimtkicebs. mogvianebit dagirekav :-)
ეკლესიიდან რომ გამოვედი, ახლობლებს ჯვართამაღლების მისალოცი გავუგზავნე ტელეფონით. მამაჩემს შევხვდი. თვალები პატარა ბავშვივით უბრწყინავდა. იუბილარივით სიმპათიურად გამოიყურება, ახლა საჩუქარსაც მიიღებს და საღამოს ბიჭებთან ერთად აღნიშნავს. მთელი ცხოვრება სახლში ვიღებდით სტუმრებს. დედაჩემი სანაქებო კულინარული შედევრებით იწონებდა თავს. მაგრამ იმ ზალაში, სადაც 50 კაცს ერთად უქეიფია, დღეს ისევ ის დიდი ანტიკვარული ბუფეტი დგას, ისევ ის 1818 წელს ავსტრიის იმპერატორისთვის გამოთლილი როიალი, ოღონდ ამ უზარმაზარ სიძველეებთან ერთად უკვე მეხუთე წელია, ჩემი და ჩემი შვილების საწოლებია ჩაკვეხებული. საძინებლად ქცეულ სასტუმრო ოთახში, გაწიე-გამოწიე, საახალწლო სუფრას თუ ვშლით, ოჯახის ექვსივე წევრი რომ დაეტიოს. ეს არის და ეს. მოკლედ, სტუმრიანობის ტრადიციის რღვევა ჩვენს ოჯახში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ცხოვრებისეული შეცდომის ბრალია.
სათვალე მსუბუქი, ელეგანტური და ტიტანის ჩარჩოთი შევარჩიეთ. რომ ჩამოეძინება და ჩამოუსრიალდება ცხვირიდან, აღარ გაუტყდება. მამას უხარია და ახალი მინების მიღმა აშკარად უცრემლიანდება თვალები. შუა პეკინზე ერთმანეთს ვეხუტებით და ვშორდებით.
- ალიოოო, გიოოო, ეზიარე? ყოჩაღ შვილი, რა კარგი ბავშვები ხართ, მოვალ, ინგლისურიც ვიმეცადინოთ და ზღვის გოჭებზე წავიდეთ. მანამდე ბებოს მიეხმარეთ და ოთახი მოაწესრიგეთ კარგიიიიი?
არ ვიცი, სხვა როგორ, მაგრამ თუ 60 წლის მანძილზე ადამიანებს საშუალოდ 20 წელი სძინავთ, მე ლიფტის ლოდინში გავატარებ.
მე-14 სართულზე ვმუშაობ, ვცხოვრობ და მომავალში სრულიად შემთხვევით მე-14-ზე ვიცხოვრებ ჩემს სახლშიც, რომელიც ერთ წელიწადში აშენდება. მე-14 სართული უბრალო დამთხვევაა ზედმეტად ლოდინში დასაკარგი წუთებისთვის.
- ალიოო, ნიცაააა, აბა ვინ ვარ? ხო, ნინიკო ვარ, რატომ კივი? მიხვდი უკვე, რატომ გირეკავ? ფილმს ჰქვია “ზღვის გოჭები”, გოგოებსაც გადაურეკე და ბიბას უთხარი, 5 საათზე ჩაცმული დამახვედროს შენი თავი.
ჯეკ ლონდონის “Christmas Carol” ლექსიკონის თანხლებით გავარჩიეთ და ჩემი მეგობრის ბავშვებს ჩამოვუარეთ.
ზღვის გოჭები საიდუმლო აგენტებად გაუწვრთნიათ. ანიმაციამ ჩემიც და ჩაბარებული ბავშვებიც ბოლომდე ჩაითრია. ბატიბუტის ბუღში საათნახევრით თვალის მილულვა აშკარად არ მაწყენდა.
დარბაზში შუქი რომ აინთო, ჩემს ტელეფონზე უკვე 7 გამოტოვებული ზარი და 11 მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. სანამ ბავშვებს სახლებში ვარიგებდი, ფილმი გაარჩიეს. მე ყველა ზარს გამოვეხმაურე და ახალი თემები სამსახურს ვაცნობე.
ტინ-ტაააან!
New message - Mosula axal saxlshi gvepatiJeba, avidet raaa ? Reply – Shen aucileblad unda axvide! me ar vici, rom chamomedzinos, mtel sufraze shegarcxven isev, bavshvebtan minda yofna sanam tavi ar momcydeba. New message - Mashin daisvene, ramdeni dgea fexze xar. Miyvarxar.
ტრადიციულად, იმ ღამეს სამი რეპორტაჟის ტექსტები შევასწორე ტელეფონით. აქედან ერთ-ერთი სრულიად ახლიდან დავწერეთ, იმიტომ რომ არ ვარგოდა და თვალი ვერ დავხუჭე.

28 სექტემბერი, ორშაბათი
რაც უნდა საყვარელი სიმღერა დააყენო მაღვიძარაზე, ზუსტად ერთ კვირაში შეგზიზღდება, იმიტომ რომ გაღვიძებს. ამიტომაა, რომ მუსიკას წარამარა ვცვლი. მაგრამ რას ვუზამ ჩემი გადაცემის ქუდს, რომელსაც აგერ უკვე 9 წელია, ერთი და იგივე მუსიკა ადევს დილის რვის ნახევარზე. კადრებს თუ დააკვირდები, ეზოებში მზის ხელოვნური სხივი შემოდის და გვარწმუნებს, რომ მთელს საქართველოში გათენდა.
სანამ გადაცემას პირდაპირ ეთერში ვიბარებ, ბავშვებსაც ვაღვიძებ, ვაცმევ და სკოლის ავტობუსზე გვაგვიანდება.
გიორგის სკოლაში ინგლისურის წიგნების ფულს გავატან, ნატაშკას დავპირდები, რომ ახალ კედებს ვუყიდი და ვუყიდი კიდეც, რადგან დავპირდი და, თანაც, სჭირდება.
წკიპიიინ – ჩემი სამსახურის ბარათი ტაბელზე გავატარე და დავფიქსირდი. ნეტავ იმას ვინ აფიქსირებს, რომ იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე საერთოდ ვინმეს წარმოუდგენია. აბა, ნინო!!! მორჩი წუწუნს!!! კიდევ კარგი, რომ მუშაობ და თან შენს საყვარელ საქმეს აკეთებ!
- მზიააა! ხუთშაბათს კრება დავნიშნოთ, რაა, ახალ წამყვანებს საკუთარ თავებს არქივებში თუ არ შევახედეთ, ვერაფერს ისწავლიან. ჩვენც ხომ ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ. ოღონდ კრებებს არავინ გვინიშნავდა. თვითონ ჩავდიოდით და ვუყურებდით არქივს. არა უშავს, ალღოიანი და ნიჭიერი ბავშვები არიან და ჩვენზე უკეთ ისწავლიან. აი ნახააააავ.
სხვადასხვა თემაზე მოსულ ოთხ სტუმარს შევხვდი ცალ-ცალკე. საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციებს, ფავორიტ საიტებსა და ელექტრონულ ფოსტას გადავავლე თვალი და ექსკლუზივებზე დავიწყე ნადირობა. დამირეკეს კონსერვატორიიდან, ვატო კახიძისგან, ქართულ-პოლონური პროექტიდან, მოძრაობის თეატრიდან და უკვე მივხვდი, რომ თუ კიდევ ვინმე დამირეკავს, უნდა ვუთხრა, მოგვიანებით შემეხმიანეთ-მეთქი.
- ხო შოშიკოოოო, როგორ ხარ, რა ვიცი, აბა, ვარ, რაა, ჯერ ფული ვერ ვიშოვე. 7 კაცს ჩამოვურეკე, მაგრამ ნაწილ-ნაწილაც ვერ ვაგროვებ. რას წარმოვიდგენდი, რომ დაზღვევა არ ამინაზღაურებდა. სულაც არ ვნერვიულობ. ვიშოვი, ქვას გავხეთქავ და მაინც ვიშოვი.
ეს კრიზისი უკვე ყელში ამოვიდა, რაა! ვეღარც მოსწავლეებს ვამზადებ სიმღერაში, იმის გამო, რომ დასვენების დღე აღარ მაქვს. ვეღარც კონცერტებში ვმღერი, რეპეტიციების დრო არ მაქვს. კარგ დროს გამომიგზავნა ღმერთმა ეს შემოთავაზება რადიოქალაქიდან. უბრალოდ აზრზე არა ვარ, როგორ უნდა მოვასწრო. კვირაში ორჯერ თითოსაათიანი გულახდილი ინტერვიუ სტუმართან კაი დიდ მომზადებას მოითხოვს. მოკლედ, ზუსტად ორ კვირაში სრულიად გაღიმებულ-გაკრეჭილ “დილა მშვიდობისა საქართველოს” გისურვებთ ტელეეთერით შაბათ-კვირას. ღამე მშვიდობისას კი – ღამის 12-ზე რადიოტალღაზე, სამშაბათს და ხუთშაბათს. მაგარი დიაპაზონი გამოდის, არა? მთავარია, კარგად გავიღიმო, რომ ვერავინ, ვეეერააავიიინ მიხვდეს, რომ მე არც ისე გასაკრეჭად მაქვს საქმე.
- ალიოოოოო, ენანოოოო, უნდა მიშველო რააა, ორი თვით 1500 ლარი უნდა მასესხო. გიორგის ოპერაციას ვეღარ გადავდებ. ქირურგმა მითხრა, რკინებს რომ ამოვუღებთ, შეიძლება აღარ იკოჭლოსო. ხვალ დაგირეკავ, დიდი მადლობა!
ნეტავ, იცოდეს ამ ჩემი შვილის ნათლიამ, ფეხები უკან რომ მრჩება ყოველ დარეკვაზე, როცა ოჯახის რომელიმე წევრი ავად მყავს. არადა, ჩასესხება არასდროს დამიგვიანია, არასდროსსსს! მაგრამ მაინც მერიდება. იმიტომ, რომ მიყვარს, თავის ცოლიანად და შვილებიანად. ვგიჟდები, ისე მიყვარს! მიყვარს, ყოველგვარი სესხებისა და ჩასესხების გარეშე. იმიტომ, რომ დიდი ხნის მეგობრები ვართ და შვილები ერთად გავზარდეთ. ღვთისნიერი კაცია - ალალი, და სულ იმაზე ფიქრობს, როგორ მოგვესიყვარულოს. ღმერთმა მისცეს!
- უკაცრავად, მერაბი მინდოდა, ვარძუკაშვილი. გამარჯობა! ნინო არაზაშვილი გაწუხებთ. ფული ვიშოვე და ოპერაციის დღე დავნიშნოთ, რააა, თორემ მერე უარესი საგიჟეთი დამეწყება სამსახურში. პარასკევს? კი ბატონო!
გიორგის ჯერ არაფერს ვეტყვი, რომ არ ინერვიულოს. თუ ვუთხრა? მოდი, აბა, მოვსინჯავ.
- გიო, დეეეე, მოდი ფეხზე მეორე ოპერაცია გავიკეთოთ. იცი, ამბობენ, რომ ცოტა ხანში ისევ შეძლებ ფეხბურთის თამაშს. ოღონდ პირობა მომეცი, რომ გუდაურში იმ საძელე ტრასაზე აღარასდროს დაეშვები. მოკლედ, გაიზომე ის “შიპოვკები”, თოვლის ბაბუამ რომ მოგიტანა, თუ გიჭერს, ახალი გვექნება საყიდელი. მოიცააა, არ დამიკიდოოოოო, რონალდინიოს პლაკატიც იპოვე და ისევ გააკარი შენს საწოლთან, როიალის თავზე.

29 სექტემბერი, სამშაბათი
ტინ-ტააან!
New message - De, Natashka var, angarishze amomecura da mariamis telefonidan gcer. MIYVARXAR! Reply – Mec miyvarxar chemo sicocxlev da gaxsovdes, rom me shenze didi var, shenze didi guli maqvs da amitom me ufro meyvarebi yoveltvis.
New message - De, gushin mamastan, rom viyavi samsaxurshi Mamuka Glontma mitxra, erti organizaciaa da visac cignebis kitxva uyvars dzaglebs chuqnian turme. tu tveshi 3 cigns cavikitxav, ert celicadshi Labradoris lekvs machuqeben. Reply – Vaa, ra magaria, chvens bavshvobashi aseti organizacia ar iyo. Ra chkvianuri rame moufiqrebiat. Hoda, dgesve gavagrdzelot qaris cisqvilebtan mebrdzol raindze kitxva.
New message - Bolos sad davdet eg cigni? Reply – bufetze
New message - Manamde Yokos davurekav da skolis shemdeg tavis labradortan ertad gamaseirnebs ipodromzeeeeeee Reply OK :-)
Reply OK :-)
***
რა ოქრო კაცია ეს იოკო, დაუზარელი და კეთილი! მთელი ცხოვრებით შეგიძლია დაეყრდნო.
- ხო იოკო, უკვე დაგირეკააა? რა ბიჭი ხარ, ვგიჟდები! თუ ძაან გვიან არ მოვრჩი სამსახურს, აუცილებლად ავიდეთ. კარგი, გენაცვალე. მე მანამდე მოვიფიქრებ, რა ვუყიდოთ ახალსახლობაზე. გკოცნი.
ჩავდივარ ადმინისტრაციულ სართულზე და ოპერატორების ხელფასის გაზრდის საკითხს ვაყენებ. განვიხილავთ და შევეცდებით დადებითად გადავწყვიტოთო. მთელს გუნდს თავს ვუყრი ოთახში და დღევანდელ თემებს გავდივართ ერთად. დიდი ბჭობის შემდეგ პრიორიტეტები გადანაწილდა და ყველა თავის საქმეს შეუდგა.
ალექსანდრემ დაგვათვალიერებინა ფოტოები, რომლებიც პარასკევს კოჯორში გადავიღეთ, ჩვენმა სპორტის ახალმა წამყვანმა, ტატომ რომ წაგვიყვანა საქეიფოდ. ასეთი მაგარი დრო დიდი ხანია არ გვიტარებია! წითელი კვასკვასა ანგორის ზედა მეცვა, მაგრამ ამ ფოტოებში სახეზე მაინც მეტყობოდა დაღლა. ორ წელიწადში ერთხელ ერთკვირიანი შვებულება აღარ მყოფნის, თანაც აშკარად.
ჩემი ძველი მეგობარი, ვეტერანი როკერი ვალერი კოჩაროვი მესტუმრა ოფისში. ჩემი როკ-კლუბი ამ ქალაქში არავის სჭირდება, სხვა მუსიკა მინდა დავნერგო და რას მირჩევო. საღამოს ხელი დავავლე ჩემს რეპერ ძმას და მიმყავს, იმედი მაქვს, შეძლებს კლუბის ამუშავებას. პატარა კლუბია, მაგრამ მთელი გული და სული ჩაუდია. როკის ლეგენდებს პლაკატებზე მოუყარა თავი. ქვეშ იმ ფირმის გიტარები დაკიდა, რაზეც „ბითლზებს“, „დორზებს“, „ქუინებს“ და ელვის პრესლის დაუკრავთ სხვადასხვა დროს. ზოგი პირადი კოლექციიდან მოუტანია. გიტარების ნაწილი მშრალ ხიდზე უყიდია თურმე. პროფესიით მხატვარს სულ თავის ხელითა აქვს ყველაფერი მოწყობილი.
უყვარს ეს როკი, ხუმრობა ხომ არ არის 80-იან წლებში ბრიტანეთში უკრავდა! შესულია „ბითლზების“ რეპერტუარის საუკეთესო შემსრულებელთა კატალოგში. მისმა ვაჟმა ნიკუშამ ლონდონში უკვე გამოუშვა ალბომი. მამამისსაც ეპატიჟება, მაგრამ არ უნდა ამ კაცს საქართველოდან წასვლა. ანდერგრაუნდული ცხოვრება უნდა რუსთაველზე იმ სარდაფში, რომელიც თავის ხელით მოაწყო და რომელიც 9 აპრილის 10 წლისთავზე მიტინგების სერიამ გააკოტრა, პროსპექტი რომ იყო გადაკეტილი. ვინ იცის, კიდევ რამდენი იდეისა და პროტესტისათვის გადაკეტავს ქართველი ხალხი რუსთაველს, კიდევ რამდენჯერ გაკოტრდება, მაგრამ უყვარს აქაურობა. სწორედ ასეთი რუსთაველი უყვარს ამ კოჩაროვს.
აენთო ჩემი ძმა. 21 წლის ასაკში კლუბის მართვა? ყველაზე სანუკვარ ოცნებაზე მეტია, მე ამისგან გ ა ვ ა კ ე თ ე ე ე ე ბ ! ! !
არ ვიცი, დღეს რა დააძინებს!
ბავშვები დავაძინე, დედაჩემს მოვესიყვარულე და ახალსახლობაზე წავედი. მე და იოკომ დიდყურა ლუდის კათხები ვუყიდეთ საჩუქრად. ავედით. ძალიან გაუხარდათ. სწორედაც რომ ლუდს სვამდნენ, ოღონდ ჩაის ჭიქებით.

30 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს შედარებით დათბა. ნახევარი საათი მაქვს იმისთვის, რომ დედაჩემს ზამთრის ტანსაცმლის გამოწყობაში დავეხმარო. ეს ხორციანი, ლამაზი და განათლებული ქალი მთელი ცხოვრება მეხმარება, მე კი ყველაზე ნაკლებ დროს ვუთმობ მას. რას მივაღწევდი ასეთი თანგადაყოლილი დედა და ბებია რომ არ გვყოლოდა მე და ჩემს შვილებს?! დილიდან წნევა აქვს მაღალი. ვკოცნი. ისე მეჩქარება, ჰოლის გამოხვეტვას ვასწრებ მხოლოდ. რადიოში გიორგი და ბექა გველოდნენ მე და ჩემს მარჯვენა ხელს, ლიკას. ყველა საკითხი გავიარეთ.
***
ა ღ ი ა რ ე ბ ა,
ანუ მომიტევეთ ტყუილისთვის

რადიოდან სამსახურში მოვქრივართ.
ტინ-ტაან!
New message – Kvlav ver gikavshirdebi, xom kargad midis dgiurebis saqme? Anonsebi ukve trialebs. shabats chacera unda gvqondes. marina. radio Tavisuflebidan.
ვხვდები, რომ Reply-ს ნერვები არ მაქვს და პირდაპირ ვურეკავ გაგიჟებული.
- არ არსებობს, მარინა, ამ კვირაში უნდა დამეწერა? არ არსებობს, ახლა რა ვქნა? არა უშავს, თქვენ არ ინერვიულოთ. კაცს არ ახსოვს ჩემგან ღალატი და არც თქვენ არ დაგაღალატებთ. დავწერ, ყველაფერს გავაკეთებ და თქვენ საქმეს არ გაგიფუჭებთ. ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ გპირდებით რომ მოვასწრებ, უბრალოდ ბავშვი მყავს საოპერაციო და, ეტყობა, ამ საგიჟეთში სულ გადამავიწყდა.
ლიკა ყველაფერს მიხვდა. იმასაც, რომ ღამე წერაში უნდა გავათენო. მოკლედ, როგორც ხვდებით, რაც აქამდე წაიკითხეთ ყველაფერი ერთ ღამეში დაიწერა. ოღონდ არა დღეს, არამედ ხვალ ღამით დაიწერება. გიორგის ოპერაციაზე რომ ვინერვიულებ, სწორედ იმ ღამეს. საუკეთესო თავშესაქცევი საქმეა ყველაზე მტკივნეულ საკითხს რომ არ გადაჰყვეს ქალი.
თუ მოტყუებულად იგრძენით თავი, ამ გულახდილობისთვის მაპატიეთ.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ოთარ ჭილაძე გარდაცვლილა. მახსოვს, როცა დამოუკიდებლად შევეპარე ჩვენს ოჯახურ ბიბლიოთეკას, პირველად “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” წავიკითხე. ერთმანეთის გვერდით იყო ჩალაგებული ჭილაძის წიგნები და ამიტომ მივყევი მის შემოქმედებას. ნობელის პრემია ვერ ხვდა წილად, სამაგიეროდ აურაცხელი ხალხის სიყვარული. რაღაც დავაკელით ამ ჭეშმარიტ ქართველს, ისე, როგორც ყველას, ვინც მიდის იმქვეყნად და მერე გვწყდება გული. როგორც დაგვწყდება გული გურამ დოჩანაშვილზე, ოტიაზე, ჭაბუაზე... ღმერთმა 100 წელი გვიცოცხლოს! ვისაც გული აქვს, კი დაწყდება, მაგრამ ვისაც არა აქვს, რა უნდა დაწყდეს.
კინაღამ დამავიწყდა, ყოველ წელს კიდევ ერთ ჩემთვის პატივსაცემ კაცს ვულოცავ ხოლმე დაბადების დღეს. ერლომ ახვლედიანს. სხვათა შორის, არავინ იცის, რომ მონასტერში წასულა. ბერად უნდა აღიკვეცოს თურმე.
შუადღეს ფოტოსესიაზე ვიყავი კიკალასტუდიოში, ჟურნალ “ფოკუსის” საიუბილეო ნომრისთვის. წონაში დამიკლია და ქათინაურები მივიღე. სამსახურიდან ღამის პირველ საათზე შევუარე ენანოს და ფული გამოვართვი. მეც მინდა ბავშვს რამე გავუკეთო და ამის დაბრუნება არც იფიქროო, რომ მითხრა, ტვინში სისხლმა ამასხა. დავიღუპები. სხვა დროს ისევ რომ გამიჭირდეს, ვისთან მივიდე, შენთან ხომ ვეღარ მოვალ და ხომ ვეღარ მოგთხოვ-მეთქი. მოკლედ ძლივს გადავათქმევინე. დავთქვით. 20 ნოემბერს აუცილებლად დავუბრუნებ.
ფული ხელში მიჭირავს, მაშასადამე ხვალ აუცილებლად გავიკეთებთ ოპერაციას. სახლში მოვდივარ, საავადმყოფოსთვის ყველა საჭირო ნივთს ვალაგებ ჩანთაში და დედის ლოცვას ვკითხულობ. და ვიწყებ რადიო თავისუფლებისთვის დაპირებული დღიურების წერას.
ტინ-ტააან!
New massege – aba, shen ici, chemo lamazo mceralo, nakofier games gisurveb. diliT me cagiyvant saavadmkofoshi. Gkocni, sofel gordas veteqimi, sheni rajden kilasonia. Reply - :-) :-) :-)
ლეპტოპთან გავიხსენე წარსული კვირადღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და... თავი მწყდება.

2 ოქტომბერი, პარასკევი
- ალიო, დიახ, მეძინა, მაგრამ არ უშავს, გისმენთ. დიახ, ნინო გახლავართ, რა 1000 დოლარი? არასდროს არავითარი კრედიტი ამიღია და არც საკრედიტო ბარათით მისარგებლია თიბისი ბანკში. 7 წლის წინ მქონდა ზრდადი ანაბარი და წლის ბოლოს გამოვიტანე. ეს იყო და ეს. გეშლებათ რაღაც. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არვითარი კრედიტი არ მქონია თიბისი-ში. დარწმუნებული ვარ, რაღაც შეცდომაა. რაიმე პრობლემა არ ამკიდოთ, თორემ ძალიან გავბრაზდები.
წარმომიდგენია, რა დღეშია ხალხი, ვისაც მართლა კრედიტი აქვს ბანკში, და ვერ იხდის. ცხოვრება არ გინდა, ალბათ. გათენება გძულს, იცი, რომ მიწიდან ამოგთხრიან და მაინც წაგართმევენ კუთვნილს. კიდევ კარგი, ეს ჩემს თავს არ ხდება.
ნატაშკა უკვე სკოლაში წასულა. სასწრაფოდ გიორგიც გავაღვიძე და დედაჩემთან ერთად წავედით. ბავშვი თითქოს სულ არ ნერვიულობდა. ამომიღებენ ამ რკინებს და დავისვენებთ, მეც და შენცო. ანესთეზიოლოგს ველაპარაკე დიდხანს, პოსტოპერაციულთან მთელი დღე ფეხზე ვიდექი. იოკომ საიდანღაც ცხელი ყავა ამომიტანა, თორემ რას გავძლებდი, სულ ორი საათი მეძინა ღამით. საღამოს 7-ზე, როგორც იქნა, შემიშვეს. დედა, მაკოცე და მაჭამეო. ზუსტად 24 საათი არაფერი უჭამია, მაგრამ ჯერ არ შეიძლება. ამაზე მცირე რა უნდა გთხოვოს შვილმა, მაგრამ ვერ ვუკეთებ.
პალატაში რომ გადმოვიყვანეთ, ყველა გულშემატკივარი ნელ-ნელა გაიკრიფა. იოკო არ ჩქარობდა წასვლას. ტანსაცმლიანად ჩამეძინა. ის კი მთელი ღამე დაგვტრიალებდა თურმე თავს.

3 ოქტომბერი, შაბათი
ტინ-ტააან!
New message – mokled gadayevi raa am dgiurebis ceras, ramdeni xania araferi tkbili ar mogiceria :-( Reply – yavarjnebze gaiare da modi, mgoni dgesve gamogvceren :-)
სანამ გიორგის სძინავს, ლეპტოპზე ფრთხილად ვაკაკუნებ. გაიღვიძა, მსუბუქად ვასაუზმე. არადა, როგორც ყველა მოშიებული ქართველი, ხინკლებზე ოცნებობს. როგორც პირველი ოპერაციის შემდეგ, თებერვალში, პალატის აივანზე ახლაც დავყარე წიწიბურის მარცვლები, ისევ მოფრინდნენ ბეღურები და დაუწყეს კენკვა. გიორგი ინაბება და უყურებს. კიდევ კარგი, ჯერ ფეხზე ვერ დგება და ვერ ხედავს, რომ ჩვენი ფანჯრების წინ, საჩოგბურთო კორტების გვერდით, ფეხბურთის მოედანია, ბიჭებს სხვადასხვა ფერის ფორმები აცვიათ და უტევენ კარისკენ.
ტინ-ტააან!
New messege –Kvelafers mirchvnixar da arasdros dagtmob! Reply - Arasdros gagishveb xels…
XS
SM
MD
LG