Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენის მისია აფორიაქებულ მოკავშირეთა დასამშვიდებლად


ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

გასულ კვირაში ბრატისლავაში გამართულ ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივანი შეეცადა დაერწმუნებინა მოკავშირეები, რომ ალიანსის მთავარი სტრატეგიული ამოცანა კვლავ წევრი ქვეყნების თავდაცვაა. მანამდე აფორიაქებული მოკავშირეების დასამშვიდებლად ჯერ უკრაინასა და საქართველოში, მერე კი აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. მისი მთავარი სათქმელიც იგივე იყო: რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოხდება ამერიკის მოკავშირეთა უსაფრთხოების ხარჯზე.

გასულ კვირაში რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია შეშფოთება, გამოწვეული რუსეთთან ურთიერთობის ხელახალი დატვირთვის სტრატეგიით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. თუმცა ბაიდენმა გმოთქვა რწმენა, რომ მოკავშირეები “გაუგებენ და ირწმუნებენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისას”, რომელსაც, ხელახალი დატვირთვის ღილაკის ამოქმედებით, “ხელი არ დაუჭერია მეხსიერების წაშლის ღილაკისთვის.”

იყო თუ არა ბაიდენის ეს “სამშვიდობო მისია” წარმატებული? გარკვეული თვალსაზრისით, კი, - ამბობს ევგენიუს სმოლარი, ვარშავაში არსებული საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ექსპერტი.

“შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საკმაოდ მაღალი რანგის მოხელეა იმისათვის, რომ მისი სიტყვა არ ვირწმუნოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. მისი გზავნილი სანდო უნდა იყოს და იყო კიდეც სანდო, რადგან თავად ბაიდენი იმსახურებს ნდობას. ასე რომ, ვფიქრობ, მან კარგად შეასრულა ეს სამუშაო, ობამას ადმინისტრაციის სახელით.”

ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის სასწრაფო წესით მივლინება აღმოსავლეთ ევროპაში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ვაშინგტონმა შეაჩერა ევროპის ანტისარაკეტო ფარის შექმნის ჯორჯ ბუშისეული პროგრამა ჩეხეთსა და პოლონეთში. ეს გეგმა გათვალისწინებული იყო ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაკავებლად. ვინაიდან მოსკოვი სასტიკი წინააღმდეგი იყო ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისა, რამაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა სერიოზულად გაართულა,

ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ, ახალი თავდაცვითი გეგმის თანახმად, ევროპის დაცვა საზღვაო ბაზირების სტანდარტის ტიპის რაკეტებითა და მობილური სარადარო სისტემით მოხდება, თუმცა პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ეს გეგმა შეფასდა როგორც “კრემლისადმი კაპიტულაცია”.

შექმნილ ვითარებაში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს მართლაც ჰქონდა დამამშვიდებელი ეფექტი ევროპელებისათვის, ამბობს “ეკონომისტის” მიმომხილველი ედუარდ ლუკასი, ავტორი ცნობილი წიგნისა “ახალი ცივი ომი.”

“ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი განახლების დასაწყისია, მაგრამ სიტყვებზე მეტად საჭიროა ძალიან ბევრი საქმე, რათა ეს წამოწყება ბოლომდე მივიდეს.”

ლუკასი და სხვა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპელთა შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეჭვი, რომ ნატო არ იძლევა მათი ქვეყნების უსაფრთხოების მყარ გარანტიას. ბევრი ოფიციალური პირი აღმოსავლეთ ევროპაში აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც ალიანსის წევრების კოლექტიურ თავდაცვას ეხება, შესაძლოა არ ამოქმედდეს, თუკი რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებს ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. სწორედ ამით ხსნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ვაშინგტონისადმი აპელაციას სტივენ პაიფერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი:

“პოლონეთში _ და ასევე ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში _ არსებობს სერიოზული უნდობლობა მე-5 მუხლის მიმართ. ეს არის ის, რის გამოც პოლონეთი ასე მონდომებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, რათა საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ძალის განლაგებისათვის მიეღწია. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება რაკეტის გადამტაცი, სტანდარტის ტიპის ანტისარაკეტო სისტემა თუ “პეტრიოტები”. მათ სურთ, რომ იქ იყოს ამერიკული სამხედრო ძალა.”
ივლისში ევროპელმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა _ მათ შორის, ჩეხეთისა და პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა ვაცლავ ჰაველმა და ლეხ ვალენსამ _ ობამას ადმინისტრაციას მიმართეს კოლექტიური წერილით, რომელშიც საკუთარი შეშფოთება გამოხატეს. ისინი წერილში აღნიშნავდნენ, რომ ნატო უფრო სუსტია და რომ მათ არა აქვთ იმედი, რომ ალიანსი მოახერხებს მათ დაცვას მომავალი კრიზისის შემთხვევაში.

ამ მოსაზრებას გაგრძელება ჰქონდა რიგაში, სადაც 23-25 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხებზე. რიგის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა პირდაპირ განაცხადა, რომ “2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, საქართველო ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, მე-5 მუხლი არ ამოქმედდებოდა.” ჩვენ ვერ შევძლებდით მიგვეღო გადაწყვეტილება “გაგვეგზავნა ჯარები საქართველოს დასაცავადო”, _ განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა 23 ოქტომბერს რიგაში.
XS
SM
MD
LG