Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნდობის ჯგუფმა” პანკისში მოსალოდნელ პროვოკაციებზე იმსჯელა


გელა ბეჟუაშვილი
გელა ბეჟუაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან არსებულმა „ნდობის ჯგუფმა“ 28 ოქტომბერს საქართველოს საგარეო დაზვერვის, სასაზღვრო და ანტიტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს ყველა ის კითხვა დაუსვა, რაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, თითქოს პანკისის ხეობაში ალ-ყაიდას ჯგუფები შეინიშნება, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში გახშირებულ ტერაქტებს აწყობენ.

მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისმა სტრუქტურებმა სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყეს, „ნდობის ჯგუფის“ წევრები კი მონიტორინგის ჯგუფთან ერთად 29 ოქტომბერს პანკისში თავად ჩავლენ.

”ტერორისტები საქართველოში არ არიან და არავითარი საშიშროება პანკისის ხეობიდან არ არსებობს” - ეს განცხადება „ნდობის ჯგუფთან“ შეხვედრის შემდეგ მედიასთან ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა მაისურაძემ გააკეთა.

პარლამენტში მოქმედმა „ნდობის ჯგუფმა“ საგარეო დაზვერვისა და საზღვრის დაცვის სამსახურების, ასევე ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა რუსულ მედიაში რუსი მაღალჩინოსნების განცხადებების შემდეგ გადაწყვიტა. ეს განცხადებები პანკისში ალ-ყაიდას ტერორისტული ჯგუფების არსებობას ეხებოდა. ქართულ მხარეს ეს ამბავი ცუდად ენიშნა და 2001-2002 წლებში პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარებაც გაახსენდა. გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი მსგავს განცხადებებს მორიგი პროვოკაციისათვის გამოიყენებს.

”ნდობის ჯგუფის” ერთ-ერთ წევრს, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს გიორგი თარგამაძეს აინტერესებდა, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხის გარშემო შესაბამისი სტრუქტურები, რამდენად კარგად არის მომზადებული ამ ტიპის გამოწვევებისათვის ანტიტერორისტული სამსახური, როგორ იცავს საზღვარს სასაზღვრო პოლიცია და თუ არსებობს პრობლემა რომელიმე სასაზღვრო მონაკვეთში:

”საქართველოსთვის ძალიან საშიში საინფორმაციო პროპაგანდა უკვე დაწყებულია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას და ურთიერთობების გართულებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან დასავლეთში, რადგან ალ-ყაიდასთან თუნდაც რაიმე სახის ურთიერთობის ბრალდება სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს საქართველოსათვის და შეიძლება თოვლის დნობის შემდეგ რუსების მიერ მართული 50-კაციანი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდეს,რაც გახდეს საბაბი რუსეთის მხრიდან, როგორც მინიმუმ, პრევენტული დარტყმების განსახორციელებლად.”
”ნდობის ჯგუფის” კიდევ ერთი წევრი, პარლამენტარი გია თორთლაძე, ბოლო წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ამბობს, რომ რუსულ მედიაში გაჟღერებულ მსგავს განცხადებებს, როგორც წესი, რუსეთის მიერვე დაგეგმილი პროვოკაციები მოჰყვება ხოლმე:

” როდესაც ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტულ ჯგუფებს, რომ საქართველოში უკვე იმყოფებიან ტერორისტული ჯგუფები, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხრიდან პანკისსა თუ სხვა ხეობაში გადმოვიდნენ მათივე მიერ მომზადებული ტერორისტები და მოახდინონ აპელირება იმაზე, რომ თითქოს აქ მართლაც არიან ტერორისტები.”

საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი

ამბობს, რომ პანკისი ძალიან ცუდ კონტექსტში გაჟღერდა. მისი თქმით, რადგან საფრთხე რეალურია, საგარეო დაზვერვის სამსახური სასაზღვრო დეპარტამენტსა და ანტიტერორისტულ ცენტრთან ერთად, რისკების მინიმიზაციის მიზნით, სამოქმედო გეგმაზე დაიწყებს მუშაობას:

”პროვოკაციის რისკები არის. მთლიანი სასაზღვრო ზოლი წარმოადგენს საფრთხეს, რადგან გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის პროვოკაციებისათვის. ჩვენ პრევენციაზე ვიმუშავებთ და ყურადღებას გავაძლიერებთ.”

სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა გოგავამ კი განაცხადა, რომ პატრულირება სასაზღვრო ზოლის ყველა მონაკვეთზე გაძლიერდება - განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ საზღვარზე, სადაც საცალფეხო ბილიკებია და საიდანაც გადმოსვლა შესაძლებელია.

გოგავას ინფორმაციით, ტყუილია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე ტერორისტების გადაადგილების ფაქტიც:

” 2009 წლის განმავლობაში არც ერთი მსგავსი შეხვედრა არ არის დაფიქსირებული და ტყუილია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე რაღაც ჯგუფები გადადიან.“

„ნდობის ჯფუფი“ მკაცრი მონიტორინგის დაწესებას მოითხოვს და მისი წევრები მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში თავადაც ჩაერთვებიან. 29 ოქტომბერს იგეგმება პირველი ასეთი გასვლა პანკისის ხეობაში უცხოელ დიპლომატებთან, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად და მასში მონაწილეობას გიორგი თარგამაძეც მიიღებს:

”იქ ჩვენ უბრალოდ მონიშნულ ადგილას ჩასვლას არ ვაპირებთ. უცხოელ დიპლომატებს და მედიას ექნება საშუალება, რომ თავისი თვალით ნახონ იქ რა ხდება, შეაფასონ ვითარება და შეაგროვონ ინფორმაცია.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG