Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის წევრებმა გაეროს თანამშრომლები დახოცეს


გაეროს სასტუმრო ტერაქტის შემდეგ
გაეროს სასტუმრო ტერაქტის შემდეგ
ავღანეთსა და პაკისტანში თალიბანის რაზმებმა ზედიზედ თავდასხმების სერია განახორციელეს. ეს ძალადობა დაემთხვა ისლამაბადში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სამდღიან ვიზიტს, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ახალ ურთიერთობებზე მსჯელობა იგეგმება.

12 ადამიანი _ მათ შორის, გაეროს 6 უცხოელი თანამშრომელი _ დაიღუპა დღეს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელიც შეიარაღებულმა პირმა განახორციელა გაეროს ქაბულის შტაბბინაზე. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი 7 ნოემბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასაშლელად. როგორც ცნობილია, გაერო ავღანეთს არჩევნების ორგანიზებაში ეხმარება.

ქაბულის გაეროს ოფისის წარმომადგენელმა ალიმ სიდიყმა განაცხადა, რომ თავდასხმა კარგად ორგანიზებული იყო:

“სამი შეიარაღებული თავდამსხმელი _ მათ შორის, ორი თვითმკვლელი _ შეიჭრა აქ, ქაბულში მდებარე კერძო სასტუმროში, რომელიც გაეროს თანამშრომლებისთვისაა დაქირავებული. შეიარაღებული პირი შეიჭრა სასტუმროში და გახსნა ცეცხლი.”

მეზობელ პაკისტანში კი, ქალაქ პეშავარში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, 80 ადამიანი დაიღუპა. თანაც, აფეთქება მოხდა ისლამაბადში ოფიციალური ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ჩაფრენიდან ერთი საათის შემდეგ. კლინტონი მოლაპარაკებას მართავდა თავის პაკისტანელ კოლეგასთან, შაჰ მაჰმუდ ქურეშისთან, ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე. ტერაქტის შემდეგ ქურეშიმ განაცხადა, რომ ბაზარში მომხდარი სისხლიანი ტერაქტი ეს არის კუთხეში მიმწყვდეულ თალიბთა სასოწარკვეთილი გაბრძოლება.

“თქვენ გარბიხართ და ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ განადგურებთ სვატსა და მალაკანდში, პაკისტანის არმიის მამაცი ჯარისკაცები და ოფიცრები განადგურებენ ვაზირისტანში. თქვენ ფიქრობთ, უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმებით შეასუსტოთ ჩვენი გაბედულება. ვერ ეღირსებით, ბატონებო!”

თავის მხრივ, პაკისტანში მყოფმა ჰილარი კლინტონმა 28 ოქტომბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს იმ ადამიანების ლაჩრული ნამოქმედარი უწოდა, რომელთაც პაკისტანის მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა.

“თუ ამ თავდასხმის უკან მდგარი ადამიანები ასე დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, მაშინ, დაე, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. დაე, გამოვიდნენ პაკისტანელი ხალხის წინაშე, ამ დემოკრატიაში წარმოადგინონ საკუთარი თავი და უთხრან ხალხს, რომ გოგონები არ უნდა დადიოდნენ სკოლებში, რომ ქალები სახლებში უნდა იყვნენ გამოკეტილნი, რომ მხოლოდ მათ აქვთ რწმენა და პასუხი ყველაფერზე, ხოლო დანარჩენებმა, ყველა ჩვენგანმა, ვინც რწმენის ხალხი ვართ, არაფერი ვიცით.”

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ფიქრობს, გაგზავნოს თუ არა დამატებითი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც 2001 წლის შემდეგ საკმაოდ გააქტიურდნენ. იმავდროულად, ორ კვირაზე მეტია პეშავარის რაიონსა და პაკისტანის სხვა თემურ რაიონებში, გრძელდება ბრძოლები პაკისტანის არმიასა და თალიბანის რაზმებს შორის, რომლებიც ბევრი სისხლისმღვრელი აქტის უკან დგანან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG