Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებული ქართველები კვლავ სეპარატისტულ რეგიონში რჩებიან


ოთხშაბათს საღამოს ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვლადიმერ ჯუღელი, ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისიდან გატაცებულების სახლებში დაბრუნებას რამდენიმე საათში ვარაუდობდა. მაგრამ თავად ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის 5 მცხოვრები, ნათესავები - ხარაზიშვილები და ჯეირანაშვილები, რუსმა ჯარისკაცებმა ოსური სოფლის, ქალეთის, მიმართულებით წაიყვანეს. როგორც ჭვრინისელები ამბობენ, გატაცებულები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჩხის მოსაგროვებლად იყვნენ გასულები, როცა რუს ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებს გადააწყდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უკვე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ოსურმა საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმმა“ ოთხშაბათს საღამოსვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჭვრინისის მცხოვრებნი 26 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს დაკავებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა, რათა უახლოეს დღეებში ისინი ადმინისტრაციული სასჯელისთვის სასამართლოზე წარადგინონ. რადიო „თავისუფლებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ხარაზიშვილები და ჯეირანაშვილები ოსურ სოფლებში ხშირად გადადიოდნენ და ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ ბალთაში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, ამიტომაც მათი მორიგი გაუჩინარება ოჯახმა ჩვეულებრივ მოვლენად ჩათვალა და ორი დღის განმავლობაში პოლიციისთვის არ მიუმართავს.

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის 16 დაკავებული ქართველის გათავისუფლების საკითხზე მხარეების წარმომადგენლები დღეს მსჯელობდნენ. ქართული მხარის გარდა, შეხვედრაში ევროკავშირის დამკვირვებლები, ახალგორის ოსური ადმინისტრაციისა და რუსული სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გრემისხევის რწმუნებულმა ფირუზ თამარაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რუსული მხრიდან არის დაპირება, რომ დაკავებულებს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენო - მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა შესაბამის დოკუმენტაციას გააფორმებს.

საღამოს 10–ის ნახევრისთვის რუსული მხარის პირობა 16 დაკავებული ქართველის 7 საათისთვის გათავისუფლების თარიღის დასახელების თაობაზე შეუსრულებელი დარჩა. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა, რომ თვითონ უშედეგოდ ცდილობს ოსებთან და რუსებთან დაკავშირებას.

ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, გრემისხეველებმა დუშეთის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და ნათესავების და თანასოფლელების გათავისუფლებაში ხელისუფლებას დახმარება სთხოვეს. მათი განცხადებით დაკავებულები შეშას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამზადებდნენ.

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გადასცა.

ნოტაში ნათქვამია, რომ 2009 წლის 26 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან რუსული საოკუპაციო ჯარების, ე.წ. მესაზღვრეების, მიერ გატაცებული იქნა საქართველოს 16 მოქალაქე, რომელთაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრის" უკანონო გადალახვაში სდებენ ბრალს. გატაცებული პირები დღემდე უკანონოდ არიან დატყვევებულნი ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. "პროკურატურაში".

ზემოაღნიშნულ ფაქტს საქართველოს მხარე აფასებს როგორც საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულსა და პროვოკაციას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მკაცრ პროტესტს რუსეთის მხარის ზემოაღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით და კატეგორიულად მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს 27 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას უყენებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მათ ოსური და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG