Accessibility links

logo-print

საქართველოს გერმანიაში გერმანელი ელჩი ეყოლება


გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი

გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან დუჩიძეს მალე გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი შეცვლის. ცნობილი გერმანელი მოქანდაკე და თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ავსტრიის ბოლო იმპერატორის, კარლ პირველის, შვილიშვილია. მის კანდიდატურას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე პარლამენტის უახლოეს სესიაზე განიხილავენ.

გაბრიელა ფონ ჰაბსბურგ ლოტრინგენი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს და სამხატვრო აკადემიაში მოღვაწეობს. საქართველოს მოქალაქეობა მან ორი წლის წინ, 2007 წელს, მიიღო. ავსტრიის ბოლო იმპერატორის, კარლ პირველის, შვილიშვილი თავის და-ძმებს შორის ერთადერთია, ვინც სამოქალაქო ქორწინებაში იყო არაარისტოკრატიული წრის ადამიანთან. საქართველოს პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ახლახან წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე და კომიტეტებში. საბოლოოდ კი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის კანდიდატურას პარლამენტის უახლოეს სესიაზე უყრიან კენჭს. თავად ელჩობის კანდიდატი არ გახლავთ დიპლომატი, არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას. მაშ, რა ნიშნით შეირჩა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე მისი კანდიდატურა? - ამ კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი ია მახარაშვილი განმარტავს, რომ საქართველო ამ ქალბატონისგან ბევრს ელის, და მისი წარდგენის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

”მისი მოღვაწეობა იქნება მხოლოდ დადებითი და ქვეყნისთვის სასარგებლო, რამდენადაც ეს ქალბატონი არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა მეგობრობით საქართველოს მიმართ. აქვს არაჩვეულებრივი კონტაქტები გერმანიაში და მისი ოჯახი ძალიან დიდი რეპუტაციით სარგებლობს გერმანიის პოლიტიკურ წრეებში. და, რაც მთავარია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და, ზოგადად, არ არის სავალდებულო, კარიერული დიპლომატი იყოს ამ პოსტზე.”

მის კონტაქტებსა და საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის მეგობარი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი გიგა ლაპიაშვილი.

გიგა ლაპიაშვილი გვეუბნება, რომ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი იყო ერთ-ერთი, ვინც 2008 წლის ომის დროს მიუნხენში ქართველთა აქცია მოაწყო. გარდა ამისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მის ნათესავებს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ, რაც შეიძლება მხოლოდ წაადგეს საქართველოს მისი ელჩად ყოფნის პერიოდში. სხვა ინტერესი, გარდა საქართველოს სიყვარულისა, ამბობს გიგა ლაპიაშვილი, მას არ ამოძრავებს:

”მისი კონტაქტების მქონე ადამიანს ძალიან იოლად შეუძლია გააკეთოს რაიმე კარგი საქართველოსთვის. მას თანამდებობები და სკამები ნამდვილად არ სჭირდება. ერთადერთ პარტიას ეკუთვნის, რომელსაც საქართველოს მოყვარულთა პარტია ჰქვია და რეალურად რომ არსებობდეს ასეთი, მისი პრეზიდენტი იქნებოდა.”

სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და საქართველოს მომავალი ელჩი გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას ორი წლის განმავლობაში, შემდეგ მან სწავლა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. 2001 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორია. მოწყობილი აქვს არაერთი გამოფენა მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნებში. ინტერნსიურად სწავლობს ქართულს. თუმცა არისტოკრატიული წარმოშობის ქალბატონის წარდგენამ გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე საზოგადოების ერთ ნაწილში გარკვეული სკეპტიციზმი მაინც გააჩინა. და არა იმიტომ, რომ მას დიპლომატიური სკოლა გავლილი არა აქვს. პოლიტოლოგი ლაშა ბაქარაძე ამბობს, რომ მართლაც არ არის საჭირო მაინცდამაინც საკადრო დიპლომატი დაინიშნოს რომელიმე ქვეყნის ელჩად, და ლათინური ამერიკის მაგალითი მოჰყავს, სადაც არადიპლომატიური წარსულისა და გამოცდილების ადამიანები ინიშნებიან ელჩებად. მაგრამ ისინი რეალურად ქვეყნის წარმომადგენლები, მისი მოქალაქეები არიან. ამ შემთხვევაში კი, საქართველოს მოქალაქის ფორმალურად მინიჭებული სტატუსი მომავალი ელჩისათვის არასაკმარისია და, ლაშა ბაქრაძის აზრით, ამან, შესაძლოა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კი ღიმილი გამოიწვიოს:

”მე ვფიქრობ, ქალბატონ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის დანიშვნა ელჩად, რომელმაც ორი წლის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ცოტა არ იყოს, უხერხულია. ის, რომ არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელია, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის და, მე მგონია, ამ ამბავს გერმანელები ღიმილით შეხედავენ.”

ექსპერტის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში არჩილ გეგეშიძის აზრით, ელჩის შეცვლის მთავარი მოტივი ამ ქალბატონის სავარაუდო შესაძლებლობები, გერმანიის მთავრობაზე მისი გავლენაა. თუმცა გეგეშიძე იმასაც ამბობს, რომ ყოფილი ელჩის მუშაობით ხელისუფლება კმაყოფილი არ იყო:

”გერმანია არ არის მეორეხარისხოვანი ქვეყანა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნატოს და სხვა საკითხებში ისე არ გვიჭერს მხარს, როგორც გვინდა. ის არის უდიდესი ქვეყანა, უზარმაზარი რესურსების, რომელთა გამოყენება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილმა ელჩმა, როგორც ჩანს, ვერ შეძლო.”

რადიო თავისუფლება შეეცადა რამდენიმე კითხვით თავად ელჩობის კანდიდატისათვის მიემართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი ამჟამად გერმანიაში იმყოფება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG