Accessibility links

ჰელოუინი - მასკარადი თუ სატანური ორგია?


“ჯეკის ფარანი” - ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი

“ჯეკის ფარანი” - ჰელოუინის მთავარი ატრიბუტი

თბილისის მერიის წინ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტური კავშირებისა და მოსწავლეთა კავშირის ალიანსის ”ძალა ერთობაშია” წარმომადგენლებმა მცირე აქცია გამართეს და ახალგაზრდებს მოუწოდეს თავი შეიკავონ ჰელოუინის ზეიმში მონაწილეობისაგან, რადგან ის სატანისტურ ხასიათს ატარებს. აქციას წინ უძღოდა საპატრიარქოს ოფიციალური მიმართვა, რომელიც ახალგაზრდობას მოუწოდებს ბრმად არ აჰყვნენ უცხოურ მოდას.

“ჯეკის ფარანი”, ანუ გოგრისგან დამზადებული ადამიანის მანათობელი თავის ფორმა. ალბათ, მიხვდით, რაზეც არის საუბარი. ეს ჰელოუინის მთავარი ატრიბუტია, კელტების წარმართული დღესასწაულისა, რომელიც 31 ოქტომბრიდან პირველი ნოემბრის ღამეს აღინიშნება და რომელსაც - მართალია, არა ისე მასშტაბურად, როგორც ამერიკასა და ევროპაში - უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც აღნიშნავენ. ორიოდე დღის წინ საპატრიარქომ ოფიციალურად მიმართა საზოგადოებას, ბრმად არ აჰყვნენ უცხოურ მოდას:

”ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდური დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.”

საპატრიარქოს მოწოდებას 29 ოქტომბერს გამოეხმაურნენ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტური კავშირებისა და მოსწავლეთა კავშირის ალიანსის ”ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები და ახალგაზრდებს მოუწოდეს არ მიიღონ მონაწილეობა ჰელოუინის ზეიმში, რომელიც, მათივე განცხადებით, 31 ოქტომბერს ვარდების რევოლუციის მოედნიდან დაიწყება, საზეიმო მსვლელობა 5 კილომეტრს გასტანს და, ბოლოს, „გურუ კლუბში“ დასრულდება. როგორც რადიო თავისუფლებას „გურუ კლუბში“ განუმარტეს, გაიმართება მხოლოდ მასკარადი, რომელიც ჰელოუინს არ უკავშირდება:

ალიანსის ”ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი ავთანდილ ზუმბაძე სატანისტურს უწოდებს აღნიშნულ ტრადიციას და ალიანსის სხვა წევრებთან ერთად მოითხოვს მერიამ აღკვეთოს მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რადგან ისინი შეურაცხყოფენ მართლმადიდებლურ ტრადიციებს.

როგორც რადიო თავისუფლებას მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, მერიისთვის არც ერთ ორგანიზაციას და კომპანიას არ მიუმართავს ღონისძიების ჩატარების ნებართვის მოთხოვნით. აქვე განმარტეს, რომ ოფიციალური განცხადებით მერიას იმ შემთხვევაში მიმართავს ორგანიზაცია, როდესაც ღონისძიების მასშტაბები ქუჩის გადაკეტვას მოითხოვს.

ზუსტად ერთი წლის წინ, 31 ოქტომბერს, ერეკლეს ქუჩაზე ჰელოუინის აღნიშვნა დარბევით დასრულდა. როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კომპანია „ადრენალინ ჯის“ წარმომადგენელმა ნიკა ელოშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ღამის პირველ საათზე ერეკლეს ქუჩაზე შეიჭრნენ უცხო პირები, დაამტვრიეს ტექნიკა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ღონისძიების მონაწილეებს. მისივე თქმით, არანაირი სატანური მიზნები ამ ღონისძიების ავტორებს და მის მონაწილეებს არ ამოძრავებდათ.

შარშანდელ ჰელოუინზე მომხდარ ინციდენტს სპეციალური ფილმი მიუძღვნა თავისუფალმა არტისტმა ნიკა ლუტიძემ. მისი თქმით, დღემდე გამოუძიებელი დარჩა, თუ ვინ დაარბია მაშინდელი ღონისძიება და აღნიშნული დარბევის არც ერთი მონაწილე არ დასჯილა. ის ფილმის ჩვენებას უახლოეს მომავალში კავკასიურ სახლში გეგმავს.

გართობის ერთ-ერთ ფორმას უწოდებს ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნას კულტურის მცოდნე გიორგი მაისურაძე და აცხადებს, რომ მას არაფერი საერთო არა აქვს სატანიზმთან:

”ეს ჩვეულებრივი კარნავალი და გართობაა. ამას არაფერი საერთო არა აქვს სატანასთან და, რაც მთავარია, არაფერი საერთო არა აქვს რელიგიასთან. ეს არის სტილიზებული კარნავალი და გართობა.”

უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტური კავშირებისა და მოსწავლეთა კავშირის ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, წლევანდელი ჰელოუინის ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკის საელჩოს დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილება ”საერთაშორისო განათლებისათვის”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „რუსთავი ორი“. თუმცა ამერიკის საელჩოს პრეს-სამსახურის, სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და „რუსთავი ორის“ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული ღონისძიების შესახებ.
XS
SM
MD
LG