Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 ოქტომბერი 2009


დღევანდელი გაზეთები კვლავ ბევრს წერენ თეა თუთბერიძის ირგვლიც აგორებულ სკანდალზე. „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „ოპერაცია ‘თეა’, ანუ ‘გიჟი თავისუფალია’ “.

„რეზონანსი“ კი თეა თუთბერიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტი მას ეკითხება, ფიქრობს თუ არა, რომ პატრიარქი რუსეთის აგენტია, ათეისტია თუ არა თეა და ეშინია თუ არა, რომ საპატრიარქო მას ანათემას გადასცემს. „მე ესენი არ მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლები არიან. ამათ თუ მართლმადიდებლები ჰქვიათ, მაშინ მე რომის პაპი ვყოფილვარ“, - პასუხობს თეა თუთბერიძე.

„რეზონანსში“ ასევე ნახავთ ინტერვიუს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის განყოფილების კოორდინატორ კოტე ოთხმეზურთან, რომელიც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ახალ კონფიგურაციაზე ლაპარაკობს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სარეკომენდაციო დოკუმენტებში ხაზგასმითაა ნათქვამი: ნუ შექმნით, არაადეკვატურ, ცრუ მოლოდინებს, - ეს კონტრპროდუქტიულიაო. კოტე ოთხზმეზური ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ქართველი ჩინოვნიკები 2006 წელსაც აცხადებდნენ, რომ მაპს იმავე წელს მივიღებდით, 2008 წელს კი ნატოს წევრები გავხდებოდით.“

„ვერსიის“ პირველ გვერდზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ნახავთ და ასევე სპეკულაციებს მათ მომავალთან დაკავშირებით. „პაატა დავითაია პოლიტიკიდან მიდის?“ - კითხულობს გაზეთი. კონსტანტინე გამსახურდიაზე წერია, ვიცე-სპიკერი ხდებაო, კობა დავითაშვილის ფოტოს კი ასეთი მინაწერი ახლავს: „მეც შევალ პარლამენტში, ოღონდ ერთი პირობით.“

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, კობა დავითაშვილის ერთი პირობა მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა.

„ახალ თაობაში“ ნახავთ სტატიას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისათვის მებრძოლთა შესახებ. ხაჯიმბაც და ბუტბაც დიდ იმედებს ამყარებენ გუდაუთაზე, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ გუდაუთელებს ბაღაფშის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მართალია, ბაღაფშმა უკვე დაამტკიცა, რომ პროქართული ორიენტაციისა არ არის, მაგრამ გუდაუთას ის მაინც არ უყვარსო, - წერს „ახალი თაობა“.

დაბოლოს, „24 საათში“ ნახავთ თბილისში მიმდინარე ჯაზ-ფესტივალის მიმოხილვას. „ფესტივალმა პირველი სასწაული მოახდინა: მსმენელი ჯაზის ორი გენიოსის - მარკუს მილერისა და ჯეიმს კარტერის - ბენდის მიერ შესრულებული მუსიკის რიტმებში გაეხვია. ეს ყველაფერი ორწლიან ლოდინად ნამდვილად ღირდაო“, - წერს ავტორი და განაგრძობს: „ბენდის თითოეული წვერი ინსტრუმენტს შენს თვალწინ ისე ათვინიერებს, რომ, უბრალოდ, ვერ ხვდები, სად გადის ზღვარი რეალობასა და ზღაპარს შორისო“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG