Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისგან მომავალი საფრთხე, ტერორისტებთან თანამშრომლობაში საქართველოს დადანაშაულების ფონზე


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა
ექსპერტები აბსოლუტურად ამართლებენ იმ ფაქტს, რომ საქართველომ უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთის ბრალდება საქართველოს სპეცსამსახურების ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ და 29 ოქტომბერს პანკისის ხეობაში ვითარების შესასწავლად უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები მიიწვია. რამდენად შესწევს ძალა მსგავს აქციებს ხელი შეუშალოს რუსეთის სამომავლო ზრახვებს საქართველოსთან მიმართებით და, საერთოდ, რამდენად დიდია საფრთხე, რას ემსახურება კრემლის მიერ შექმნილი ფონი - ძალების მობილიზებისა და ბრალდებების თანხლებით?

პანკისის ხეობაში ალ-ყაიდის ნაკვალევს ვერ მიაგნო საგანგებო მონიტორინგის ჯგუფმა, რომელშიც უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან. მონიტორინგის ჯგუფს პანკისის ხეობის სოფლებში სრული სიმშვიდე დახვდა: მოსახლეობას საეჭვო არაფერი უნახავს და არც არაფერი სმენია. მით უმეტეს, არასოდეს შეუნიშნავთ ტერორისტები და იქაურებს ასეთი რამ არც კი წარმოუდგენიათ. შედეგი წინასწარვე სწორედ ასეთი იყო მოსალოდნელი. თუმცა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი 29 ოქტომბერს პანკისში მაინც ჩავიდა და ეს კრემლის მიერ 13 ოქტომბერს გახმაურებულმა ბრალდებამ განაპირობა.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა საქართველოს სპეცსამსახურები, არც მეტი და არც ნაკლები, ოსამა ბინ ლადენის მიერ მართულ, დღემდე მოუხელთებელ და მსოფლიო მასშტაბით მეტად სახიფათო ტერორისტულ ქსელთან, ალ-ყაიდასთან, თანამშრომლობაში დაადანაშაულა:

”ბოევიკების აუდიოჩანაწერები მოწმობს, რომ მათ ალ-ყაიდის ემისრებთან ერთად კონტაქტი აქვთ საქართველოს სპეცსამსახურებთან, რომელთა მონაწილეობითაც ხდება ტერორისტების მომზადება და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასროლის ორგანიზება. გარდა ამისა, ისინი მუდმივად ცდილობენ იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ფინანსების მიწოდებას მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე დივერსიული აქტების განსახორციელებლად დაღესტანში - უპირველეს ყოვლისა, ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე.”

ბორტნიკოვს თავის ამ განცხადებაში პანკისის ხეობა არ უხსენებია, თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციისა და გეოგრაფიული კონტექსტის მიხედვით, ცხადია, რომ ტერორისტების ხელშემწყობ ცენტრად ამ შემთხვევაში სწორედ პანკისი იგულისხმებოდა. რაში დასჭირდა მოსკოვს დაახლოებით 7 წლის მანძილზე ასე თუ ისე მივიწყებული თემის ახლებურად გაცოცხლება? დგას თუ არა ამ ყველაფრის უკან კრემლის გეგმა - განაახლოს ომი საქართველოსთან? იმ ვერსიის მიხედვით, რომელზეც უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ლაპარაკობს, საფრთხე გაზაფხულზე იჩენს თავს, მაშინ, როცა ”ჩრდილოკავკასიაში, სავარაუდოდ, სიტუაციის გართულებაა მოსალოდნელი”. ”ცუდი სცენარის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი შეეცადოს შეიარაღებული დაჯგუფებების, ეგრეთ წოდებული ბოევიკების, სამხრეთით გადმოდევნას, რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდებს ჩვენს ხელისუფლებას, რადგანაც ის დილემის წინაშე აღმოჩნდება”, - ვარაუდობს სესიაშვილი და იქვე განმარტავს დილემის არსსაც: ”...ან ჩვენ თვითონ გაგვანადგურებინებენ ჩვენი მტრის მტერს, რომელიც ჩვენი მეგობარი შეიძლება იყოს; ანდა ჩვენ სერიოზულად შეგველახება იმიჯი, თუ ჩვენ მათ კარებს გავუღებთ და მივცემთ თავშესაფარს.”

რუსეთისგან ფართომასშტაბიანი აგრესიის შესაძლებლობას შემოდგომა-ზამთარში არც ყველაზე პესიმისტურად განწყობილი რუსი ექსპერტები ვარაუდობენ და პაუზას ნაწილობრივ ომისთვის არახელსაყრელი კლიმატური პირობებით ხსნიან. მაგალითად, პაველ ფელგენჰაუერისთვის ომის ამ წელს განახლების ვადა სექტემბერში ამოიწურა. თუმცა, მისი აზრით, პროცესი ზაფხულში ახალი ძალით იჩენს თავს და, საბოლოოდ, რუსეთი საქართველოს არ მოეშვება მანამ, ვიდრე საქართველო, არეულობების გამო, არამიმზიდველი არ გახდება დასავლეთისთვის.

რუსეთისგან მომავალ საფრთხეს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში განიხილავს სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვიც, თუმცა განსხვავებულად. ბარნოვი აქვე შეგვახსენებს, რომ ალექსანდრ ბორტნიკოვის 13 ოქტომბრის განცხადება დროში დაემთხვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს მოსკოვში. ”ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი და რუსეთი, აი, ასე უსინდისოდ თამაშობს ჩვენი მოსახლეობით. რუსეთი აგროვებს არგუმენტებს იმისათვის, რომ მერე, გადამწყვეტ მომენტში, როცა თვითონ მოუნდება, გამოიყენოს ის, რომელიც უფრო ლამაზ არგუმენტად მოეჩვენება... და თვალში ნაცარი შეაყაროს მთელ მსოფლიოს”, - ამბობს ანდრო ბარნოვი.

ამ ლოგიკით, ადვილი წარმოსადგენია ისიც, რომ უცხოელი დიპლომატების თვალით 29 ოქტომბერს პანკისის ხეობაში დანახული სიმშვიდე არადამაჯერებელი იქნება კრემლისთვის და თუკი დასჭირდება, საქართველოს სპეცსამსახურების ალ-ყაიდასთან კავშირის თემას ის ისევ იოლად მიუბრუნდება. გააჩნია, სად და როდის დასჭირდება ეს. თუმცა ექსპერტები მაინც დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისთვის ყოველთვის საჭიროა ელჩების მიერ თავ-თავიანთ ქვეყნებში გაგზავნილი სიმართლე და, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე ფეთქებადსაშიშ საკითხს ეხება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG