Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულებს ცხინვალის სასამართლოში გაასამართლებენ


ბოლო სამი დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებული რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 21 ქართველი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დუშეთის რაიონის 16 მცხოვრების გათავისუფლების შესახებ რუსებს ქართული მხარისთვის ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის უნდა მიეწოდებინათ, მაგრამ პირობა არ შესრულდა. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი 7 საათის შემდეგ მათთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. დღეს კი მისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულები ახალგორიდან ცხინვალში გადაჰყავთ, სადაც მათი სასამართლო პროცესი გაიმართება.

დუშეთის რაიონის გრემისხევის მოსახლეობაც გვიან ღამემდე თანასოფლელთა გათავისუფლების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებას ელოდა.

ამ დრომდე გაურკვეველია ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის 5 მცხოვრების ბედი. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ისინი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, ოსურმა მხარემ კი ქართულ მხარეს მათი პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა. ოსური საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმის“ ინფორმაციით, ხარაზიშვილები და ჯეირანაშვილები 30 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე წარდგებიან და ადმინისტრაციული სასჯელის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დუშეთის რაიონიდან გატაცებული ქართველების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. მისიის განცხადებით, დუშეთის რაიონიდან გატაცებული 16 ქართველის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება კრიმინალური ხასიათის იქნება. ამის შესახებ ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული ინციდენტი უნდა გახდეს საბაბი უფრო ფართო სისტემის შესამუშავებლად, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივების საქმიანობას ხელს შეუწყობს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ გატაცებული ქართველები რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდნენ. "გუშინ გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეშისმჭრელებს ადმინისტრაციული საზღვარი ბოროტი განზრახვით არ გადაუკვეთიათ და მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება კრიმინალური ხასიათის იქნება", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG