Accessibility links

logo-print
ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის ხუთი მკვიდრი, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხუთშაბათ საღამოს გაათავისუფლეს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ჭვრინისელები გაათავისუფლეს ცხინვალში გამართული სასამართლოს შემდეგ, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ჯარიმის სახით, ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს.

ჯუღელის ინფორმაციით, გათავისუფლებულები ამ დროისთვის გორში, პოლიციის სამმართველოში, იმყოფებიან და მალე სახლებში გაუშვებენ.მისი განცხადებით, ხუთივე ნორმალურ მდგომარეობაშია და მათზე რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.

მედიისთვის პირველი კომენტარი თავად გათავისუფლებულებმაც გააკეთეს. მათი თქმით, რუსმა ჯარისკაცებმა ისინი რამდენიმე დღით სარდაფში ამყოფეს.

ქართულმა მხარემ პირობა მიიღო, რომ 16 გრემისხეველს ხვალ გაათავისუფლებენ. დღეს ისინი ახალგორის იზოლატორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება და, ჭვრინისელების მსგავსად, გრემისხეველებს, ჯარიმის სახით, ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს იმედი აქვს, რომ რუსები ამჯერად პირობას აღარ დაარღვევენ.

ქარელისა და დუშეთის რაიონებიდან მოქალაქეების გატაცების ფაქტების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ ამას მაქსიმალური სიფრთხილით და თავშეკავებით გააკეთებს, რათა არავის მიეცეს ვითარების შემდგომი ესკალაციის საშუალება.

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დუშეთის რაიონიდან გატაცებული ქართველების დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. მისიის განცხადებით, დუშეთის რაიონიდან გატაცებული 16 ქართველის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება კრიმინალური ხასიათის იქნება. ამის შესახებ ნათქვამია მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარი ინციდენტი უნდა გახდეს საბაბი უფრო ფართო სისტემის შესამუშავებლად, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივების საქმიანობას ხელს შეუწყობს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში, 16 გრემისხეველის გარდა, 6 ლამისყანისა და 2 თიღვის თემის მცხოვრები რჩება.
XS
SM
MD
LG