Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე კამათია მოსალოდნელი


ლისაბონის ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა მანიფესტაცია ბრნოში, ჩეხეთი

ლისაბონის ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა მანიფესტაცია ბრნოში, ჩეხეთი

დღეს საღამოს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იწყება. როგორც ვარაუდობენ, ეს შეხვედრა ბევრ კამათს, მაგრამ არცთუ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას მოიტანს. ჩეხეთის მიერ ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციის შეფერხების გამო, ევროკავშირის მაღალი რანგის თანამდებობებზე პირების დანიშვნა კიდევ ერთი ან ორი თვით გადაიდება. სავარაუდოდ, ასევე იმედგაცრუებას მოიტანს სამიტის მეორე მთავარი თემა - გლობალური კლიმატის შესახებ კოპენჰაგენის დეკემბრის სამიტისთვის მზადება, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან სათბურის გაზების ემისიის შესამცირებლად საჭირო თანხის განაწილებაზე.

ევროკავშირის საშემოდგომო სამიტი, როგორც ჩანს, დიდწილად უშედეგოდ დამთავრდება. კავშირის წევრ ქვეყნებს შორის რთული საკითხების ირგვლივ მიმდინარე კამათის დროს ამგვარი სამიტებისთვის ჩვეული ამაღლებული განწყობა ამჯერად, ალბათ, არ იქნება.

სავარაუდოდ, ევროკავშირში ვერ მოხერხდება კლიმატის ცვლილების თაობაზე ახალი, გლობალური შეთანხმება და ერთიანი პოზიციის შემუშავება.

ევროკავშირის მესვეურთათვის კიდევ უფრო დამთრგუნველი ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების გაჭიანურებაა. ამ ხელშეკრულებას, რომელსაც გაფართოებული ევროკავშირისთვის აუცილებელი რეფორმების წყაროდ მიიჩნევენ, ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი უშლის ხელს. ის ითხოვს მყარ გარანტიას, რომ ხელშეკრულება მისი ქვეყნიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განდევნილ გერმანელებს არ მისცემს საშუალებას საკუთრების უკან დაბრუნება მოითხოვონ. ამასთან, ევროსკეპტიკოსი სენატორების სარჩელის საფუძველზე, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ლისაბონის ხელშეკრულების ჩეხეთის კონსტიტუციასთან შესამაბისობას განიხილავს. სასამართლოს გადაწყვეტილება 3 ნოემბერს უნდა გახდეს ცნობილი.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის პრემიერ-მინისტრ ფრედერიკ რეინფელდტის მიერ სამიტის წინ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანდა, რომ ევროკავშირის მოთმინება იწურება:

„ჩეხეთის რესპუბლიკისგან რატიფიკაცია ჯერჯერობით არა გვაქვს. ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლო 17 სენატორის საჩივარს განიხილავს - და ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ხელშეკრულებას ვაცლავ კლაუსმა უნდა მოაწეროს ხელი. ამისათვის კი მან ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიასთან მიმართებით გამონაკლისის დაშვება მოითხოვა“, - თქვა რეინფელდტმა და დასძინა: „ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ამ გამონაკლისის ტექსტზე მუშაობს და ხუთშაბათის სადილზე ამის შესახებაც ვისაუბრებთო.“

ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების გაჭიანურება ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერებს საშუალება არ მიეცემათ ოფიციალური მსჯელობა გამართონ იმის შესახებ, ვინ დანიშნონ ხელშეკრულებით შექმნილ ევროკავშირის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებზე.

პრეზიდენტის თანამდებობის მიმართ ინტერესს ამჟღავნებენ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ლუქსემბურგის მოქმედი პრემიერი ჟან-კლოდ იუნკერი. მაგრამ ბრიუსელის კულუარებში ამბობენ, რომ ეს პოსტი შესაძლოა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა იან-პეტერ ბალკენენდემ დაიკავოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობას კი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დევიდ მილიბენდს უწინასწარმეტყველებენ.

სამიტის მეორე მნიშვნელოვანი - და საკამათო - საკითხი კლიმატის ცვლილებებია. ამ პროცესთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ დასახული მიზნები, როგორც ვარაუდობენ, 2020 წლამდე მსოფლიოს ყოველწლიურად 20-50 მილიარდი ევრო დაუჯდება. თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეძლებენ ამ თანხის განაწილების შესახებ შეთანხმების მიღწევას, ბლოკს გაუჭირდება კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კამპანიაში ლიდერის პოზიციის შენარჩუნება.

28 ოქტომბერს, ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გლობალურ დათმობასთან ბრძოლას „მორალური და ეთიკური“ გამოწვევა უწოდა:

„ჩვენი მორალური პასუხისმგებლობა ნათელია - და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხაზგასმით აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ, როცა კლიმატის ცვლილებებზე, სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში 2020, 2030, 2050 წლები გვაქვს ხოლმე. მაგრამ კლიმატის ცვლილება ახლა ხდება“, - განაცხადა ბაროზუმ. მისი თქმით, ის შეხვედრია „მთავრობის ლიდერებს, რომელთა ქვეყნებიც შეიძლება, უბრალოდ, გაქრნენ, ზღვის დონის აწევის გამო.“

ევროკავშირში თითქმის ყველა თანხმდება, რომ კლიმატი ბევრად უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. გლობალური დათბობისთვის ხელის შეშლის მიზნით, ევროკავშირს უნდა 2 გრადუსით შეაჩეროს ტემპერატურის მატება 1990-დან 2050 წლამდე. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, რომ მსოფლიოში სათბური გაზების ემისიამ მაქსიმალურ ზღვარს 2020 წელს მიაღწიოს, შემდეგ კი - 2050 წლისთვის - გაუტოლდეს 1990 წლის დონის, არა უმეტეს, ნახევარს.

უთანხმოების საგანს ყოველივე ამისათვის საჭირო საფასურის განაწილება წარმოადგენს. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს რეგიონს, ევროკავშირს დიდი თანხების გაღება მოუწევს გლობალური საფასურის წილის დაფარვის და ღარიბ ქვეყნებში ემისიის შესამცირებელი ზომების დაფინანსების მიზნით. მაგრამ წევრ ქვეყნებს შორის თანხებისა და დაფინანსების ფორმების შესახებ უთანხმოებაა, რომელიც, როგორც ჩანს, არც ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე გადაიჭრება.
XS
SM
MD
LG